UNICEF-თან თანამშრომლობის შეჯამება: წერტილოვანი დახმარების გრძელვადიანი შედეგები პირველადი ჯანდაცვისთვის
16. დეკემბერი 2022 სიახლეები

UNICEF-თან თანამშრომლობის შეჯამება: წერტილოვანი დახმარების გრძელვადიანი შედეგები პირველადი ჯანდაცვისთვის

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოს პირველად ჯანდაცვას მრავალი წელია აძლიერებს. ჩვენი ორგანიზაცია ეხმარება საქართველოს მთავრობას როგორც სისტემური ცვლილებების განხორციელებაში, ისე ზრუნავს სამედიცინო პერსონალის უწყვეტ განათლებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და გაეროს ბავშვთა ფონდი აძლიერებენ ექიმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გადაუდებელი საჭიროების საპასუხოდ, 2020 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) განახორციელეს ერთობლივი პროექტი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად. 2021 წელს აღნიშნული თანამშრომლობა უკვე USAID-ის მხარდაჭერით გაგრძელდა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბავშვთა სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაში სოფლის ექიმების პრაქტიკის ფასილიტაციისა და ექსპერტების მიერ გაწეული კონსულტაციის გზით.

რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს პირველადი ჯანდაცვა, რა მიმართულებით საჭიროებს ყველაზე მეტად მხარდაჭერას და როგორია იმ პროექტის შედეგები, რომელზეც ხსენებულმა ორგნიზაციებმა 2022 წელს იმუშავეს – აღნიშნულზე გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტს თაკო უგულავას ვესაუბრეთ.

Tako Ugulava

საქართველოს პირველად ჯანდაცვაში უამრავი გამოწვევაა, რომლის დასაძლევადაც საქართველოს მთავრობას დონორი ორგანიზაციები უკვე წლებია უჭერენ მხარს. სად ხედავთ ყველაზე დიდი პრობლემას ამ ეტაპზე და როგორ გესახებათ მისი გადაწყვეტის გზა?

საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რგოლი მრავალი პრობლემის წინაშე დგას, რომელთა აღმოფხვრასაც ქვეყანა სხვადასხვა რეფორმის გზით ცდილობს. სამწუხაროდ, არცერთ ამგვარ რეფორმას არ მოჰყვება ხოლმე შესაბამისი მემკვიდრეობა. რეფორმა იწყება, შემდეგ ხდება მისი სახეცვლილება და შედეგად გვაქვს პროცესი, რომელშიც ხან აღმასვლაა, ხან – დაღმა. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით სისტემური მუშაობა არ მიმდინარეობს დღემდე.

ეს არის არა მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის, არამედ ზოგადად საქართველოს ჯანდაცვის სისტემის პრობლემა. როდესაც ქვეყანა ჩამოყალიბებულ ხედვას შეიმუშავებს, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარეა ჩართული, მათ შორის მოსახლეობა, პროფესიონალები და მთავრობა, შემდეგ მასზე არც მთავრობის რყევას ან ცვლილებას ექნება რადიკალური გავლენა და არც სხვა რაიმე ფაქტორს.

პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი პირველადი ჯანდაცვა არაერთხელ მოჰყვა რადიკალურ რყევებში. შედეგად ყოველ ჯერზე იწყებოდა სისტემის ახლებურად დალაგება, რომელიც ფუნქციონირებას ვერ ასწრებდა, რადგან მორიგ ტალღაში უწევდა გადასვლა. ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველოში პირველადი ჯანდაცვა ვერ დალაგდა, თორემ ამ სისტემის დალაგებისთვის საჭირო ტექნიკური მხარდაჭერა და სურვილი ყოველთვის არსებობდა.

რაც შეეხება თვითონ სისტემის შემადგენელ ბლოკებს ანუ სად გვიჭირს ყველაზე მეტად, პრაქტიკულად – ყველგან. მაგალითად, დავიწყოთ სისტემის ზედამხედველობიდან, რაც ნიშნავს, რომ გვიჭირავს პულსზე ხელი – ვიცით, სად რა ცვლილებაა, შესაბამის მონაცემებს ვიღებთ, ვაანალიზებთ და ცვლილებებსაც ამის მიხედვით ვგეგმავთ. ეს ადგილზე ნამდვილად არ არის.

შემდეგ ამას მოჰყვება ადამინური რესურსის კომპონენტი, რომელიც არის ძალიან სუსტი არა იმიტომ, რომ ვინმე სუსტია, არამედ ამასაც თავისი წესი აქვს. ჯანდაცვა სწრაფი ტემპით ვითარდება მსოფლიოში და იმისთვის, რომ სერვისის მიმწოდებელმა მას ფეხი აუწყოს, აუცილებელია, რომ მისი ცოდნა განახლდეს გარკვეული პერიოდულობით. ქვეყანა არ მუშაობს უწყვეტი განათლების მიმართულებით, შესაბამისად ადამიანებს აქვთ მოძველებული ცოდნა.

პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების საკითხზე თუ ვისაუბრებთ, არახალია, რომ დაფინანსების მოდელი არასწორად არის აწყობილი. მეტი ძალისხმევაა მიმართული იმისთვის, რომ ჰოსპიტალური სერვისების მიღება გაიზარდოს და ნაკლები აქცენტი კეთდება მთლიანად პირველად ჯანდაცვაზე. გაუმართავია საინფორმაციო სისტემაც – არ გროვდება მონაცემები და არ ხდება მისი ანალიზი.

მოკლედ რომ შევაჯამო, სისტემის ყველა შემადგენელ ბლოკს უჭირს. ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რაიმე რეფორმაზე, პირველ რიგში, საჭიროა, რომ ყველაფერში გვქონდეს ძალიან სისტემური მიდგომა.

გაეროს ბავშვთა ფონდი და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი იყვნენ იმ ორგანიზაციების ჩამონათვალში, რომლებმაც COVID-19-ის პანდემიის დაწყებისთანავე შეცვალეს სამუშაო მიმართულება და თავიანთი აქტივობები სრულად მოარგეს შექმნილ კრიზისს. რამდენად შეიძლება ითქვას, რომ პროექტმა გრძელვადიანი შედეგები მოგვცა?

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან ჩვენი თანამშრომლობა 2020 წელს დაიწყო პანდემიით შექმნილ სიტუაციაზე სწრაფი რეაგირების მიზნით. კონტექსტი, რომელშიც პროექტი ავაწყვეთ, იყო გადაუდებელ სიტუაციაზე მორგებული. და თითქოს ამ გადაუდებელ სიტუაციაზე მორგებულ პროექტს შემდგომ განვითარებაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა, რადგან ამ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობა იყო წერტილოვანი დახმარება.

12 May-1636

მოგეხსენებათ, პანდემიის დროს იცვლება ყველანაირი პროტოკოლი და სტანდარტი, ყოველდღიურ რეჟიმშია ახალი ინფორმაცია მისაწოდებელი. და ამ დროს ექიმებთან არ არსებობდა მუდმივი კომუნიკაციის პრაქტიკა და საშუალება.

პროექტის ფარგლებში სოფლებში უსწრაფეს დროში შეიქმნა ინტერნეტის ინფრასტრუქტურა და პლატფორმა, რომელიც თავს უყრიდა ყველა ექიმს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე, იმ ინფორმაციას, რომელსაც ადრე ინდივიდუალურად აწვდიდნენ ექიმებს.

საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე მიმართული აქტივობები თავისთავად გადაიზარდა განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებში. პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები არ შეიძლება შევაფასოთ, როგორც გადაუდებელ სიტუაციაზე მყისიერი რეაგირება, რადგან კადრს თუ ამზადებ, უწყვეტი განათლების სისტემატიზაციას აკეთებ და შესაბამის სასწავლო პლატფორმას აწყობ, ეს უკვე არ არის მხოლოდ ამ გადაუდებელი სიტუაციისთვის.

ასე რომ, მთელი ამ თანამშრომლობის ყველაზე დიდი დადებითი მხარე იყო ის, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი აქტივობები იმ წუთის საჭიროებას პასუხობდა და ამავდროულად გრძელვადიან განვითარებაზე იყო ორიენტირებული. ამ პროქტმა შექმნა ისეთი ღირებული პროდუქტი, რომელიც პროვაიდერებმაც ძალიან დადებითად შეაფასეს – ამბობენ, რომ ამგვარი შესაძლებლობა მათ დიდი ხანია არ ჰქონიათ.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და გაეროს ბავშვთა ფონდი ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობდნენ, რადგან ასობით ექიმი მთელი ქვეყნის მასშტაბით მათი მხარდაჭერის იმედად იყო. როგორ შეაფასებდით ამ თანამშრომლობას?

ზოგადად, უმნიშველოვანესია, რომ პარტნიორთან საერთო ღირებულებები გაკავშირებდეს, ერთ პლატფორმაზე იდგეთ და ერთ ენაზე საუბრობდეთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მოქნილობა, როგორ მოგყვება პროცესებში. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა აჩვენა მაქსიმალური მოქნილობა, თუნდაც იმგვარ სიტუაციებში, როდესაც პატარ-პატარა გამოწვევებმა იჩინა თავი და მათზე სრულად იზრუნეს თავად. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია, ვინც კი გვყოლია.

ცალკე უნდა გამოვყო ორგანიზაციის უძლიერესი გუნდი, მათ შორის პროექტის მენეჯერი, რომელიც იყო მთელი ამ პროცესების და დიდი ერთობის მოტო. ის ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა 1200 ექიმს ყოველდღიურ რეჟიმში და ყვალაფერი ისე დაალაგა, რომ მე მქონდა შესაძლებლობა ყოველდღურად მცოდნოდა, რომელი ექიმი რას ამბობს, ვის სად უჭირს და სად რა დახმარებაა საჭირო.

პროექტის ასე დალაგება არ იყო პროექტის დაგეგმარების ნაწილი. და ის დეტალები და შედეგები, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობთ, უკვე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის დამსახურებაა. ამაში ვხედავ დიდ ტექნიკურ ცოდნასა და გამოცდილებას, როგორც პროექტის მართვის კუთხით, ასევე პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. იმ გადარეული პერიოდის განმავლობაში არ შექმნილა ერთი საკითხიც კი, რომელსაც პროექტის შეფერხება შეეძლო.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს ჰყავს პროფესიონალთა გუნდი და თუ მათთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობა კიდევ მომეცემა, ყოველთვის მოხარული ვიქნები.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და UNICEF აგრძელებენ თანამშრომლობას

2022 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა განახორციელეს პროექტი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად კოვიდპანდემიის დროს. ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობდა პირველად ჯანდაცვაში ჩართული ყველა (1284) პროვაიდერი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროექტის ფარგლებში თითოეული კლინიკისთვის გამოყოფილი იყო შესაბამისად მომზადებული ფასილიტატორი, რომელიც მუშაობდა დაახლოებით 30-35 ამბულატორიის ოჯახის ექიმთან იმისთვის, რომ თითოეული მათგანისთვის აემაღლებინა კვალიფიკაცია ბავშვთა ასაკში გავრცელებული დაავადებების, მათ შორის, კოვიდინფექციის, პრევენციისა და მათი ეფექტურად მართვის შესახებ პირველად ჯანდაცვაში.

12 May-1642

2020 წლიდან UNICEF-თან ერთად განხორციელებული ორი წარმატებული პროექტის შემდეგ, 2022 წლის ივლისში ჩვენმა ორგანიზაციამ ახალ ინიციატივაზე მუშაობა დაიწყო. UNICEF-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს დისტანციური სერვისების განვითარებისა და „პირველადი ჯანდაცვის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების ცენტრის“ ჩამოყალიბებას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის უზრუნველსაყოფად.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი რუსუდან ჩხუბიანიშვილი ამბობს, რომ პროექტის ამოცანები არის ინოვაციურია, ვინაიდან ქართულ სინამდვილეში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით მოხდება პაციენტების დისტანციური მომსახურება და მათი განვითარების შეფასება:

„იმედი მაქვს, რომ პროექტის პარტნიორების – საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაციის და კონსულტირება & აიტი ინოვაციების მეშვეობით პროექტი მოახერხებს თავისი მიზნების მიღწევას და 50 კლინიკას ექნება შესაძლებლობა მაღალი ხარისხის მომსახურებით  დისტანციურად უზრუნველყოს მოსახლეობა.”

პროექტში ჩართული 50 ამბულატორია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

unicef logo