ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი 2022 წელს მიღწეულ შედეგებს აჯამებს
10. იანვარი 2023 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი 2022 წელს მიღწეულ შედეგებს აჯამებს

2022 წელი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისისთვის საინტერესო, დატვირთული და შედეგებზე ორიენტირებული აღმოჩნდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, გასულ წელს პირველად მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენი აქტივობების ძირითადი ნაწილი ჩვეული დღის წესრიგს დაბრუნებოდა და მხოლოდ პანდემიისგან გამოწვეული კრიზისისკენ მიმართული არ ყოფილიყო. 2022 წელს ჩვენმა გუნდმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ჯამში ცხრა პროექტზე იმუშავა – მონიჭებული ნდობისთვის განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ დონორ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ პარტნიორებს.

და მაინც, რა შედეგებით დავასრულეთ 2022 წელი საქართველოს ოფისში?

1. უწყვეტი სამედიცინო განათლება, საინფორმაციო-ტექნოლოგიური გადაწყვეტები და სამედიცინო აღჭურვილობა პირველადი ჯანდაცვისთვის

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ პირველადი  ჯანდაცვა ჯანდაცვის სისტემის „კარიბჭეა“ – პაციენტს დაავადების შემდგომი განვითარების რისკისგან იცავს, ხოლო ჯანდაცვის მომდევნო რგოლებს – გადატვირთვისგან. სწორედ ამიტომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდისთვის პირველადი ჯანდაცვის მხარდაჭერასა და მის განვითარებაზე ზრუნვას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და გასულ წელსაც, ისევე როგორც ყოველთვის, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ.

IMG_9495

პროფესიული განვითარებისა  და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო ტრენინგები პირველად ჯანდაცვაში მომუშავე სამედიცინო პერსონალისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით; კიბოს პრევენციასა და ადრეულ გამოვლენაზე მიმართული საგანმანათლებლო აქტივობები, განსაკუთრებული აქცენტით პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე; 1200-მდე ოჯახის ექიმის კვალიფიკაციის ზრდაზე ზრუნვა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების უწყვეტობის და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით კოვიდპანდემიის დროს; ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების შექმნა, დანერგვა და პილოტირება სოფლის ამბულტორიებში; ონკოგინეკოლოგიური სერვისების განვითარების ხელშეწყობა რეგიონული ჰოსპიტლებისთვის შესაბამისი აპარატურის გადაცემით; აივთვითტესტირების მაჩვენებლის ხელშეწყობისთვის საჭირო კვლევის დაგეგმვა, განხორციელება და აივმკვლევრებისთვის მისი შედეგების შემდგომი გამოყენების მიზნით გაზიარება და ბოლოს, პირველად ჯანდაცვაში დისტანციური სერვისების დანერგვაზე მუშაობის დაწყება – ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდმა 2022 წელს სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით შეძლო მუშაობა.

ჯანდაცვის სექტორთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა კვლავ რჩება ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მიმდინარე წელსაც აქტიურად ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირება და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე მუშაობა, სოციალურ სერვისებზე წვდომის გაზრდა ადაპტირებული გარემოს ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენი გუნდის სამუშაო დღის წესრიგი ამ მხრივ არც 2022 წელს იყო განსხვავებული.

2020 წლიდან ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მუშაობს ფართომასშტაბიან ინიცატივაზე, რომელიც ემსახურება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში. აღნიშნული გულისხმობს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას და საოჯახო ტიპის სახლებისა და სერვისების უზრუნველყოფას დუშეთსა და მარტყოფში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რაზეც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ.

_70A3575

გარდა ამისა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა შეიძინა, გაანახლა და გასული წლის მაისში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ზრდასრული შშმ პირთა გადასაყვანად ორი საოჯახო ტიპის სახლი გადასცა. პროექტის ფარგლებში 2023 წელს კიდევ რამდენიმე სახლის შეძენა, რეაბილიტაცია და სახელმწიფოსთვის გადაცემაა დაგეგმილი.

გასულ წელს ჩვენმა ორგაზაციამ დიდი ძალისხმევა მიმართა შშმ პირთა უფლებების ადვოკატირების მიმართულებითაც და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და შშმ პირთა თემთან ერთად იმუშავა პროექტზე, რომლის შედეგებიც ხელს შეუწყობს საქართველოში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ერთობლივი პროგრამის – „ნურავის გამოვტოვებთ – პოლიტიკიდან პრაქტიკისკენ შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზიური განვითარება საქართველოში“ განხორციელებას.

