პირველადი ჯანდაცვა, როგორც ჯანდაცვის სისტემის კარიბჭე
23. მარტი 2023 სიახლეები

პირველადი ჯანდაცვა, როგორც ჯანდაცვის სისტემის კარიბჭე

პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სისტემის კარიბჭეა, რომელიც პასუხისმგებელია დაავადებების პრევენციასა და მოსახლეობის დაცვაზე დაავადებების შემდგომი გართულებებისაგან. ამ გზით პირველადი ჯანდაცვა იცავს ჯანდაცვის მომდევნო რგოლებს გადატვირთვისგან. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაში – მუშაობს სამედიცინო პროტოკოლების განახლებაზე, ოჯახის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ხელს უწყობს პირველადი ჯანდაცვის მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უწყვეტი სამედიცინო განათლების მნიშვნელობა სოფლის ექიმებისთვის

საქართველოში სოფლად დასაქმებული ოჯახის ექიმის სამუშაო სპეციფიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ქალაქში მომუშავე ოჯახის ექიმის სამუშაოსგან. სამედიცინო პრაქტიკასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების გარდა, სოფლის ექიმებს უწევთ უამრავ სოციალურ პრობლემასთან შეჭიდებაც. ხშირად სოფლის ექიმს ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა აბარია, მისი ერთადერთი დამხმარე კი მხოლოდ მისივე ექთანია. ამას თან ერთვის ხოლმე რთული გეოგრაფიული და კლიმატური პირობები, ავტომობილის უქონლობა მძიმე პაციენტთან ბინაზე მისასვლელად და სხვა უამრავი გამოწვევა.

213775275_947581365787271_6706971659566290398_n

გოდერძი თოდუა ზუგდიდის რაიონის სოფელი ნარაზენის ამბულატორიაში ოჯახის ექიმად 2001 წლიდან მუშაობს. ის და მისი კოლეგა ჯამში 3 400 პაციენტს ემსახურებიან – როგორც ბავშვებს და მოზარდებს, ისე ზრდასრულებს. როგორც წესი, გოდერძი პაციენტებს ამბულატორიაში ემსახურება ან კონსულტაციას დისტანციურად, ტელეფონით უწევს, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტს დახმარება ბინაზე სჭირდება. ამგვარ სიტუაციაში გამოსავალი ერთია, გოდერძი პაციენტთან თავისი მანქანით მიდის, რადგან ამბულატორიას საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს.

გოდერძი თოდუას თქმით, მათ სოფელში გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს შორის, პირველ ადგილზე არტერიული ჰიპერტენზიაა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება შემდგომი გართულებისა და ლეტალური შედეგების თავიდან ასაცილებლად. არტერიული ჰიპერტენზიის შემდეგ, პაციენტებში ყველაზე ხშირად გვხვდება შაქრიანი დიაბეტი და ბრონქული ასთმა. აუცილებელია აღნიშნული დაავადებების მუდმივი მეთვალყურეობა და კონტროლი იმისთვის, რომ არ გართულდეს პაციენტის მდგომარეობა და არ დადგეს მისი სპეციალისტთან ან ჰოსპიტალში გადამისამართების გადაუდებელი საჭიროება.

პირველად ჯანდაცვაში გავრცელებული დაავადებების სწორად სამართავად აუცილებელია ოჯახის ექიმი ხელმძღვანელობდეს უახლესი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პროტოკოლებითა და გზამკვლევებით. ამასთან, მას უნდა ჰქონდეს საშუალება ჩაერთოს უწყვეტ სამედიცინო საგანმანათლებლო აქტივობებში. რთული და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, გოდერძის ყოველთვის არ აქვს დრო მიჰყვეს მედიცინის სიახლეებს და იზრუნოს საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ამიტომ მისთვის ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში მიღებულ ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

IMG-ff379438eab66988ce8eb8248a197396-V

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა გადაამზადა დუშეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ოჯახის ექიმები განახლებული კლინიკური პროტოკოლების შესაბამისად და ექიმებს გაუწია მხარდამჭერი მეთვალყურეობა კლინიკური პროტოკოლების პრაქტიკაში სრულფასოვნად დანერგვაში.

 „პირველადი ჯანდაცვა არის ჯანდაცვის სისტემის კარიბჭე, ამიტომ ოჯახის ექიმები და მედდები მუდმივად გადამზადების პროცესში უნდა იყვნენ იმისთვის, რომ არ ჩამორჩნენ მედიცინის სიახლეებს და იცოდნენ გავრცელებული დაავადებების ხარისხიანი მართვა და შემდგომი მეთვალყურეობა. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ტრენინგების მეშვეობით, საშუალება მომეცა, მეტი დრო დამეთმო სამედიცინო განათლებისთვის, გავცნობოდი უახლეს ინფორმაციას და ამემაღლებინა კვალიფიკაცია. ეს დახმარება იყო ძალიან საჭირო და დროული და მოხარული ვარ, რომ მქონდა აქტიურ სწავლებაში ჩართვის საშუალება“. – ამბობს გოდერძი თოდუა, სოფელი ნარაზენის ოჯახის ექიმი.

დუშეთსა და ზუგდიდში ასობით ექიმის კვალიფიკაცია გაუმჯობესდა

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მიზანი იყო პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება პირველადი ჯანდაცვის ხარისხის მართვის ინსტრუმენტების შემუშავებით, პირველადი ჯანდაცვის მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის შექმნითა და პირველადი ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის სტანდარტების და მოთხოვნების განახლებით.

IMG_9288

პროექტის აქტივობები მოიცავდა დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 28 ამბულატორიას და მიზნად ისახავდა სამედიცინო პერსონალის სწავლებას, სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების სისტემის დანერგვის ხელშეწყობასა და პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ტექნიკურ დახმარებას მხარდამჭერი სუპერვიზიის გზით, როგორც ადგილზე ვიზიტების, ისე დისტანციური ჩართვების მეშვეობით.

პროექტის ფარგლებში საპილოტე მუნიციპალიტეტებში სულ ჩატარდა 139 ონლაინტრენინგი, 132 ადგილზე მხარდამჭერი სუპერვიზიის ვიზიტი და 205 ონლაინმხარდამჭერი სუპერვიზიის სესია. შედეგად, გაუმჯობესდა სოფლის ამბულატორიების სამედიცინო პერსონალის კლინიკური კომპეტენცია და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხი, მოწესრიგდა პაციენტების აღრიცხვიანობის სისტემა, სამედიცინო პერსონალმა დაიწყო ელექტრონული სამედიცინო ისტორიების სატესტო რეჟიმში გამოყენება, გაუმჯობესდა ექთნის ჩართულობა პირველად ჯანდაცვაში გავრცელებული პრობლემების მართვისა და პრევენეციის კუთხით.

შექმნილი საინფორმაციო სისტემების მნიშვნელობა ჯანდაცვის სისტემისთვის

ამავე პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია პირველადი ჯანდაცვისათვის საინფორმაციო სისტემების შექმნა და დანერგვა, მათ შორის COVID-19-ის ლაბორატორიული სისტემა (CovidLab), რომელიც პანდემიის პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებიდან ლაბორატორიული ტესტირების შედეგების შეგროვებასა და მათ მართვას უზრუნველყოფდა; პირველადი ჯანდაცვის სექტორში ერთიანი რიგების ელექტრონული სისტემა – www.booking.moh.gov.ge, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა კოვიდაცრებზე ონლაინჯავშნების გასაკეთებლად იყენებდა. ამჟამად პაციენტები ამ სისტემას იყენებენ ოჯახის ექიმთან ვიზიტის წინასწარ დასაჯავშნად მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში. ამავე სისტემის გამოყენებაა შესაძლებელი პაციენტის რეფერალისა და მათთან ტელეკონსულტაციების ჩასატარებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მომსახურებისათვის, ვისაც არ აქვს ამბულატორიებში მისვლის შესაძლებლობა ტრანსპორტის თუ საგზაო ინფრასტუქტურის პრობლემების გამო. 

IMG_9488

პირველადი ჯანდაცვის მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის შექმნა და პირველად ჯანდაცვაში სამედიცინო ჩანაწერების გაციფრულება პროექტის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. აღნიშნული სისტემების პილოტირება ამ ეტაპზე დუშეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლის ამბულატორიებსა და თბილისის და ქუთაისის პირველადი ჯანდაცვის რამდენიმე დაწესებულებაში მიმდინარეობს. მთავარი შედეგი კი იქნება ამ სისტემის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემა მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვისა და შემდგომი განვითარებისთვის.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერს რუსუდან ჩხუბიანიშვილს მიაჩნია, რომ პროექტმა ახალი სიტყვა თქვა პირველად ჯანდაცვაში საინფორმაციო სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებით:

„სოფლის ამბულატორიებს დღემდე არ ჰქონდათ შესაძლებლობა ელექტრონულად შეევსოთ პაციენტების სამედიცინო ისტორია. ისინი მოკლებული იყვნენ სამედიცინო სიახლეებს და არ ჰქონდათ ინფორმაცია, როგორ უნდა ემართათ გავრცელებული დაავადებები თანამედროვე კლინიკური სტანდარტების შესაბამისად. მათ არ იცოდნენ, რას წარმოადგენდა ხარისხი პირველად ჯანდაცვაში და როგორ უნდა ყოფილიყო ის უზრუნველყოფილი თუ გაუმჯობესებული. ახლა საპილოტე დაწესებულებების ექიმებს უკვე აქვთ უნარები ჩაატარონ კლინიკური აუდიტი წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით და შეუძლიათ თვალი მიადევნონ დროში კლინიკური პრაქტიკის გაუმჯობესებას“.

რუსუდანს იმედი აქვს, რომ პროექტის მიერ წარდგენილ მოდელს, რომელიც მთელ მსოფლიოშია მიღებული, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დანერგავს მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

"ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოსთვის მართლაც ძალიან ღირებული და დასაფასებელია". – ამბობს რუსუდანი.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარების მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სტატია მომზადებულია ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ოფიციალური დახმარების მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

Czech Development Agency - Logo (1)