CzechAid-ის მხარდაჭერით პირველადი ჯანდაცვისთვის ელექტრონული საინფორმაციო სისტემები ინერგება
15. ივნისი 2022 სიახლეები

CzechAid-ის მხარდაჭერით პირველადი ჯანდაცვისთვის ელექტრონული საინფორმაციო სისტემები ინერგება

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოს ჯანდაცვის სისტემას მრავალი წელია უჭერს მხარს – მუშაობს არა მხოლოდ ოჯახის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, არამედ ელექტრონული საინფორმაციო სისტემების შექმნასა და მათ დანერგვაზე პირველად ჯანდაცვაში. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ელექტრონული საინფორმაციო პროდუქტი შეიქმნა, რომელთაგან კოვიდპანდემიის მართვისათვის განკუთვნილმა ელექტრონულმა სისტემებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვაში.

წარმატებული პირველი ფაზის შემდეგ, ჩეხეთის განვითარების სააგენტომ პროექტის მეორე ფაზა დააფინანსა

2018-2020 წლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა განახორციელა პროექტის პირველი ფაზა, რომელიც მიზნად ისახავდა პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას საქართველოში. პროექტი ოჯახის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების პარალელურად, გულისხმობდა ელექტრონული ინსტრუმენტების შექმნასა და მათ დანერგვას პირველად ჯანდაცვაში კლინიკური პროცესების და ხარისხის შესაფასებლად, რომელშიც საპილოტედ ჩაერთო თბილისის მასშტაბით შერჩეული ხუთი სამედიცინო დაწესებულება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული სისტემა, რომელიც განთავსდა საპილოტე დაწესებულებების ელექტრონულ ინფრასტრუქტურაში და ჯანდაცვის სამინისტროს სერვერებზე, რამაც შესაძლებელი გახადა შემდეგი კლინიკური პროცესების შეფასება: იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებლები, ბავშვთა განვითარება, არტერიული წნევის სკრინინგი, გლუკოზის სკრინინგი, მწეველობის სტატუსის შეფასება და მეთვალყურეობა, მომსახურების უტილიზაცია და მოცვა.

IMG_9291

კონსალტინგის და აიტი ინოვაციების (CITI) მმართველი პარტნიორი, ალექსანდრე ტურძილაძე, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტში აიტიმიმართულებას ხელმძღვანელობს. მისი თქმით, პროექტის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 2020 წელს პროექტის მეორე ფაზა დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც ელექტრონულ საინფორმაციო სისტემების შექმნას კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა:

„თუმცა, პროექტის მეორე ფაზის ამოქმედების პარალელურად, მსოფლიოში კოვიდპანდემია დაიწყო, რის გამოც აქტივობების გარკვეული ნაწილი პანდემიის სამართავად დაიგეგმა“.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საინფორმაციო სისტემებმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა კოვიდპანდემიის მართვაში

პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები რამდენიმე აიტიპროდუქტის შექმნასა და დანერგვას გულისხმობდა, მათ შორის: COVID-19-ის ლაბორატორიული სისტემა (CovidLab), რომელიც სამედიცინო დაწესებულებებიდან ლაბორატორიული შედეგების შეგროვებასა და მათ მართვას უზრუნველყოფდა; კოვიდლაბორატორიის პროცესში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებსა და ლაბორატორიებს შორის ინფორმაციის მიმოსაცვლელად ორმხრივი საინტეგრაციო ძრავების შექმნა; ჯანდაცვის სექტორში ერთიანი რიგების, ტელემედიცინის და რეფერირების ელექტრონული სისტემა –  www.booking.moh.gov.ge, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა კოვიდაცრებზე წინასწარი ონლაინჯავშნების გასაკეთებლად იყენებს.

IMG_9488

ალექსანდრე ტურძილაძის თქმით, პროექტის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით და მათი  სახელმწიფო ელექტრონულ სისტემებთან ინტეგრაციის გზით, შესაძლებელი გახდა კოვიდპანდემიის ლაბორატორიული ნიმუშების და ვაქცინაციის მთელი პროცესის მართვა. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებს ჰქონდათ დროული და სარწმუნო ინფორმაცია შესაბამისი ტექნიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. გარდა ამისა, კოვიდის ლაბორატორიული სისტემის და იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემებში შეგროვილ ინფორმაციაზე დაყრნდნობით, საქართველოს მოქალაქეებს კოვიდშეზღუდვების ფონზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა მიეცათ.

