ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მხარს უჭერს ალპურ ზონაში მომუშავე სოფლის ექიმებს
24. მარტი 2022 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მხარს უჭერს ალპურ ზონაში მომუშავე სოფლის ექიმებს

47 წლის ხათუნა გურგენიძე გუდამაყრის ხეობაში ოჯახის ექიმად უკვე ოცდასამი წელია მუშაობს. მიუხედავად მძიმე გეოგრაფიული და კლიმატური პირობებისა, ხათუნა პაციენტებთან საკუთარი მანქანით ჩადის და სამედიცინო მომსახურებას ადგილზე უწევს. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აძლიერებს ხათუნასა და მისი კოლეგების კვალიფიკაციას და ნერგავს ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებს, რომლის მეშვეობითაც სოფლის ამბულატორიების მუშაობა უფრო მარტივი და ეფექტიანი ხდება.

ექიმობის სირთულეები მაღალმთიან გუდამაყარში

ხათუნა გურგენიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ამბულატორიის ოჯახის ექიმად ოცდასამი წელია მუშაობს. მისი ბავშვობის მოგონებები ამავე მუნიციპალიტეტში მდებარე დაბა ანანურს უკავშირდება, სადაც ბებიის სახლში იზრდებოდა. უმაღლესი განათლება დედაქალაქში მიიღო, თუმცა 1999 წელს დუშეთში დაბრუნდა და საექიმო პრაქტიკას მშობლიურ მხარეში შეუდგა. ხათუნა სამი შვილის დედა და გუდამაყრის ხეობის მაცხოვრებლების მთავარი იმედია.

processed-27dd3b99-797c-40b0-ad13-a7e90b94114f_SW5c3tqh

დუშეთის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანი მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს – აქ მკაცრი გეოგრაფიული და კლიმატური პირობებია, ზამთარი – ცივი, თოვლიან-ყინულიანი. გუდამაყრის ხეობაში ხათუნას სულ 580 პაციენტი ჰყავს, რომელთაგან 80% ხანდაზმული ასაკისაა. ამ ადამიანებს განსაკუთრებით უჭირთ სოფლის ამბულატორიამდე მისვლა, რასაც ართულებს მკაცრი კლიმატი და მუნიციპალური ტრანსპორტის არარეგულარული გადაადგილება:

სულ 24 სოფელია, რომლებიც ერთმანეთისგან მრავალი კილომეტრითაა დაშორებული, ამიტომ თავად გვიწევს ბინაზე ვიზიტი და მომსახურება. მე ჩემი პირადი მაღალი გამავლობის მანქანა მყავს, რომლითაც ხშირად გადავაადგილდებით სხვა არც ჰყავს დაწესებულებას. ხშირად გვიწევს ალპურ ზონაში ასვლაც პაციენტის გამოძახებას ხომ ვერ უგულებელვყოფთ?! ჩვენი ვიზიტის შემდეგ, სულ რომ არაფერი პრობლემა ჰქონდეთ, მშვიდდებიან ხოლმე“.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერა სოფლის ექიმებს

ხათუნა გვიყვება, რომ ზემოაღწერილ რთულ სამუშაო პირობებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, როგორც ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით, ისე პაციენტების გამოჯანმრთელების მაჩვენებლითაც. აღსანიშნავია, რომ განახლებულ სამედიცინო პროტოკოლებზე დაყრდნობით ჩატარებულმა ტრენინგებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხათუნასა და მისი კოლეგების პროფესიულ განვითარებაში. ამასთან, ჩვენ მიერ შეთავაზებულმა ელექტრონულმა სისტემებმა გაამარტივა მათი ყოველდღიური სამედიცინო პრაქტიკა:

მოზრდილი ასაკის პაციენტებს შორის, ძირითადად, გვხვდება არტერიული ჰიპერტენზია. ამას მოჰყვება შაქრიანი დიაბეტი და შემდეგ ბრონქული ასთმა. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ტრენინგების შედეგად, გაცილებით მარტივი გახდა ამ დაავადებების მართვა, გაუმჯობესდა პაციენტების მდგომარეობა. არის შემთხვევები, როცა უჭირთ გადაწყვეტილების მიღება მკურნალობის დაწყებაზე, მაგრამ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ტრენინგებზე ისიც გვასწავლეს, როგორ უნდა დავარწმუნოთ პაციენტები, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.“

ხათუნა ამბობს, რომ პაციენტების ელექტრონული სამედიცინო ბარათის სისტემის დანერგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ნაბიჯია მისი საექიმო საქმიანობის გამარტივებისთვის. მისი თქმით, ელექტრონული მოდულის გამოყენების შედეგად, პაციენტის შესახებ ინფორმაციის მოძიება ანკეტაში აღარ უწევს და ერთიან ელექტრონულ სისტემაში წინა გასინჯვებიდან ჩანაწერებს მარტივად ნახულობს. ის ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერაზე კოვიდპანდემიის პერიოდში, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მიერ წარდგენილმა სამედიცინო პროტოკოლებმა ხათუნას იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცხო ვირუსის შემთხვევებთან გამკლავება მნიშვნელოვნად გაუმარტივა.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი რუსუდან ჩხუბიანიშვილი ამბობს, რომ პროექტის მეშვეობით ჩვენი ორგანიზაცია უაღრესად მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს მთავრობას:

"სამედიცინო პერსონალთან ადგილზე ინდივიდუალური მუშაობა და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა ქართულ რეალობაში არის სიახლე და მიზნად ისახავს სოფლად დასაქმებული ოჯახის ექიმებისთვის და ექთნებისათვის მტკიცებულებაზე დაფუძნებული სამედიცინო ინფორმაციის მიწოდებას, რომლის განახლებას ისინი დღემდე ვერ ახერხებდნენ და დამოკიდებულები იყვნენ საკუთარ მონდომებასა და ძალისხმევაზე, რომ მოეპოვებინათ სანდო ინფორმაცია დაავადებების მართვის და პრევენციის თანამედროვე მიდგომების შესახებ".

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მუშაობს. პროექტის აქტივობები მოიცავს ოჯახის ექიმებისთვის განახლებული კლინიკური პროტოკოლების გაცნობას და მათ პრაქტიკაში დანერგვას, ყოვლისმომცველი საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების შექმნასა და ქვეყნის მასშტაბით დანერგვას, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის სტანდარტების და მოთხოვნების განახლებასა და უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ჩამოყალიბებას პირველადი ჯანდაცვისთვის.

სტატია მომზადებულია ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ოფიციალური დახმარების მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

CzechAid logo  Logo_of_Ministry_of_Labour,_Health_and_Social_Affairs_of_Georgia._2012