როგორ ეხმარება ტელემედიცინა სოფლის ექიმებს პაციენტების მდგომარეობის დისტანციურად მართვაში
23. მარტი 2023 სიახლეები

როგორ ეხმარება ტელემედიცინა სოფლის ექიმებს პაციენტების მდგომარეობის დისტანციურად მართვაში

ტელემედიცინა საშუალებას აძლევს ექიმებს შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა, დაუსვან დიაგნოზი და უმკურნალონ მათ დისტანციურად. პანდემიით გამოწვეულმა ვითარებამ საქართველოში ტელემედიცინის დანერგვის საჭიროება კიდევ ერთხელ ცხადყო. ამის გათვალისწინებით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა UNICEF-ის მხარდაჭერით, დედათა და ბავშვთათვის უწყვეტი და ხარისხიანი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სოფლის საპილოტე ამბულატორიებში ხელი შეუწყო დისტანციური სამედიცინო სერვისების დაწყებას და შექმნა პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების  სტრუქტურა საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის ბაზაზე.

ტელემედიცინა ზოგავს პაციენტისა და ექიმის დროსა და ფინანსებს

თეა სახოკია, ოჯახის ექიმი სენაკის მუნიციპალიტეტიდან უკვე მრავალი წელია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან თანამშრომლობს და სხვადასხვა დროს ჩართული იყო ჩვენი ორგანიზაციის მიერ ოჯახის ექიმებისათვის შეთავაზებულ ტრენინგებში, არა მხოლოდ როგორც მონაწილე, არამედ როგორც კლინიკური პროცესების ხარისხის ფასილიტატორი. ევროპის კავშირის (EU) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილ პროექტში, თეა ხარისხის მენეჯერი იყო და მუშაობდა ტელემედიცინის სერვისების დანერგვაზე მის დაქვემდებარებაში მყოფ შვიდ საპილოტე ამბულატორიაში. მისი თქმით, სულ რაღაც ოთხ თვეში პროექტის აქტივობებმა წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია და იმედი აქვს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ გაგრძელდება.

IMG_3809

თეა გვიყვება, რომ პროექტის საწყის ეტაპზე, წინასწარ მომზადებულმა ათი ხარისხის მენეჯერმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაფასა სიტუაცია მათ დაქვემდებარებაში მყოფ ამბულატორიებში. ამის შემდეგ მათ დაიწყებს ადრეული ასაკის ბავშვის ზრდისა და განვითარების ელექტრონული მოდულის პილოტირება 50 ამბულატორიაში, სოფლის ექიმებს შეასწავლეს ზემოაღნიშნული ელექტრონული მოდულის გამოყენება, გააცნეს ტელემედიცინის პრაქტიკა და ჩაუტარეს შესაბამისი ტრენინგები. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო სისტემები და ტელემედიცინა სოფლის ექიმებისთვის სიახლე იყო, ელექტრონულ მოდულში მუშაობა მათთვის რთული არ აღმოჩნდა:

„თუმცა საჭირო იყო არა მხოლოდ ელექტრონულ მოდულებში მუშაობის შესწავლა, არამედ პირველადი ჯანდაცვის კლინიკური გზამკვლევების ცოდნა, რაც საშუალებას მისცემდა მათ თავისუფლად ემუშავათ მოდულშიც, სადაც ოჯახის ექიმის დაქვემდებარების არეალში მყოფი ყველა ბენეფიციარია რეგისტრირებული, თვითონ მოდულს კი აქვს უამრავი ფუნქცია და ფილტრი – იქნება ეს არეალით გაფილტვრა, ასაკის თუ კლინიკური პარამეტრების მიხედვით – მუშაობის გამარტივებისთვის.“

თეა გვიხსნის, რომ არ არსებობს ისეთი დაბრკოლება, რომელმაც ამ მნიშვნელოვანი პროცესების მიმდინარეობა შეიძლება შეაფერხოს. მისი თქმით, ისეთი შემთხვევებისთვისაც კი, როდესაც ბავშვს დადგენილი აქვს განვითარების შეფერხება ან გამოვლენილია რისკ-ფაქტორი, ოჯახის ექიმი მარტო არ არის – მას ჰყავს სპეციალისტების გუნდი, რომელთანაც კონსულტაციის მიღება არა მხოლოდ თავად შეუძლია, არამედ ჯავშნის გაკეთება და კონსულტაცია შეუძლია პაციენტსაც: 

