24 წლის აკაკი რაჭიდან საკუთარი წარმოების ღვინოს ევროპისა და აზიის ბაზრებზე ყიდის

24 წლის აკაკი რაჭიდან საკუთარი წარმოების ღვინოს ევროპისა და აზიის ბაზრებზე ყიდის

არქეოლოგების მიერ 7 000 წლით დათარიღებული ნიშნები მევენახეობა-მეღვინეობაზე მიუთითებს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ჩვენს ქვეყანაში 500-ზე მეტი ჯიშის ყურძენი იზრდება, მათ შორის ალექსანდროული და მუჯურეთული, რომელთაგან განსაკუთრებული რაჭული ღვინო „ხვანჭკარა“ მზადდება. სწორედ “ხვანჭკარას” აწარმოებს 24 წლის აკაკი სირაძეც, რომლის ღვინის მარნის გაფართოებასაც ჩეხეთის კარიტასმა სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს (SlovakAid) ფინანსური მხარდაჭერით შეუწყო ხელი.

 როგორ შექმნა აკაკიმ ღვინის ბრენდები „ამბრა“ და „ქვე შენი ჭირიმე“

აკაკის ბიზნესის ისტორია ტრადიციული ქართული ოჯახით იწყება. მისი წინაპრები სულ ცდილობდნენ ვენახები გაეფართოებინათ, რათა უფრო მეტი ყურძნის მოყვანა და რეალიზება შესძლებოდათ. თავად აკაკის ბავშვობიდან ჰქონდა სურვილი მამა-პაპისეულ გზას გაჰყოლოდა და საკუთარი ღვინის საწარმოს შექმნის იდეა მუდმივად თავში უტრიალებდა. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ, სამაგისტრო პროგრამა მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტზე შეარჩია.

აკაკიმ ღვინის წარმოება პირველად 2019 წელს მოსინჯა. თავიდან დაახლოებით 200 ბოთლი ჩამოასხა, რომელიც საქართველოს ბაზარზე სულ რაღაც 2 თვეში გაყიდა. 2020 წელს კი უკვე ახალი მარნის მშენებლობა დაიწყო. ამჟამად ღვინის ბაზარზე ორი ბრენდი – „ამბრა“ და „ქვე შენი ჭირიმე“ აქვს წარმოდგენილი. მისი წარმოების ღვინო იყიდება, როგორც ადგილობრივ პრესტიჟული ღვინის ბარებსა და მაღაზიებში, ისე ექსპორტზე გააქვს ევროპისა და აზიის ბაზრებზე.

147971587_727957974573865_7181853189328799948_n

„2020 წლის მოსავალში უკვე 3 500-4 000 ბოთლამდე ღვინო გვქონდა და ავითვისეთ, როგორც საქართველოს, ისე ევროპის ბაზარი. ჩვენი ღვინო ჰოლანდიაში საწყობდება და იქიდან, მოთხოვნისამებრ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, იტალიაში და ისევ ჰოლანდიაში ნაწილდება,“ აკაკი სირაძე, ჩეხეთის კარიტასის მიერ მხარდაჭერილი მეღვინე ამბროლაურის რაიონის სოფელი ბუგეულიდან.

“აკაკი იმ მეწარმეების რიგებში შედის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან  გადაშენების პირას მისული რაჭული ტრადიციული ჯიშების აღდგენით და აქვთ ორგანულ მეურნეობაზე გადასვლის ინტერესი, რამაც განაპირობა მისი მოხვედრა ჩეხეთის კარიტასის საგრანტო კომპონენტის ბენეფიციართა რიცხვში,“  – ეკატერინე მესხრიკაძე, ჩეხეთის კარიტასის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში, პროექტის მენეჯერი.

პროექტის ფარგლებში აკაკის გადაეცა 3 ცალი უჟანგავი ფოლადის ცისტერნა, რაც დაეხმარა პანდემიის შედეგად ღვინის რეალიზაციის შემცირებით გამოწვეული რთული პერიოდის შედარებით უმტკივნეულოდ გადატანაში, 2020 წლის რთველის შეფერხების გარეშე ჩატარებასა და შედეგად წარმოების გაზრდაში. მნიშვნელოვანია, რომ ამ მოკლე პერიოდში, აკაკიმ შეძლო სადეგუსტაციო სივრცის მოწყობა და მისი მარანი დღეს რაჭის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოსანახულებელ ადგილებს შორისაა.

პოპულარობა საქართველოს, ევროპისა და აზიის ბაზრებზე

აკაკი სირაძე ნატურალ პროდუქტს აწარმოებს – მისი ვენახი იწამლება მხოლოდ ბიოპრეპარატებით, დაწურული ღვინო კი არის ორგანულად სუფთა პროდუქტი. აკაკის მიერ წარმოებული ღვინის გემოვნური თვისებები და მაღალი ხარისხი მალევე შენიშნეს ქართველმა მეღვინეებმა, რის შედეგადაც „ამბრა“ და „ქვე შენი ჭირიმე“ პოპულარული ღვინის დახლებსა და რესტორნებში აღმოჩნდნენ.

