რატომ უნდა ჩაიტარონ რისკ-ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა ტესტი აივინფექციაზე
30. ნოემბერი 2022 სიახლეები

რატომ უნდა ჩაიტარონ რისკ-ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა ტესტი აივინფექციაზე

საქართველოში აივინფიცირებული პირები ჯერ კიდევ არიან სტიგმის მსხვერპლნი. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ აივინფექციით ძირითადად ლგბტ თემის წარმომადგენლები და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული ადამიანები ავადდებიან. ამის გამო კი რისკ-ჯგუფში მყოფ პირებს უჭირთ აივტესტირებაზე გადაწყვეტილების მიღება, რაც, თავის მხრივ, ზრდის იმ ინფიცირებულთა რიცხვს, რომელთაც საკუთარი აივდადებითი სტატუსის შესახებ არაფერი იციან.

IMG_1421

რა პრობლემის წინაშე დგას საქართველო აივინფექციის გავრცელების თვალსაზრისით

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა UNAID 90-90-90 მიზნების მისაღწევად, რის შედეგადაც ადამიანები, რომლებმაც იციან თავიანთი აივდადებითი სტატუსის შესახებ, შესაბამის მკურნალობს გადიან. თუმცა, მთავარი გამოწვევა იმ ინფიცირებულთა რიცხვის შემცირებაა, რომელთაც საკუთარი აივდადებითი სტატუსის შესახებ არაფერი იციან.“ – გვიხსნის დასტინ გილბერტი, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) არარეზიდენტი უფროსი თანამშრომელი და განმარტავს, რომ საქართველოში აივინფიცირებულთა მხოლოდ 36%-მა იცის, რომ ინფიცირებულია.

IMG_1426

რამ შეიძლება უბიძგოს რისკ-ჯგუფში (რისკ ჯგუფში შედის ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც ჰქონია დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, გადაუსხამს სისხლი სხვა ადამიანისგან ან შეხება ჰქონია რაიმე ისეთ ინსტრუმენტთან, რომელსაც შესაძლოა ვირუსის მატარებელი ადამიანის სისხლთან ჰქონდა შეხება) მყოფ ადამიანს მიიღოს გადაწყვეტილება აივტესტის ჩატარებაზე – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველომ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ერთობლივ ინოვაციურ პროექტს ჩაუყარეს საფუძველი, რომლის მეორე ფაზასაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ 2022 წელს შეუერთდნენ. პროექტის მეორე ფაზა მიზნად ისახავდა იმგვარი ქცევით ინფორმირებული საკომუნიკაციო გზავნილების შემუშავებას და შემოწმებას, რომელთაც ზოგადი პოპულაცია აივ-თვითტესტირებაში უნდა დაერწმუნებინა.

ინოვაციური ექსპერიმენტი ჯანდაცვის სფეროში

როგორც ინოვაციების სპეციალისტი, ხათუნა სანდროშვილი ამბობს, UNDP საჯარო სექტორში ინოვაციებს 2014 წლიდან ნერგავს, თუმცა ჯანდაცვის სფეროში ამ მიდგომის გამოყენება პირველად ხსენებული პროექტის ფარგლებში გადაწყდა. ის, პროექტში ჩართულ სხვა მხარეებთან ერთად, პროექტის მიგნებებზე საუბრობს და განმარტავს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო საბოლოო შედეგების მისაღწევად ინოვაციური მიდგომის გამოყენება:

IMG_1485

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ეფუძნებოდა ქცევითი მეცნიერების გამოყენებას სერვისებისა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებაში. შესაბამისად, პარტნიორების რაოდენობა იზრდებოდა იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდებოდა ექსპერიმენტის მსვლელობა. პირველ ფაზაში ბრიტანული ორგანიზაციის Behavioraul Insights Teams-სა და CRRC-ის ჩართულობით რენდომიზირებული კვლევა შევიმუშავეთ, ხოლო მეორე ფაზაში, რომელსაც უკვე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდი და სხვა პარტნიორები შემოუერთდნენ, ეს კვლევა განვახორციელეთ.“ – ამბობს ხათუნა სანდროშვილი და ამატებს, რომ სწორედ ამ კვლევაზე დაყრდნობით შეძლო პროექტზე მომუშავე გუნდმა გაეცა კონკრეტული რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება იყოს ხელის შემწყობი ფაქტორი ახალგაზრდებში, კონკრეტულ ჯგუფებსა და ზოგად მოსახლეობაში, მიიღონ აივ-თვითტესტრირებაზე გადაწყვეტილება.