IMG_3813

„აღსანიშნავია, რომ ბევრ პაციენტს არ ესმის დისტანციური კონსულტაციის სპეციფიკა და ექიმს უწევს მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნას მისი სიკეთეები. ტელემედიცინა ზოგავს პაციენტისა და ექიმის დროს და ამცირებს ხარჯებს, განსაკუთრებით, როდესაც პაციენტს სხვა სოფლიდან უწევს ჩამოსვლა. ამიტომ ეს პროექტი არის ოჯახის ექიმების უდიდესი მხარდაჭერა პირველადი ჯანდაცვის დონეზე. განვითარების შეფერხების ან/და რისკის მქონე ბავშვები, პაციენტები, რომელთაც უწევთ სკრინინგი, ამ ფორმატით მიიღებენ ძალიან მაღალი ხარისხის სერვისს.“

პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების მნიშვნელობა სოფლის ოჯახის ექიმებისთვის

ბოლო წლების განმავლობაში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მხარდაჭერა პირველად ჯანდაცვაში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის დროს. UNICEF-თან ერთად განხორციელებული სამი წარმატებული პროექტის შემდეგ, 2022 წლის ივლისში დავიწყეთ ახალი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა დისტანციური სერვისების განვითარებასა და „პირველადი ჯანდაცვის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების ცენტრის“ ჩამოყალიბებას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის უზრუნველსაყოფად. პროექტმა მოიცვა 50 ამბულატორია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

IMG_3840

პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ექსპერტებმა და ხარისხის მენეჯერებმა საპილოტე სამედიცინო დაწესებულებებში ჩაატარეს ტრენინგები 0-6 წლამდე ბავშვთა განვითარებაზე ზედამხედველობის ფარგლებში დისტანციური კონსულტაციების დანერგვის ხელშესაწყობად. გარდა ამისა, ექიმები ჩართულები იყვნენ ტექნიკური ხასიათის ტრენინგებში. პროექტის მიმდინარეობისას, სოფლის ექიმების შესაძლებლობებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, ხარისხის მენეჯერებს მათთან ჰქონდათ უწყვეტი კომუნიკაცია და იღებდნენ უკუკავშირს სხვადასხვა კლინიკურ თუ ტექნიკურ პრობლემასთან დაკავშირებით.

ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საპილოტე დაწესებულებებისა და სხვა დანარჩენი სოფლის ამბულატორიების მედდებს ჩაუტარდათ პირისპირ ტრენინგი 0-6 წლამდე ბავშვთა განვითარებაზე ზედამხედველობაში ექთნისა და მულტიდისციპლინური მუშაობის მნიშვნელობის შესახებ. ტრენინგის ძირითადი ფოკუსი იყო პირველადი ჯანდაცვის ექთნის მიერ საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერება ბავშვთა ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობასა და პრევენციაში.

ხსენებულ საპილოტე ამბულატორიებში გაუმჯობესდა 0-6 წლის ბავშვთა ჯანმრთელობასა და განვითარებაზე მეთვალყურეობის ხარისხი – გაიზარდა ექიმების ინფორმირებულობა დისტანციურ სამედიცინო კონსულტაციებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას აძლევს მათ განვითარებაზე მეთვალყურეობის ხარვეზები შეავსონ იმ შემთხვევაშიც, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია სამედიცინო დაწესებულებაში პირისპირ ვიზიტის განხორციელების პრობლემით (მაგალითად, ტრანსპორტის არარსებობა, ბავშვის ავადმყოფობა და ა.შ.)

პროექტმა საფუძველი ჩაუყარა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების ხარისხზე მეთვალყურეობის და ტელემედიცინის ჰაბს, რომელშიც გაერთიანდნენ, როგორც საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის პირველადი ჯანდაცვის ექსპერტები, ისე ოჯახის ექიმები და ადრეული განვითარების სპეციალისტები. ჰაბი საშუალებას მისცემს სოფლის ოჯახის ექიმებს დროულად ჩართონ შესაბამისი სპეციალისტი ბავშვის განვითარების საეჭვო შემთხვევის მართვაში და ასევე დროულად გადაამისამართონ პაციენტი ადრეული ინტერვენციის სერვისში. 

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარების მიზნით.

1270   unicef-for-every-child-logo