UNICEF-თან ერთად ვიწყებთ პირველად ჯანდაცვაში დისტანციური სერვისების დანერგვას
3. აგვისტო 2022 სიახლეები

UNICEF-თან ერთად ვიწყებთ პირველად ჯანდაცვაში დისტანციური სერვისების დანერგვას

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მხარდაჭერა პირველად ჯანდაცვაში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის სამუშაოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის დროს. UNICEF-თან ერთად განხორციელებული ორი წარმატებული პროექტის შემდეგ, 2022 წლის ივლისში დავიწყეთ ახალი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს დისტანციური სერვისების განვითარებისა და „პირველადი ჯანდაცვის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების ცენტრის“ ჩამოყალიბებას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის უზრუნველსაყოფად. პროექტი მოიცავს 50 ამბულატორიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და გაეროს ბავშვთა ფონდი 2020 წლიდან თანამშრომლობენ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის უზრუნველსაყოფად კოვიპანდემიის დროს. ამ დროიდან მოყოლებული, ერთობლივად განხორციელებულმა პროექტებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სოფლის ამბულატორიების სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამიტომ, UNICEF-თან ერთად ვიწყებთ ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ „0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარების მოდულის“ წარდგენაზე, დისტანციური პედიატრიული სერვისების განვითარებასა და „პირველადი ჯანდაცვის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების ცენტრის“ ჩამოყალიბებაზე.

2021 წელს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჯანდაცვის სამინისტროს UNICEF-ის მიერ მხარდაჭერილი „0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარებაზე მეთვალყურეობის ელექტრონული მოდული“ წარუდგინა. სისტემა შემუშავდა და შემდგომში განვითარდა „0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა განვითარებისა და ჯანმრთელობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების“ სახელმწიფო პროტოკოლზე დაყრდნობით. ახალი პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მოდული უფრო მეტად დაიხვეწება და დაინერგება შერჩეული პირველადი ჯანდაცვის კლინიკებში. შესაბამისად გადამზადდებიან სოფლის ექიმები.

12 May-1820

ამავე დროს, შეიქმნება პლატფორმა ტელემედიცინის ქსელისთვის, რომლის მეშვეობითაც პირველად ჯანდაცვაში ჩართული შერჩეული კლინიკების გუნდები ერთმანეთთან დაკავშირებას შეძლებენ. აღნიშნული უზრუნველყოფს ექიმსა და პაციენტს შორის დისტანციური კონსულტაციების დაგეგმვას და ხელს შეუწყობს, როგორც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე COVID-19-სა და ბავშვთა ასაკის სხვა დაავადებების ეფექტურ მართვას. ონლაინრეგისტრაცია, დისტანციური ვიზიტების დაჯავშნა, გადაწყვეტილების მიღება, ლაივ ვიდეოკონფერენციები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვა, ცნობების, შეხსენებებისა და გაფრთხილებების მიღება – ყველაფერი ეს შერჩეულ ამბულატორიებში დაინერგება.

უნდა აღნიშნოს, რომ პირველადი ჯანდაცვის ხარისხის უზრუნველყოფა/გაუმჯობესება და ტელემედიცინის პრაქტიკა საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაციის მხარდაჭერით დაინერგება. ასოციაციის წევრები გადამზადდებიან პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის მონიტორინგსა და 50 შერჩეული სამედიცინო დაწესებულების მონაცემთა ანალიზში.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი რუსუდან ჩხუბიანიშვილი ამბობს, რომ ჩვენს ორგანიზაციას ეამაყება ასეთი მნიშვნელობის პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან ის საფუძველს დაუდებს პირველადი ჯანდაცვის (მათ შორის, პედიატრიული სერვისების) ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესებისთვის საჭირო სისტემის დანერგვას, რომელსაც საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა ასოციაცია შემდგომში გამოიყენებს.