პროექტის ტექნიკური დეტალები

დასტინ გილბერტი პროექტის ტექნიკურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას. ის გვიხსნის, რომ იმის გასარკვევად, თუ რა უბიძგებდათ ახალგაზრდებს მიეღოთ აივ-თვითსესტირებაზე გადაწყვეტილება, რამდენიმე ქცევით ინფორმირებული მესიჯი გამოსცადეს, რისთვისაც სპეციალური ონლაინპლატფორმა გამოიყენეს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი რანდომიზირებული კვლევის შედეგები დამაიმედებელი ჩანდა, სამიზნე ჯგუფები მაინც არ იღებდნენ აივ-თვითტესტირებაზე გადაწყვეტილებას. ამგვარად, გამოდიოდა, რომ გუნდი რაღაც შეცდომას უშვებდა, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა მიეგნოთ:

„გარკვეულ ეტაპზე მივხვდით, რომ ვებგვერდი მომხმარებლის მიერ რთულად აღიქმებოდა და მისი გამარტივება იყო საჭირო, რამაც შესაბამისი შედეგიც გამოიღო. საბოლოოდ, მივაგენით იმ ფაქტორს, რომელიც  ადამიანებს უბიძგებდათ აივტესტი სახლში გამოეძახებინათ და თავად ჩაეტარებინათ თვითტესტირება.

ჩვენი ექსპერიმენტის ბოლოს უამრავმა ადამიანმა შეუკვეთა ტესტი. მეცნიერული თვალსაზრისით, მართლაც კარგი შედეგები გვაქვს და თუ სამომავლოდ პროექტის მასშტაბი გაიზრდება, უკეთეს გრძელვადინ შედეგებს დავინახავთ“.

IMG_1393

პროექტის შედეგები ჯანდაცვის სისტემას სამომავლო საქმიანობაში დაეხმარება

ჩეხეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის პარტნიორობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისთვის პროექტის მთავარი სპეციალისტი პაველ ფაუზი ამბობს, რომ პროექტის მიმდინარეობისას მისთვის ყველაზე დასაფასებელი ის ფაქტი იყო, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა შეძლო მის ირგვლივ შეექმნა მულტიპარტნიორული ქსელი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ეფექტიანად იმუშავა:

„როდესაც პროექტის საბოლოო პრეზენტაციასა და მის შედეგებს უყურებ, შენ წინ უამრავ ლოგოს ხედავ, რაც ცხადყოფს, თუ როგორ შეძლო საქართველოს გუნდმა სხვადასხვა მხარის ცოდნა და გამოცდილება ერთი მიზნისკენ მიემართა. მე მჯერა, რომ აღნიშნული შედეგები თავის ადგილს დაიკავებს საქართველოში აივტესტირების სწორად დაგეგმვაში“.

IMG_1389

პროექტის ფარგლებში მომზადებული გზავნილების ეფექტიანობაზე დაყრდნობით, შემუშავდა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს (NCDC), ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრსა და აივმკვლევრებს გადაეცათ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტი. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ასევე იმუშავა შერჩეული სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე იმისთვის, რომ მათ უზრუნველყონ ახალგაზრდები კონფიდენციალური და სანდო სამედიცინო კონსულტაციით, ყოველგვარი სტიგმის გარეშე.

CCRC Georgia  1146683266_1664789087  UNFPA  CzechAid logo  UNDP