როგორ გაიზრდება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფერმერთა შემოსავლები
24. ოქტომბერი 2022 სიახლეები

როგორ გაიზრდება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფერმერთა შემოსავლები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ფერმერების კვაალიფიკაციის ამაღლებასა და მათი სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას მრავალი წელია უჭერს მხარს. ამ მიზნით, 2022 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდის ხელშესაწყობად, ეფექტური წარმოების რესურსის, შესაბამისი ცოდნის და ბაზარზე ხემისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. პროექტის ფარგლებში უკვე გადავამზადეთ ფერმერები და ვეტერინარები, ასევე მონაცვლეობითი ძოვების პრაქტიკის დასანერგად დაიდენტიფიცირდა სადემონსტრაციო ნაკვეთები. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია გრანტების გაცემა მეცხოველეობისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად.

Mountainous Geogia

რატომ ვუჭერთ მხარს ფერმერებს მაღალმთიანი რეგიონებიდან

მესაქონლეობა ერთ-ერთი დაბალშემოსავლიანი დარგია საქართველოში. ფერმერებს მაღალმთიანი რეგიონებიდან არ აქვთ საკმარისი შემოსავალი იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ თავიანთი მუნიციპალიტეტების სოციო-ეკონომიკურ განვითარებაში. სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ გადაწყვიტა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა განეხორციელებინა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს თუშეთის, ფშავ-ხევსურეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ფერმერთა შემოსავლების გაზრდას სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით. კერძოდ, პროექტის ფარგლებში ვმუშაობთ საქონლის მოშენებისა და კვების, ცხოველის ჯანმრთელობის მოვლის, საძოვრების მართვის არსებული პრაქტიკის შესაცვლელად უფრო მდგრადი და პროდუქტიული პრაქტიკის დანერგვის გზით.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. თავდაპირველ ეტაპზე ჩვენმა ორგანიზაციამ, რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, დაიწყო ბენეფიციარების და დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება – ჯამში, მემორანდუმი გაფორმდა შვიდ ადგილობრივ უწყებასთან. ამასთან, სამიზნე მუნიციპალიტეტებში განვახორციელეთ კერძო და საჯარო საძოვრების მონიტორინგი, შემდგომში მათი სადემონსტრაციო ნაკვეთებად გამოყენების მიზნით. გარდა ამისა, გაიმართა ტრენინგ-სესიები ვეტერინარიაში ვეტერინარებისა და ფერმერებისთვის.

Mountainous Georgia

ადგილობრივ უწყებებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა

პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ ახმეტის, დუშეთისა და ხულოს მერიებთან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, არაგვისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტების ადმინისტრაციასა და მთიანი რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოსთან. მემორენდუმების მეშვეობით გაადვილდა პროექტის სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა, მათ შორის, ბენეფიციარებსა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენლებთან.

ამ ეტაპისთვის, ჩვენი ბენეფიციართა ბაზა მოიცავს 162 ადამიანს სამი ტერიტორიული ერთეულიდან, რომელთა შორისაა 115 ფერმერი, 20 ვეტერინარი, 8 ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტი, 10 ხორცის გადამყიდველი/შუამავალი და 9 ექსტენციის სპეციალისტი. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციართა არსებული რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს პროექტით გათვალისწინებულ თავდაპირველ რაოდენობას. ადგილობრივებთან კიდევ უფრო აქტიური კომუნიკაციის შედეგად, შესაძლებელია უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში.

ადგილობრივი ფერმერების კვალიფიკაციის გაზრდა

პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მიმართულება ადგილობრივი ფერმერებისა და ვეტერინარებისთვის საგანმანათლებლო სესიების გამართვაა. ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერინარები უკვე გაეცნენ ინფორმაციას ვეტერინარიის თანამედროვე მიდგომების შესახებ და განიხილეს ვეტერინარული მოვლის და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ვეტერინარიის ტრენინგი ადგილობრივი ფერმერებისთვის, რომლის ფარგლებშიც განიხილეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებები, სქესობრივი სიმწიფის მართვა და კვების რაციონის შედგენა.

უახლოეს მომავალში თუში და ფშავ-ხევსური ვეტერინარებისთვის დაგეგმილია ტრენინგი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანშიც. დეკემბერში ასევე გაიმართება ონლაინტრენინგი თანამედროვე ვეტერინარული გამოწვევების შესახებ.

training for farmers

რატომ ვიყენებთ არსებულ საძოვრებს სადემონსტრაციო ნაკვეთებად

ინიციატივის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სადემონსტრაცი ნაკვეთებისთვის ვარგისი საძოვრების იდენტიფიცირება და მათი შესაბამისი გამოყენებაა. ამ ეტაპზე უკვე შეირჩა 6-6 ჰექტრის მოცულობის სამი სადემონსტრაციო ნაკვეთი ხულოს მუნიციპალიტეტში, ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში, რომლითაც ადგილობრივები ისარგებლებენ ადრეული გაზაფხულის პერიოდიდან გვიან შემოდგომამდე. ჩვენი მიზანია აღნიშნული საძოვრების შემდგომი განვითარება და მათი სწორი მიზნით გამოყენება, რისთვისაც მომავალ წელს შევიძენთ და ადგილობრივ ფერმერებს გადავცემთ შესაბამის აღჭურვილობას.

პროექტი ხელს შეუწყობს ფერმერთა სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „მდგრადი მესაქონლეობის, პროდუქტიულობის ზრდისა და ბაზრის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ადგილობრივი ფერმერების ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ბიზნესის განვითარების, სანიტარული და ბიოუსაფრთხოების სტანდარტებისა და კლიენტებთან და ფინანსებთან კავშირის გაუმჯობესების გზით. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ექსპერტები მუშაობენ ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტებთან, ვეტერინარებსა და ფერმერებთან მათი კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით ხელოვნურ განაყოფიერებაში, ცხოველების სწორ მოვლაში, საძოვრების მდგრად მართვაში, საკვების წარმოებასა და საქონლის გამოკვებისა სწორ პრაქტიკაში. გარდა ამისა, გაიცემა შესაბამისი გრანტები მეცხოველეობისთვის საჭირო აღჭურვილობისათვის.

Mountainous Georgia

პროექტის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ პროცესში ჩართულია ხულოსა და არაგვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAGs). ამასთან, პროექტი თანამშრომლობს CzechTrade-თან ჩეხური კომპანიების მისიების შემოყვანის ორგანიზებაში და ბენეფიციართა გასაწევრიანებლად საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში.

პროექტის შედეგად გაიზრდება იმ ფერმერების რაოდენობა, რომლებიც მდგრადი და უფრო პროდუქტიული მესაქონლეობის პრაქტიკას მისდევენ. შერჩეულ ფერმერებს ექნებათ უკეთესი წვდომა ბაზარზე და შესაბამისად გაიზრდება მათი შემოსავალიც. ამასთან, ქართველ ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ჩეხური სოფლის მეურნეობის პრაქტიკას B2B შეხვედრების მეშვეობით.

CzechAid logo