„ჯანმრთელობის ხარისხის მონიტორინგი პროფესიონალთა ასოციაციების ბუნებრივი ფუნქციაა თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში. პირველად ჯანდაცვაში ჩართული 50 კლინიკა აღიჭურვება 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობის და მონიტორინგის ელექტრონული სისტემებით, რომელიც უზრუნველყოფს პირველადი ჯანდაცვის/დედათა და ბავშვთა სერვისების უზრუნველყოფის სტანდარტიზებას და მონაცემეთა ზედმიწევნით დაფიქსირებას სამედიცინო ელექტრონულ სისტემებში“.

12 May-1818

UNICEF-თან ერთად განხორციელებული ინტერვენციების შედეგები

COVID-19-ის გავრცელების კვალდაკვალ, 2020 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და UNICEF საქართველომ განახორციელეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფას კოვიდპანდემიის დროს. პროექტის განხორციელების შედეგად პირველადი ჯანდაცვის რგოლის სპეციალისტების ცოდნა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, გარკვეული ხარვეზები კიდევ იყო დარჩენილი.

ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კოვიდპანდემიის პერიოდში დედათა და ბავშვთა საჭიროებების მხარდაჭერის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და UNICEF-მა საქართველოს 10 რეგიონის სოფლის ექიმებისთვის ონლაინტრენინგები ჩაატარეს. აღნიშნული აქტივობის პარალელურად, ვიმუშავეთ ზრუნვის სტანდარტების შემუშავებაზე. შედეგად პროექტის ფარგლებში გადამზადებული სოფლის ექიმები დედებსა და ბავშვებს დისტანციურად დაუჭერენ მხარს და გაუწევენ შესაბამის სამედიცინო კონსულტაციას. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა ბაშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე მეთვალყურეობის საინფორმაციო სისტემა და ინტეგრირდა ინფორმაციის ელექტრონული მართვის სისტემაში (E-MIS), რომელიც ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყოა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებისათვის.

პირველადი და მეორეული ჯანდაცვის რგოლებზე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად კოვიდპანდემიის დროს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა UNICEF-თან თანამშრომლობა 2022 წელსაც გააგრძელა. ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობს პირველად ჯანდაცვაში ჩართული ყველა (1284) პროვაიდერი მთელი ქვეყნის მასშტაბით. თითოეული კლინიკისთვის გამოყოფილია შესაბამისად მომზადებული ფასილიტატორი, რომელიც მუშაობს დაახლოებით 30-35 ამბულატორიის ოჯახის ექიმთან იმისთვის, რომ თითოეულ მათგანს აუმაღლოს კვალიფიკაცია ბავშვთა ასაკში გავრცელებული დაავადებების, მათ შორის, კოვიდინფექციის, პრევენციისა და მათი ეფექტურად მართვის შესახებ პირველად ჯანდაცვაში.

პროექტის საწყის ეტაპზე პირველადი ჯანდაცვის მენტორებმა გადაამზადეს 32 ფასილიტატორი, რომლებმაც მოგვიანებით ჩაატარეს ონლაინსუპერვიზიის სესიები და ადგილზე ესტუმრნენ ამბულატორიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2022 წლის თებერვალში დაწყებული სუპერვიზიის პროცესიდან მოყოლებული, თითოეულმა ფასილიტატორმა ჩაატარა მინიმუმ ერთი მხარდამჭერი სუპერვიზია თითოეულ ამბულატორიაში. თითოეული ამგვარი შეხვედრა ეძღვნებოდა კონკრეტულ სამედიცინო საკითხს, რომელიც  წინასწარ იყო შეთანხმებული მენტორებსა და ფასილიტატორებს შორის.

პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კოვიდ-19-ის მართვის პროტოკოლების განახლება იყო, რაც განხორციელდა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით 2022 წლის თებერვლიდან შევიდა კიდეც ძალაში. შედეგად, აღნიშნული პროტოკოლების გამოყენებაზე პირისპირ შეხვედრები გაიმართა თბილისში, რუსთავში, მარნეულსა და თელავში. ჯამში პედიატრიული ჰოსპიტლების 100 ექიმი ჩაერთო ტრენინგ-სესიებში და მიიღო უწყვეტი სამედიცინო განათლების შესაბამისი ქულები. კურსი აკრედიტებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

1270  unicef-for-every-child-logo  USAID Logo Horizontal_RGB_600

წაიკითხე მსგავსი სტატიები: