ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონული საინფორმაციო სისტემები წარუდგინა
2. აგვისტო 2021 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონული საინფორმაციო სისტემები წარუდგინა

კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი და ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფა ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მთავარი განმაპირობებელი ნიშნებია. ჩეხეთის კარიტასი უკვე წლებია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას უჭერს მხარს. ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით, კარიტასმა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონული საინფორმაციო სისტემები წარუდგინა, რომლებიც ჯანდაცვის სერვისების ხარისხის მონიტორინგს, სამედიცინო გადაწყვეტილებების დროულად მიღებასა და პაციენტების მკურნალობის გაუმჯობესებულ შედეგებს უზრუნველყოფს.

ელექტრონული საინფორმაციო სისტემების პრეზენტაცია

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჯანდაცვის სამინისტროსთვის „მართვის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო სისტემა“ და „0-6 ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარებაზე მეთვალყურეობის საინფორმაციო სისტემა“ წარადგინა. აღნიშნული მიზნით, ჩეხეთის კარიტასის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა და ამავე ორგანიზაციის ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი იჟი შკვორი ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას შეხვდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები და პირველადი ჯანდაცვის ექსპერტები.

„მართვის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო სისტემა“ არის ინსტრუმენტი, რომელიც არა მხოლოდ დაეხმარება ჯანდაცვის სისტემას პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაზომვაში, არამედ იქნება ინფორმაციის რეგისტრაციის ერთადერთი წყარო და უზრუნველყოფს მონაცემების ავტომატურ გაზიარებას საქართველოს მთავრობის სხვადასხვა საინფორმაციო სისტემებში. აღნიშნული განსაკუთრებით დაეხმარება პირველად ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებს, რომელთაც არ აქვთ მონაცემთა შეგროვების შიდა ელექტრონული სისტემა, განსაკუთრებით რეგიონებში. ერთიანი ელექტრონული მართვის საინფორმაციო სისტემა აერთიანებს რიგების მართვის, ტელემედიცინისა და რეფერალის ერთიანი ელექტრონულ სისტემებსა და სამედიცინო ელექტრონული ჩანაწერების საწყობს პირველადი ჯანდაცვისთვის.

რაც შეეხება „0-6 ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარებაზე მეთვალყურეობის საინფორმაციო სისტემას“, სხვადასხვა ელექტრონული ინსტრუმენტის დანერგვის გზით, ის საშუალებას აძლევს ოჯახის ექიმებს, 0-6 წლამდე ასაკის ბავშვთა განვითარების ეტაპების თვალყურის დევნების მიზნით, მოახდინონ ბავშვთა ჯანმრთელობასთან/განვითარებასთან დაკავშირებული სერვისების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინტეგრაცია.

“საინფორმაციო სისტემების შექმნის გზით, ჩეხეთის კარიტასი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემის ხარისხს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული სისტემები პირველადი ჯანდაცვის რგოლში ჩართულ კლინიკებში დაინერგება, სამედიცინო პერსონალს ექნება ეფექტური ციფრული ხელსაწყოები, რათა მართონ პაციენტთა ნაკადი, ჰქონდეთ წვდომა მათ სამედიცინო ჩანაწერებზე წინა ვიზიტებიდან და შესაბამისად გააგზავნონ ისინი სპეციალისტებთან სხვა კლინიკებში. დარწმუნებული ვარ, რომ სერვისების გაციფროვნება დადებითად აისახება პაციენტების კმაყოფილებასა და გრძელვადიან პერიოდში, მათ ჯანმრთელობაზე,” ჩეხეთის კარიტასის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა.

ჩეხეთის კარიტასის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაწეული დახმარება უმნიშვნელოვანესია, რადგან ციფრული მონაცემების გამოყენების გზით, პროექტის ფარგლებში შემუშავებული საინფორმაციო სისტემები ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემაში ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასა და საქართველოში შედეგებზე დაფუძნებული გადახდის სისტემის დანერგვას.

ჩეხეთის კარიტასის როლი საქართველოს პირველად ჯანდაცვაში

ჩეხეთის კარიტასი საქართველოს მთავრობას 2015 წლიდან უჭერს მხარს და მიზნად ჯანდაცვისა და სოციალური სექტორების გაუმჯობესებას ისახავს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის შემუშავებული საინფორმაციო სისტემები ჩეხეთის კარიტასის მიერ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის, განსაკუთრებით კი პირველადი ჯანდაცვის რგოლის მხარდასაჭერად ჩატარებული ღონისძიებების ნაწილია.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, ჩეხეთის კარიტასის ექსპერტებმა შეიმუშავეს კლინიკური გზამკვლევები და პროტოკოლები, რომელთა პილოტირება პირველადი ჯანდაცვის რგოლში ჩართულ კლინიკებში მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. პროტოკოლებისთვის შერჩეული თემები ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩვენი ექსპერტების მიერ ერთობლივად განისაზღვრა. ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო ყველაზე მეტად გავრცელებულ არაგადამდებ დაავადებებზე, მათ შორის: დიაბეტი, ჰიპერტენზია, კარდიო-ვასკულარული დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დისლიპიდემია. ასევე, გაუმჯობესდა პრევენციული ზრუნვისთვის საჭირო პროტოკოლებიც, როგორებიცაა 0-6 ასაკის ბავშვის ჯანმრთელობის და განვითარების მეთვალყურეობა, 18-65 წლისა და 65 წლის ასაკს ზემოთ მყოფი ადამიანების გამოკვლევები. კლინიკური გზამკვლევების ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი ისაა, რომ ისინი გააუმჯობესებენ როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და პროცესს, ისე მათი გამოყენება აისახება პაციენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.

ხსენებული ტრენინგების გარდა, კარიტასის ექსპერტები შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ამბულატორიების სამედიცინო პერსონალის ინტენსიური კლინიკური სწავლებისა და მხარდამჭერი მეთვალყურეობის გზით, მუშაობენ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სისტემის შექმნაზე. აღნიშნული მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე, პაციენტების გამოცდილებისა და შედეგების გაუმჯობესებაში, და პირველადი ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერი კლინიკების შესაძლებლობების გაზრდაში.

COVID-19-ის გავრცელების პარალელურად, 2020 წლიდან ჩეხეთის კარიტასმა თავისი აქტივობები პანდემიასთან საბრძოლველად მიმართა და ჩაატარა ონლაინ ტრენინგები COVID-19-ის მართვის, პოსტ-კოვიდ გართულებებისა და ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების მართვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ორგანიზაციამ სოფლის ამბულატორიებს 50 კომპიუტერი გადასცა, რათა ამ დაწესებულებებს საშუალება ჰქონოდათ ეფექტიანად წარემართათ თავიანთი კლინიკური პრაქტიკა.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აქტიურად აგრძელებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მხარდაჭერას.