ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და UNICEF აძლიერებენ ოჯახის ექიმებს მთელ საქართველოში
1. ივნისი 2022 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და UNICEF აძლიერებენ ოჯახის ექიმებს მთელ საქართველოში

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი უკვე ხუთი წელია, რაც საქართველოს პირველად ჯანდაცვას უჭერს მხარს. 2020-2021 წლებში ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ, 2022 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ UNICEF-თან პარტნიორობა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით გააგრძელეს. ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს ბავშვთა სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას პრაქტიკის ფასილიტაციისა და ექსპერტების მიერ გაწეული კონსულტაციის გზით პირველად ჯანდაცვაში. ამ ეტაპზე პროექტის ფასილიტატორებმა უკვე გადაამზადეს ასობით ექიმი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და UNICEF 2022 წლის დასაწყისიდან ახორციელებენ პროექტს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად კოვიდპანდემიის დროს. ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობს პირველად ჯანდაცვაში ჩართული ყველა (1284) პროვაიდერი მთელი ქვეყნის მასშტაბით. თითოეული კლინიკისთვის გამოყოფილია შესაბამისად მომზადებული ფასილიტატორი, რომელიც მუშაობს დაახლოებით 30-35 ამბულატორიის ოჯახის ექიმთან იმისთვის, რომ თითოეულ მათგანს აუმაღლოს კვალიფიკაცია ბავშვთა ასაკში გავრცელებული დაავადებების, მათ შორის, კოვიდინფექციის, პრევენციისა და მათი ეფექტურად მართვის შესახებ პირველად ჯანდაცვაში.

12 May-1770

პროექტის საწყის ეტაპზე პირველადი ჯანდაცვის მენტორებმა გადაამზადეს 32 ფასილიტატორი, რომლებმაც მოგვიანებით ჩაატარეს ონლაინსუპერვიზიის სესიები და ადგილზე ესტუმრნენ ამბულატორიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2022 წლის თებერვალში დაწყებული სუპერვიზიის პროცესიდან მოყოლებული, თითოეულმა ფასილიტატორმა ჩაატარა მინიმუმ ერთი მხარდამჭერი სუპერვიზია თითოეულ ამბულატორიაში. თითოეული ამგვარი შეხვედრა ეძღვნებოდა კონკრეტულ სამედიცინო საკითხს, რომელიც  წინასწარ იყო შეთანხმებული მენტორებსა და ფასილიტატორებს შორის.

სოფელი ოზურგეთის ამბულატორიის ექიმი ნინო ორაგველიძე ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში გამართული მხარდამჭერი სუპერვიზის ვიზიტები და ონლაინსესიები იყო ინტერაქციული, რადგან ექიმებს საშუალება ჰქონდათ კლინიკური შემთხვევები საკუთარი პრაქტიკიდან გაეზიარებინათ:

„მაქსიმალურად განახლებული პროტოკოლები მოგვეწოდება, რაც ფუფუნებაა ნებისმიერი ექიმისთვის. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემი ცოდნის განახლება. ტრენინგები ეხებოდა არა მხოლოდ კოვიდ-19-ს, არამედ ძალიან მნიშვნელოვან ბავშვთა სამედიცინო საკითხებს. იგულისხმება, როგორც ბავშვის ფიზიკური განვითარება და პრენატალური მეთვალყურეობა, ისე ბავშვთა ასაკში განვითარებული ძირითადი სამედიცინო პრობლემების მართვის უახლესი მეთოდები“.

სუპერვიზიის სესიების ფარგლებში, პროექტის ფასილიტატორებმა, მათ შორის, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა კოვიდ-19-ის მართვა ბავშვებში პირველად ჯანდაცვაში. უახლოეს მომავალში დაგეგმილი სესიები მიეძღვნება ბავშვთა ჯანმრთელობასა და განვითარების მონიტორინგს სხვადასხვა ასაკის ჯგუფებში.

12 May-1818

პედიატრიული ჯანდაცვის მეორეული დონის განვითარება

პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კოვიდ-19-ის მართვის პროტოკოლების განახლება იყო, რაც განხორციელდა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით 2022 წლის თებერვლიდან შევიდა კიდეც ძალაში. შედეგად, აღნიშნული პროტოკოლების გამოყენებაზე პირისპირ შეხვედრები გაიმართა თბილისში, რუსთავში, მარნეულსა და თელავში. ჯამში პედიატრიული ჰოსპიტლების 100 ექიმი ჩაერთო ტრენინგ-სესიებში და მიიღო უწყვეტი სამედიცინო განათლების შესაბამისი ქულები. კურსი აკრედიტებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი რუსუდან ჩხუბიანიშვილი ამბობს, რომ USAID/UNICEF-ის პროექტის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტების ფასილიტაცია მიზნად ისახავს პირველად ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით კი ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარების შეფასების თვალსაზრისით:

„საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების არარსებობის გათვალისწინებით, ოჯახის ექიმებთან ამგვარად მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აღნიშნული საშუალებას აძლევს სოფლის ექიმებს გამოცდილი ფასილიტატორებისგან მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული საუკეთესო ინფორმაცია ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვისა და განვითარების შეფერხების პრევენციის შესახებ.“

ჩხუბიანიშვილი ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული მოდელი შეიძლება გახდეს მაგალითი ზრდასრულებში გავრცელებული დაავადებების მართვისათვის, რისი გამოცდილებაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს დუშეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში უკვე აქვს.

12 May-1613

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის როლი საქართველოს პირველად ჯანდაცვაში

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოს მთავრობას 2015 წლიდან უჭერს მხარს და მიზნად საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური სისტემების გაუმჯობესებას ისახავს. შესაბამისად, ხსენებულ აქტივობაში ჩვენი ჩართულობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისათვის გაწეული უფრო ფართო კონტრიბუციის ნაწილია.

2021 წლის ივლისში ჩეხეთის კარიტასმა ჯანდაცვის სამინისტროსთვის „მართვის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო სისტემა“ და „0-6 ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარებაზე მეთვალყურეობის საინფორმაციო სისტემა“ წარადგინა. ამ სისტემებს ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის ეტაპზე უკეთესი სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენებს.

ამასთან, ჩეხეთის კარიტასის ექსპერტებმა შეიმუშავეს კლინიკური გზამკვლევები და პროტოკოლები, რომელთა პილოტირება დუშეთის მუნიციპალიტეტში, პირველადი ჯანდაცვის რგოლში ჩართულ 16 სოფლის ამბულატორიაში მიმდინარეობს. ხსენებული ტრენინგების გარდა, კარიტასის ექსპერტები შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ამბულატორიების სამედიცინო პერსონალის ინტენსიური კლინიკური სწავლებისა და მხარდამჭერი მეთვალყურეობის გზით, მუშაობენ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სისტემის შექმნაზე. აღნიშნული მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე, პაციენტების გამოცდილებისა და შედეგების გაუმჯობესებაში, და პირველადი ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერი კლინიკების შესაძლებლობების გაზრდაში.

2021 წლის აგვისტოში, ჩეხეთის კარიტასმა სლოვაკური მულტიფუნქციური სამედიცინო სადიაგნოსტიკო მოწყობილობის Scase-ის პილოტირება დაიწყო, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას პაციენტის სასიცოცხლო ნიშნულების გაზომვასა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მართვაში დაეხმარება. ოთხთვიანმა აქტივობებმა ცხადყო, რომ ხსენებული მოწყობილობა ეფექტიანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობისთვის, განსაკუთრებით კი სოფლად.

COVID-19-ის გავრცელების პარალელურად, 2020 წლიდან ჩეხეთის კარიტასმა თავისი აქტივობები პანდემიასთან საბრძოლველად მიმართა და ჩაატარა ონლაინტრენინგები COVID-19-ის მართვის, პოსტკოვიდ გართულებებისა და ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების მართვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ორგანიზაციამ სოფლის ამბულატორიებს 50 კომპიუტერი გადასცა, რათა ამ დაწესებულებებს საშუალება ჰქონოდათ ეფექტიანად წარემართათ თავიანთი კლინიკური პრაქტიკა.

unicef-for-every-child-logo   USAID Logo Horizontal_RGB_600