მნიშვნელოვანია, რომ ვებსაიტი www.booking.moh.gov.ge არც კოვიდპანდემიის დასრულების შემდეგ კარგავს სიცოცხლისუნარიანობას. ამჟამად გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად მიმდინარეობს მუშაობა კიბოს სკრინინგის პროგრამის, სახელმწიფო ანტენატალური პროგრამისა და 0-5 წლამდე ბავშთა ზრდისა და განვითარების პროცესის მართვის შემდეგი მოდენირზაციისა და ინოვაციისათვის.

სამედიცინო დაწესებულებების შიდა საინფორმაციო სისტემები

პირველადი ჯანდაცვის რგოლში სამედიცინო ჩანაწერების გაციფრულება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

შიდა საინფორმაციო სისტემების პილოტირების პროცესი ამ ეტაპზე დუშეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლის ამბულატორიებსა და თბილისის პირველადი ჯანდაცვის რამდენიმე დაწესებულებაში მიმდინარეობს. ხსენებული აქტივობის ფარგლებში ტრენინგები ტარდება ადგილებზე და დისტანციურად. ტურძილაძე განმარტავს, რომ პილოტის დასრულების შემდეგ, მთავარი ამოცანა იქნება ამ სისტემის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემა მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოყენებისა და შემდგომი განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენმა ექსპერტებმა ასევე იმუშავეს სხვადასხვა საკანონმდებლო დოკუმენტზე, რომელთა დროული დამტკიცება გამოიწვევს ჯანდაცვის სექტორიდან ქაღალდმატარებლების სრულ ამოღებასა და პროცესების გაციფრულებას.

ჯანრთელობის ერთიანი სამედიცინო ჩანაწერების სისტემის შექმნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში

პროექტი ასევე მუშაობს პირველადი ჯანდაცვის სექტორში ჯანმრთელობის ერთიანი სამედიცინო ჩანაწერების სისტემის შექმნასა და დანერგვაზე. შედეგად შესაძლებელი გახდება სამედიცინო ინფორმაციის შეგროვება და პაციენტის თანხმობით მისი გამოყენება სხვადასხვა კლინიკის ექიმების მიერ სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის დაგეგმვისთვის:

ეს სისტემა ექიმს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება, რადგან პაციენტის თანხმობის შემთხვევაში, მას ექნება წვდომა პაციენტის მიერ მანამდე ჩატარებულ კვლევებსა და ანალიზების შედეგებზე. ეს არის ის სტანდარტი, რისკენაც მთელი მსოფლიო ისწრაფვის. პროექტის ფარგლებში გადადგმული სხვა ამბიციური ნაბიჯების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ამ სისტემის დანერგვის შემთხვევაში, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა უდიდეს ნაბიჯს გადადგამს წინ.“ – აცხადებს ალექსანდრე ტურძილაძე, კონსალტინგის და აიტი ინოვაციების (CITI) მმართველი პარტნიორი.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მხარს უჭერს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან.

ამ ეტაპზე პროექტის პილოტირება დასრულებულია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში და მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების შერჩეულ მუნიციპალიტეტებში. ამასთანავე, პროექტი აგრძელებს პირველადი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სისტემის სრულყოფას თბილისის 5 საპილოტე სამედიცინო დაწესებულებაში, რომელშიც პროექტის პირველი ფაზა მიმდინარეობდა. პროექტი მოიცავს 46 სამედიცინო დაწესებულებას, მათ შორის 142 სოფლად დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს დუშეთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან. პროექტით საბოლოოდ ისარგებლებს მთლიანად ქვეყანა, რადგან ყველა კომპონენტის შედეგი საბოლოო ჯამში გადაეცემა სამინისტროს.

სტატია მომზადებულია ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ოფიციალური დახმარების მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

Czech Development Agency - Logo (1)