ნატურალური ხისგან დამზადებული სათამაშოები მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ბავშვებისთვის
10. ოქტომბერი 2022 სიახლეები

ნატურალური ხისგან დამზადებული სათამაშოები მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ბავშვებისთვის

ხისგან დამზადებული სათამაშოები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს მათი ხარისხის, გამძლეობისა და ბიოდეგრადირებადი თვისების გამო. ბოლო წლებში საქართველოში მცხოვრები მშობლები ცდილობენ უპირატესობა მიანიჭონ ხის სათამაშოებს პლასტმასის ნაკეთობებთან შედარებით. სწორედ ამ მოცემულობამ შთააგონა მაღალმთიანი აჭარის მცხოვრები ჯამბულ წულუკიძე ხის სათამაშოებისა და აქსესუარების საწარმოს დაარსება, რისთვისაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD ხულოს პროექტის ფარგლებში 22 470 ევროს ოდენობის საგრანტო თანხა მოიპოვა.

jambul tsulukidze

სოფელი დიდაჭარა აჭარის რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ბართან შედარებით აქ უფრო სუფთა ჰაერი და უკეთესი ეკოლოგიური პირობებია. ამის გათვალისწინებით, ჯამბულ წულუკიძე განსაკუთრებით განიცდიდა იმ ფაქტს, რომ სოფლის ბავშვები ხშირად თამაშობდნენ სათამაშოებით, რომელთა წარმომავლობა და უვნებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ჯამბულს წლების წინ ხის საამქრო ჰქონდა და შესაბამისად – ხის ნაკეთობების წარმოების დიდი გამოცდილებაც. ასე დაიბადა იდეა, არსებული ცოდნა ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების წარმოებისთვის გამოეყენებინა. 

„ხესთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მქონდა, რადგან ადრე საკუთარ ხის საამქროში ვმუშაობდი. ბოლო წლებში ხის სათამაშოები განსაკუთრებით პოპულარული გახდა და ნელ-ნელა პლასტმასის სათამაშოების ჩანაცვლება დაიწყო. სწორედ აქედან გაჩნდა იდეაც, მეწარმოებინა ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, რომლებიც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. აღმოჩნდა, რომ ამავე პერიოდში ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ახორციელებლდა ENPARD ხულოს პროექტს, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და გავიმარჯვე კიდეც.“

პროექტის ფარგლებში ჯამბულ წულუკიძეს გადაეცა თანამედროვე დანადგარები, რომელთა მეშვეობითაც ხეზე მუშაობა არა მხოლოდ გაადვილდა, არამედ ნაკლებ დროსაც მოითხოვს. ამ ეტაპზე საწარმოში დამზადებული აქსესუარები და ხის სათამაშოები იყიდება ონლაინ, Facebook გვერდის მეშვეობით და ადგილობრივ მაღაზიებში. აღსანიშნავია, რომ პროდუქტი განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ სოფელ დიდაჭარაში სარგებლობს:

„სოფელში კარგი რეალიზაცია მაქვს – მიკვეთავენ სათამაშოებს, პაზლებს, ანბანს, ციფრებსა და გემოეტრიულ ფიგურებს. პანდემიამ გარკვეულწილად ხელი შეგვიშალა, თუმცა ახლა აქტიურად განახლდა გაყიდვები“.

საწარმოში ორი ადამიანია დასაქმებული, თუმცა, სამომავლოდ კიდევ სამი ადამიანის დამატება იგეგმება. სამომავლო გეგმები ასევე მოიცავს გაფართოებასა და სარეალიზაციო სივრცეების დამატებას.

ევროკავშირის ENPARD პროექტის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ჯამბულ წულუკიძეს გადაეცა საგრანტო თანხა 22 470 ევროს ოდენობით, რომლითაც მან შეიძინა კომპიუტერული დანადგარი და ლაზერის აპარატი ხეზე ჭრისთვის. თავის მხრივ, ჯამბულ წულუკიძემ თავისი პროექტისთვის ააშენა 100 კვმ ფართობის საწარმო. პროექტის შერჩევის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი.

280747250_1712291122467298_4616971562798245417_n

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD ხულოს პროექტის ფარგლებში, დაფინანსდა 75 ბენეფიციარი ჯამური თანხით 975 000 ევრო. შეიქმნა 300 სამუშაო ადგილი. პროექტის მონაწილეთა ბიზნესმენეჯმენტის უნარების გასავითარებლად, ასევე, მათი პროდუქტებისა და სერვისების ცნობადობისა და მდგრადობის გაზრდის მიზნით, ჩატარდა 13 ტრენინგი ბიზნესმენეჯმენტსა და მარკეტინგში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 220-მა ბენეფიციარმა. ტრენინგები გაიმართა საძოვრების მენეჯმენტში, ტყის მდგრად მართვაში, კატასტროფის რისკის შემცირებაში, აგროტურიზმსა და ეკოტურიზმში. ჯამში 18 ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 273-მა ბენეფიციარმა.

2018-2019 წლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად, გაიმართა „ხულო ფესტი“, 2020 წელს კი თბილისისა და ბათუმის ტურ-ოპერატორებისთვის –  საინფორმაციო ტურები ზამთრის და ზაფხულის ტურიზმის წარმოსაჩენად ხულოში.