შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივები წარუდგინეს
14. ნოემბერი 2022 სიახლეები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივები წარუდგინეს

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (შშმპ) ჯერ კიდევ დგანან სხვადასხვა გამოწვევის წინაშე ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების მისაწვდომობის თვალსაზრისით. საუბარია არა მხოლოდ ფიზიკურად არაადაპტირებულ გარემოზე, არამედ იმგვარ ბარიერებზე, როგორიცაა დისკრიმინაციული დამოკიდებულება და სტიგმა და ჯანდაცვის სპეციალისტების არასათანადო ცოდნა შეზღუდული შესაძლებლობის თემასთან დაკავშირებით. ამ პრობლემის საპასუხოდ, ჩვენი ორგანიზაცია ჩართულია პროექტში, რომელიც საფუძველს დაუდებს შშმ პირთათვის სამართლიანი და ინკლუზიური წვდომის უზრუნველსაყოფად ხარისხიანი და გენდერულად მგრძნობიარე ჯანდაცვის სერვისებზე.

შშმ პირები საკანონმდებლო ინიციატივებზე თავად მუშაობენ

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჯერ კიდევ დგანან უამრავი გამოწვევის წინაშე. ჩვენს ქვეყანაში იშვიათად შეხვდებით ადაპტირებულ გარემოს, რომელშიც ეტლით მოსარგებლე პირი დამოუკიდებლად შეძლებს გადაადილებას. ფიზიკური ბარიერების გარდა, შშმ პირები ხშირად აწყდებიან სტიგმასა და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას საზოგადოების, მათ შორის, მედპერსონალის მხრიდანაც.

IMG_9447

ამ პრობლემის საპასუხოდ, 2022 წლიდან ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი მუშაობენ ერთობლივ ინიციატივაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ერთობლივი პროგრამის – „ნურავის გამოვტოვებთ – პოლიტიკიდან პრაქტიკისკენ შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზიური განვითარება საქართველოში“ განხორციელებას. პროექტის მიზანია საფუძველი დაუდოს სამართლიანი და ინკლუზიური წვდომის უზრუნველსაყოფას ხარისხიანი და გენდერულად მგრძნობიარე ჯანდაცვის სერვისებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომელიც შესაბამისობაში იქნება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტთან.

ინიციატივის ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს, როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენლებთან, ისე თავად შშმ პირთა თემთან და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად.

„შეზღუდული შესაძლებლობები და ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ – წლის შემაჯამებელი შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში შედგა

„შეზღუდული შესაძლებლობები და ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ – მიმდინარე წლის ნოემბერში სამუშაო შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში შედგა. ღონისძიებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა საქართველოს პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო ინიციატივები გააცნეს და მათ ამ ინიციატივების შესაბამის კანონებში გათვალისწინების თხოვნით მიმართეს.

IMG_9533

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრს რატი იონათამიშვილს მიაჩნია, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოს საკანონმდებლო ბაზიდან იმ დისკრიმინაციული ტერმინების აღმოფხვრა, რომლებიც შშმ პირთა სტიგმატიზირებას იწვევს:

„როდესაც ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ, ჩვენ ახალი რეალობის წინაშე დავდექით და აუცილებელი გახდა მისი გაეროს კონვენციასთან დაახლოება. მე ვფიქრობ, რომ კანონი არა მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულებას, არამედ მთლიანად საკანონმდებლო სივრცეს უნდა შეეხოს. ეს არის რეალური შესაძლებლობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც.“

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე კი აღნიშნავს, რომ საუბარია 20-22 წლის წინ მიღებულ კანონებზე, რომლებიც დღევანდელ გამოწვევებს შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით, ვერ პასუხობს. მისი თქმით, მათ ესაჭიროება დახვეწა და მეტი კონკრეტიზაცია, რათა თითოეულ მათგანში გათვალისწინებული იყოს შშმ პირთა უფლებები.

გარდა სტიგმასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, შშმ პირები ხშირად აწყდებიან პრობლემებს სამედიცინო დაწესებულის ფიზიკურ მისაწვდომობსთან დაკავშირებითაც. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ლიანა ჭუმბურიძე განმარტავს, რომ ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრომ მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და შესაბამისი მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს:

„მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულის ფიზიკური ადაპტაცია, რაზეც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ მუშაობა. რეგულირების სააგენტო მუშაობს ამაზე, შემოგვაქვს ახალი რეგულაციები სამედიცინო აღჭურვილობასთან დაკავშირებით, რათა შშმ პირებს ნაკლები ბარიერი შეხვდეთ ამ მიმართულებით.“

IMG_9380

პროექტი მიმართულია საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, საქართველოს კანონმდებლობაში კვლავ რჩება ხარვეზები, რომლებსაც სჭირდება საერთაშორისო გამოცდილებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მოდელთან ჰარმონიზაცია.

ჩეხეთი რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი, თამარ კურტანიძე აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და მათი პრაქტიკაში დანერგვა ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვისათვის. აღნიშნულზე ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო შშმ პირთა წარმომადგენლობასთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად.

2022 წელს UNFPA საქართველოს ოფისმა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდმა იმუშავა შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზზე და საქართველოს პარლამენტს მიაწოდა რეკომენდაციები საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე ჯანდაცვის სფეროში, რომელიც შესაბამისობაშია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროექტის გუნდი, მათ შორის, წარმოდგენილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებით, რომელთაც აქვთ ექსპერტული ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ. საკანონმდებლო ინიციატივები შეეხო კანონს პაციენტის უფლებების შესახებ, კანონს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ და კანონს სამედიცინო საქმიანობის შესახებ.

პროექტს აფინანსებს გაეროს მულტიპარტნიორული ფონდი შშმ პირთა უფლებებისთვის.

IMG_9413

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი შშმ პირების უფლებების დასაცავად წლებია მუშაობს

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი წლებია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მხარდასაჭერად, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათთვის ხარისხიანი ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების უზრუნველსაყოფად. სხვადასხვა დონორული დაფინანსების ფარგლებში, ჩვენი ინტერვენციები დაკავშირებული იყო ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური სერვისების განვითარებასა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის შესაბამისი რეგულაციების/სტანდარტების ჩამოყალიბებასთან.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ამ ეტაპზე ახორციელებს, მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობას. აღნიშნული გულისხმობს საჭირო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, მათი საოჯახო ტიპის საცხოვრებლითა და შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფას.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინიციატივით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის კარიტასმა უკვე შეიმუშავა დეინსტიტუციონალიზაციისათვის საჭირო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სფეროს ექსპერტებმა, ჩეხ კოლეგებთან, სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, განსაზღვრეს ძირითადი სამუშაო მიმართულებები, კომპლექსური მიდგომით შეაფასეს ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებები და მოამზადეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები. ამჟამად მიმდინარეობს შერჩეული სახლების რეაბილიტაცია, რომელშიც დუშეთისა და მარტყოფის დიდ პანსიონატებში მცხოვრებთა ნაწილი 2022 წელს გადავა საცხოვრებლად.

UNFPA   UNPRDP