პროექტის განხორციელების შედეგად ხელი უნდა შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ხარისხიანი და გენდერულად მგრძნობიარე ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტთან.

3. ფერმერთა შემოსავლების ზრდის მხარდაჭერასა და წყლის დაბინძურების აღმოფხვრისკენ მიმართული აქტივობები

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ფერმერთა შემოსავლების ზრდის მხარდაჭერა და საქართველოში წყლის ხარისხისა და რესურსების მართვის ხელშეწყობა გახლდათ ის პრიორიტეტული საკითხები, რომელზეც 2022 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით იმუშავა.

311127768_8063657450372185_5140662446703145122_n

2022 წლიდან ჩვენმა ორგანიზაციამ მუშაობა დაიწყო ორწლიან ინიციატივაზე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდის ხელშესაწყობად, ეფექტური წარმოების რესურსის, შესაბამისი ცოდნის და ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. პროექტის ფარგლებში უკვე გადავამზადეთ ფერმერები და ვეტერინარები, ასევე მონაცვლეობითი ძოვების პრაქტიკის დასანერგად შეირჩა სადემონსტრაციო ნაკვეთები.

ამჟამად მიმდინარეობას მუშაობა საქონლის მოშენებისა და კვების, ცხოველის ჯანმრთელობის მოვლის, საძოვრების მართვის არსებული პრაქტიკის შესაცვლელად უფრო მდგრადი და პროდუქტიული პრაქტიკის დანერგვის გზით. 2023 წელს დაგეგმილია გრანტების გაცემა მეცხოველეობისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად.

გარემოს დაცვის მიმართულებით ღირებული გამოცდილების დაგროვების შემდეგ, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ჩვენმა ორგანიზაციამ, ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის მხარდასაჭერის მიზნით ონის მუნიციპალიტეტში, ძალისხმევა ახალ ინიციატივაზე მიმართა. პროექტი მიზნად ისახავს წყლის დაბინძურების პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობას საქართველოში წყლის ხარისხისა და რესურსების მართვის მხარდასაჭერად, ონის მუნიციპალიტეტში ჩამდინარე წყლების მართვის ინფრასტრუქტურის მოწყობის გზით.

დონორ ორგანიზაციებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ საქართველოს განვითარებაში

ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzechAid), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პარტნიორობის მრავალ-პარტნიორული ნდობის ფონდი (UNPRDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ევროპის კავშირი (EU), სლოვაკეთის განვითარების სააგენტო – ეს იმ დონორი ორგანიზაციების ჩამონათვალია, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული პროექტების გასული წლების შედეგები და 2022 წელსაც გამოგვიცხადეს ნდობა.

_70A4013

საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობით ინიცირებული პროექტებმა შესაძლებლობა მოგვეცა გვემუშავა სისტემურ დონეზე და მონაწილეობა მიგვეღო ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში სხვადასხვა მიმართულებით.

ზემოხსენებული პროექტები ასევე ვერ განხორციელდეობოდა რომ არა ჩვენი პარტნიორების სურვილი, მზაობა და მუდმივი მხარდაჭერა. მათ შორის არიან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო; ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები; კონსალტინგი და აიტი ინოვაციები, (CITI), ააიპ „ონკოპრევენციის ცენტრი“, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) და საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“.

მუდმივი თანადგომისა და ხელშეწყობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს თბილისში – ბატონ ელჩს, პეტრ მიკისკასა და განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელს, იანა ზელინგეროვას.

„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი არა თუ ამართლებს მოლოდინებს, არამედ აჭარბებს მათ. ჩვენ ვიცით, რომ საქმე ეხება დიდ შრომასა და ძალისხმევას. თუ დავიწყებთ პირველადი ჯანდაცვიდან, ჰუმანიტარული დახმარებიდან და ონკოლოგიური დაავადებების პრევენციიდან და გავყვებით სოციალურ დაცვასა და სოფლის მეურნეობას, ვნახავთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ყველგანაა. ჩვენ მადლობას ვუხდით, როგორც ორგაზაციას, ისე მის გუნდს ამ თანამშრომლობისთვის!“განაცხადა 2022 წელს ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ.