USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიზარდა სოფლის ექიმების კვალიფიკაცია
11. ივლისი 2022 სიახლეები

USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიზარდა სოფლის ექიმების კვალიფიკაცია

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოს პირველად ჯანდაცვას წლებია უჭერს მხარს. 2022 წლიდან, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ვთანამშრომლობთ UNICEF-თან და ვახორციელებთ პროექტს ბავშვთა სამედიცინო სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლად, პირველად ჯანდაცვაში პრაქტიკის ფასილიტაციისა და ექსპერტების მიერ გაწეული კონსულტაციის გზით. ცოტა ხნის წინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუგაანის ამბულატორიას ვეწვიეთ და ადგილზე მოვინახულეთ, თუ როგორ გაზარდა პროექტის ფარგლებში მიღებულმა ცოდნამ სოფლის ექიმების მიერ გაწეული სამედიცინო სერვისების ხარისხი.

სოფელი ჯუგაანი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. პატარა დასახლებაში მხოლოდ ერთი სოფლის ამბულატორიაა, რომლის ოჯახის ექიმები – ირმა და თამარი, ორ ექთანთან ერთად,  სოფლის 3 000 პაციენტის ჯანმრთელობის მონიტორინგსა და მართვაზე არიან პასუხისმგებლები. პაციენტებს შორის არიან, როგორც ზრდასრულები, ისე მოზარდები და ბავშვები.

საქართველოს სოფლებში ოჯახის ექიმად მუშაობა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ სამუშაო პირობებსა და წვდომას მტკიცებულებებზე დაფუძნებულ თანამედროვე რეკომენდაციებსა და სტანდარტებზე. USAID-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული მხარდამჭერი სუპერვიზიის სესიებისა და ადგილზე მონიტორინგის ვიზიტების ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ხელი შეუწყო სოფლის ექიმების კვალიფიკაციის ზრდას. აღნიშნული მიზნად ისახავს დედათა და ბავშვთა სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის პერიოდში.

კახეთის რეგიონის ოჯახის ექიმი თინათინ ციქურიშვილი პროექტში პრაქტიკის ფასილიტატორია. მის მოვალეობაში შედის პირველადი ჯანდაცვის სოფლის ექიმების პრაქტიკის ფასილიტაციაში ჩართვა განახლებული პედიატრიული სამედიცინო პროტოკოლების შესაბამისად. ამასთან, შესაბამისი კონსულტაციის უზრუნველყოფა და რეკომენდაციების გაცემა თითოეული ამბულატორიის მონიტორინგის ვიზიტის შემდგომ. გარდა ამისა, თინათინი ექიმებს აწვდის საჭირო ინფორმაციას ბავშვებში პრევენციული და განვითარების სკრინინგის მეთოდოლიგიის შესახებ, რასაც ის პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მიიჩნევს:

image (4)

„პირველი ვიზიტის დროს, ჩვენ შევაფასეთ სოფლის ამბულატორიების ინფრასქტრუქტურა და აღჭურვილობა, ასევე, სამედიცინო დოკუმენტაციაზე მუშაობის ხარისხი, რაც პრევენციული სერვისების, ბავშვის განვითარების მონიტორინგისთვის და პირველად ჯანდაცვაში პედიატრიული დაავადებების მართვისთვის არის აუცილებელი. შემდეგ გავეცით შესაბამისი რეკომენდაციები იმისთვის, რომ ექიმების მუშაობა უფრო ეფექტიანი გამხდარიყო. მეორე ვიზიტის დროს, შევამოწმეთ ჩვენი ინტერვენციის შედეგები სოფლის ექიმებისა და ექთნების სამედიცინო პრაქტიკაზე და გავეცით დამატებითი რეკომენდაციები ხარისხის გაუმჯობესების მიზნით“.

