დასავლეთ საქართველოს ჰოსპიტლები ონკო-გინეკოლოგიური აპარატურით აღიჭურვა
5. დეკემბერი 2022 სიახლეები

დასავლეთ საქართველოს ჰოსპიტლები ონკო-გინეკოლოგიური აპარატურით აღიჭურვა

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი კიბოს პრევენციის მიმართულებით წლებია მუშაობს. 2019 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი ააშენა, რომელმაც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას საშუალება მისცა სკრინინგული სერვისები ადგილზე მიიღონ. 2022 წლიდან ჩეხეთის "მედევაკის" პროგრამის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ითანამშრომლა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან, რის შედეგადაც ბათუმისა და რუხის ჰოსპიტლებს 142 000 ევროს ღირებულების ონკო-გინეკოლოგიური სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა.

2022 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აქტიურად მუშაობდა კიბოს პრევენციაზე

2022 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა აქტიურად აქტიურად იმუშავა კიბოს პრევენციაზე დასავლეთ საქართველოში. ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩვენმა ორგანიზაციამ უზრუნველყო ტრენინგები პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვის ონკო-გინეკოლოგიაში და ხელი შეუწყო კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, განსაკუთრებული აქცენტით ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე. მიმდინარე წლის დეკემბერში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა რუხისა და ბათუმის ჰოსპიტლებს ონკო-გინეკოლოგიური სერვისებისთვის საჭირო 142 000 ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. 

"კიბოს პრევენცია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ერთ-ერთი უმნიშვნელოვნესი სამუშაო მიმართულებაა, რადგან გვჯერა, რომ დაავადების დროულად გამოვლენასა და მკურნალობას ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ჩეხეთის "მედევაკის" მიერ დაფინანსებული პროექტის მეშვეობით რუხისა და ბათუმის ჰოსპიტლებს უკვე აქვთ თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას მისცემს საშუალებას ადგილზე მიიღოს სამედიცინო მომსახურება" – განაცხადა ისკანდარ მინამ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა და განმარტა, რომ ჩვენი ორგანიზაცია მომავალშიც გააგრძელებს კიბოს პრევენციაზე მუშაობასა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ზრდაზე ზრუნვას.

IMG_5994

„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისა და მისი კლინიკებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რასაც სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ჩეხეთის მთავრობისგან იღებს. ონკოგინეკოლოგიური სერვისების გამართვა, რომელიც გათვლილია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონში ჩვენი კლინიკების აღჭურვასა და პერსონალის გადამზადებაზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის ხარისხიან მკურნალობას. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ეს მიდგომა ასევე ხელს შეუწყობს ადრეული დიაგნოსტიკის კუთხით მიმართვიანობის გაზრდას, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას, რაც, საბოლოო ჯამში, შეამცირებს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ გართულებებსა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს. მადლობას ვუხდით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს და ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის მედევაკის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ეს პროექტი ხორციელდება.“ – აღნიშნა სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორმ ლადო შელიამ.

ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტი 2022 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა ონკო-გინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში. კერძოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა რუხისა და ბათუმის ჰოსპიტლები თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატურით აღჭურვა, ხოლო სამედიცინო პერსონალი უზრუნველყო შესაბამისი ტრენინგებით. ამასთან, პროექტმა მხარი დაუჭირა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ცოდნის გაღრმავებას ონკო-გინეკოლოგიაში და ხელი შეუწყო კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, განსაკუთრებული აქცენტით ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე.

IMG_5947

საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნის დაახლოებით 10000-11000 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, რომელთგან 53% ქალებზე მოდის. საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს ტანის კიბო საქართველოში გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების ხუთეულში შედის. დაავადების დაგვიანებით გამოვლენა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ადრეული დიაგნოსტიკა კი საწყის ეტაპზე მკურნალობის ეფექტიანობას ზრდის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი მიმართული იყო კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და რეგიონში მცირეინვაზიური ონკოგინეკოლოგიური სერვისების დანერგვისკენ. პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 205 000 ევროს, რომლის 70% ხსენებული სახელმწიფო კლინიკების აღჭურვას მოხმარდა.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი კიბოს პრევენციის მიმართულებით მუშაობას აგრძელებს

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის შესახებ საინფორმაციო კამპანიას 2010 წლიდან ახორციელებს. საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად, ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო პროფილაქტიკური კვლევები სოფელში ჩასულ მობილურ კლინიკებში უტარდებოდა, ხოლო მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩასატარებლად  თბილისში უწევდა გამგზავრება. 2019 წელს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი აშენდა, რამაც სამეგრელო-ზემო სვანეთისა და მიმდებარე რეგიონის  მოსახლეობას სკრინინგული სერვისების სრულად ადგილზე მიღების შესაძლებლობა მისცა.

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრმა მნიშვნელოვნად გაზარდა რეგიონში ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის და პროსტატის კიბოს მართვის სახელმწიფო პროგრამების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ცენტრის გახსნის დღიდან 3 წლის განმავლობაში, უკვე 10 000-ზე მეტმა ადგილობრივმა მოსახლემ ისარგებლა ამ პროგრამებით. ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში არა მხოლოდ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებია ხელმისაწვდომი, არამედ შესაძლებელია თერაპიული, გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური და სხვა კვლევებისა და ანალიზების ჩატარება.

ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის მიერ დაფინანსებული  პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან თანამშრომლობით განხორციელდა, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მეტი ადამიანისთვის გახდა მისაწვდომი ხარისხიანი სამედიცინო სერვისები კიბოს პრევენციისა და დაავადების ადრეული გამოვლენისთვის.

მასალა მომზადებულია ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ოფიციალური დახმარების მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

CzechAid logo