ღვინის ერთ-ერთ გამოფენაზე, აკაკის დახლთან ცნობილი ქართული ღვინის ბარის – 8 000 მოსავლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ჩხაიძე აღმოჩნდა, რომელიც ახალგაზრდა მეღვინის პროდუქტით აღფრთოვანებული დარჩა. სწორედ ირაკლის რეკომენდაციის შედეგად აღმოჩნდა აკაკის ღვინო 8 000-ის მოსავლის ბრმა დეგუსტაციის დღეზე, რომლის შედეგადაც სომელიეებმა „ამბრა“ და „ქვე შენი ჭირიმე“ ბარში განსათავსებლად შეარჩიეს.

„ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ადამიანი რაჭის რეგიონს ასე კარგად წარმოაჩენს, ძალიან დასაფასებელია. იშვიათ ჯიშებს ურევს ერთმანეთთან. მის ღვინოებს აქვს მსუბუქი სხეული, ხავერდოვანი სტრუქტურა და აბსოლუტურად სხვა კუთხით გვანახებს რაჭას. განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო ენდემურ ჯიშებზე – აკაკის ხვანჭკარას რომ დააგემოვნებ, მკვეთრად იგრძნობა ადგილისა და ნიადაგის გავლენა,“ კოსტა ჭანტურია, 8 000 მოსავლის სომელიე.

123202611_668934443809552_8272483669923239425_n

8 000 მოსავალთან დამეგობრების შემდეგ იყო იაპონია. სწორედ ხსენებულ ღვინის ბარში დააგემოვნეს იაპონელმა სტუმრებმა აკაკის ღვინო, რის შემდეგაც მის სოფელში მეტი დეტალის გასარკვევად ჩავიდნენ. სტუმრებს აინტერესებდათ როგორი იყო წარმოების ტექნოლოგია, როგორ იწამლებოდა ვენახები და მზადდებოდა ღვინო. ასე მოხვდა „ქვე შენი ჭირიმე“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ღვინის ბაზარზე.

აკაკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტი „მზიაა“, რომელსაც „ქვე შენი ჭირიმეს“ ბრენდის ქვეშ განსაკუთრებული ბრენდინგით, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით აწარმოებს. სწორედ „მზიაა“ ის ბრენდი, რომელსაც იაპონიაში უკვე კარგად იცნობენ:

„მზია დედაჩემს ერქვა. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ვენახი, საიდანაც ამ ყურძენს ვიღებთ, 7 წლის წინ სწორედ მან გააშენა. ძალიან მინდოდა იმგვარი რაღაცის გაკეთება, რასაც დედას მივუძღვნიდი და თან ამ ყველაფერში მისი წვლილიც წარმოჩინდებოდა.“

აკაკი ამბობს, რომ ახლადაშენებული მარნის ტერასაზე მალე რესტორანსაც ვიხილავთ. სამომავლოდ სურვილი აქვს თავის ვენახებში რამდენიმე კოტეჯი ააშენოს, რათა „ამბრასა“ და „ქვე შენი ჭირიმეს“ დასაგემოვნებლად მისულ ვიზიტორს ადგილზე დარჩენის საშუალება და სასიამოვნო დროის გატარების საშუალება ჰქონდეს:

„წელს მინდა წარმოება  10 000 ბოთლამდე გავზარდო, მომავალ წელს კი – 20 000-მდე, რადგან მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.“

7S1A5774

ჩეხეთის კარიტასის როლი პანდემიასთან ბრძოლაში

პანდემიის დაწყებისთანავე ჩეხეთის კარიტასმა თავისი აქტივობების უდიდესი ნაწილი COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების აღმოფხვრაზე მიმართა. სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს (SlovakAid) ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის კარიტასმა სლოვაკურ არასამთავრობო ორგანიაცია Sosna-თან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი „კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება რაჭაში“.

პროექტის ფარგლებში, მხარი დავუჭირეთ 26 მცირე და საშუალო მეწარმის საქმიანობის გაფართოებას; შენარჩუდნა 40 სამუშაო ადგილი; 40-მა მცირე და საშუალო მეწარმემ გაიუმჯობესა ციფრული მარკეტინგის უნარები; 152 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა ქათმები თავისი ვეტ-პრეპარატებითა და საკვებით. აკაკის ღვინის მარანი დაფინანსებულ პროექტთაგან ერთ-ერთია.

ნინა კოპალეიშვილი – ჩეხეთის კარიტასის პიარისა და კომუნიკაციის ოფიცერი, nina.kopaleishvili@caritas.cz