თინათინი ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა, არა მხოლოდ მისი პროფესიული განვითარებისთვის, არამედ ოჯახის ექიმების კვალიფიკაციის ზრდისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ პროექტის დაწყებამდე, სოფლის ამბულატორიებს არ ჰქონდათ ბავშვთა პოპულაციის ელექტრონული რეესტრი. პროექტის მოთხოვნის საპასუხოდ და პრაქტიკის ფასილიტატორების დიდი ძალისხმევის შედეგად, ოჯახის ექიმებმა უკვე მოამზადეს და პრაქტიკაში დანერგეს ელექტრონული რეესტრი თითოეული რეგისტრირებული ბავშვისთვის. ჯუგაანის სოფლის ექიმებმა ასევე შეიმუშავეს ელექტრონული რეესტრი 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და დაიწყეს პედიატრიული ვიზიტების რაოდენობის მონიტორინგი თვის ჭრილში.

ირმა სამელია-კორაშვილი ჯუგაანის სოფლის ამბულატორიის ოჯახის ექიმია. ის ამბობს, რომ პროექტმა უდიდესი როლი ითამაშა მისი, როგორც ექიმის, თავდაჯარებულობის გაზრდაში. ირმა მიიჩნევს, რომ სოფლის სამედიცინო პერსონალის უზრუნველყოფა სანდო სამედიცინო რეკომენდაციებით მშობლიურ ენაზე დიდი ფუფუნებაა, რადგან უმეტეს შემთხვევაში, ექიმებმა ქართულის გარდა სხვა ენა არ იციან. შესაბამისად, ისინი ვერ ეცნობიან თანამედროვე სამედიცინო პროტოკოლებს შესაბამის ელექტრონულ წყაროებში.

ირმა განსაუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვებში COVID-19-ის მენეჯმენტთან დაკავშირებულ ტრენინგებს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივ დონეზე პანდემიის მართვაში.

image (3)

პროექტი ითვალისწინებს სოფლის ექიმების მონაწილეობას ბავშვებში განვითარების შეფერხების, მათ შორის, აუტისტური სპექტრის, ადრეულ გამოვლენაში და პაციენტის დროულ რეფერირებას შესაბამის ცენტრებში. აღსანიშნავია, რომ ირმამ და თამარმა უკვე დაიწყეს ბავშვთა ზრდისა და განვითარების მონიტორინგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად. ისინი ასევე იყენებენ აუტიზმის სკრინინგის კითხვარს, დედის დეპრესიის კითხვარსა და სხვა სკრინინგული მეთოდებს თავიანთ ყოველდღიურ პრაქტიკაში.

UNICEF და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მხარს უჭერენ საქართველოს პირველად ჯანდაცვას

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და UNICEF 2022 წლის დასაწყისიდან ახორციელებენ პროექტს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად კოვიდპანდემიის დროს. ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობს პირველად ჯანდაცვაში ჩართული ყველა (1284) პროვაიდერი მთელი ქვეყნის მასშტაბით. თითოეული კლინიკისთვის გამოყოფილია შესაბამისად მომზადებული ფასილიტატორი, რომელიც მუშაობს დაახლოებით 30-35 ამბულატორიის ოჯახის ექიმთან იმისთვის, რომ თითოეულ მათგანს აუმაღლოს კვალიფიკაცია ბავშვთა ასაკში გავრცელებული დაავადებების, მათ შორის, კოვიდინფექციის, პრევენციისა და მათი ეფექტურად მართვის შესახებ პირველად ჯანდაცვაში.

პროექტის საწყის ეტაპზე პირველადი ჯანდაცვის მენტორებმა გადაამზადეს 32 ფასილიტატორი, რომლებმაც მოგვიანებით ჩაატარეს ონლაინსუპერვიზიის სესიები და ადგილზე ესტუმრნენ ამბულატორიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2022 წლის თებერვალში დაწყებული სუპერვიზიის პროცესიდან მოყოლებული, თითოეულმა ფასილიტატორმა ჩაატარა მინიმუმ ერთი მხარდამჭერი სუპერვიზია თითოეულ ამბულატორიაში. თითოეული ამგვარი შეხვედრა ეძღვნებოდა კონკრეტულ სამედიცინო საკითხს, რომელიც  წინასწარ იყო შეთანხმებული მენტორებსა და ფასილიტატორებს შორის.

Meeting 09 april-9148

პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კოვიდ-19-ის მართვის პროტოკოლების განახლება იყო, რაც განხორციელდა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით 2022 წლის თებერვლიდან შევიდა კიდეც ძალაში. შედეგად, აღნიშნული პროტოკოლების გამოყენებაზე პირისპირ შეხვედრები გაიმართა თბილისში, რუსთავში, მარნეულსა და თელავში. ჯამში პედიატრიული ჰოსპიტლების 100 ექიმი ჩაერთო ტრენინგ-სესიებში და მიიღო უწყვეტი სამედიცინო განათლების შესაბამისი ქულები. კურსი აკრედიტებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის როლი საქართველოს პირველად ჯანდაცვაში

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოს მთავრობას 2015 წლიდან უჭერს მხარს და მიზნად საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური სისტემების გაუმჯობესებას ისახავს. შესაბამისად, ხსენებულ აქტივობაში ჩვენი ჩართულობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისათვის გაწეული უფრო ფართო კონტრიბუციის ნაწილია.

2021 წლის ივლისში ჩეხეთის კარიტასმა ჯანდაცვის სამინისტროსთვის „მართვის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო სისტემა“ და „0-6 ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარებაზე მეთვალყურეობის საინფორმაციო სისტემა“ წარადგინა. ამ სისტემებს ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის ეტაპზე უკეთესი სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენებს.

ამასთან, ჩეხეთის კარიტასის ექსპერტებმა შეიმუშავეს კლინიკური გზამკვლევები და პროტოკოლები, რომელთა პილოტირება დუშეთის მუნიციპალიტეტში, პირველადი ჯანდაცვის რგოლში ჩართულ 16 სოფლის ამბულატორიაში მიმდინარეობს. ხსენებული ტრენინგების გარდა, კარიტასის ექსპერტები შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ამბულატორიების სამედიცინო პერსონალის ინტენსიური კლინიკური სწავლებისა და მხარდამჭერი მეთვალყურეობის გზით, მუშაობენ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სისტემის შექმნაზე. აღნიშნული მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე, პაციენტების გამოცდილებისა და შედეგების გაუმჯობესებაში, და პირველადი ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერი კლინიკების შესაძლებლობების გაზრდაში.

IMG_9488

2021 წლის აგვისტოში, ჩეხეთის კარიტასმა სლოვაკური მულტიფუნქციური სამედიცინო სადიაგნოსტიკო მოწყობილობის Scase-ის პილოტირება დაიწყო, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას პაციენტის სასიცოცხლო ნიშნულების გაზომვასა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მართვაში დაეხმარება. ოთხთვიანმა აქტივობებმა ცხადყო, რომ ხსენებული მოწყობილობა ეფექტიანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობისთვის, განსაკუთრებით კი სოფლად.

COVID-19-ის გავრცელების პარალელურად, 2020 წლიდან ჩეხეთის კარიტასმა თავისი აქტივობები პანდემიასთან საბრძოლველად მიმართა და ჩაატარა ონლაინტრენინგები COVID-19-ის მართვის, პოსტკოვიდ გართულებებისა და ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების მართვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ორგანიზაციამ სოფლის ამბულატორიებს 50 კომპიუტერი გადასცა, რათა ამ დაწესებულებებს საშუალება ჰქონოდათ ეფექტიანად წარემართათ თავიანთი კლინიკური პრაქტიკა.

USAID Logo Horizontal_RGB_600   unicef-for-every-child-logo

წაიკითხე მსგავსი სტატიები: