31 წლის ნანამ რაჭაში ტიხრული მინანქრის სახელოსნო გახსნა
9. სექტემბერი 2021 წარმატების ისტორიები

31 წლის ნანამ რაჭაში ტიხრული მინანქრის სახელოსნო გახსნა

31 წლის ნანა იარალიშვილმა დედაქალაქში ცხოვრებას მშობლიურ რეგიონში დაბრუნება და საკუთარი ნიჭის რეალიზება იქ არჩია. სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს (SlovakAid) ფინანსური მხარდაჭერით, ნანა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და ქალაქ ონში ტიხრული მინანქრის სახელოსნო – NanArt გახსნა.

ნანა მშობლიურ ქალაქს უბრუნდება

ნანა იხსენებს, რომ ბავშვობიდან უყვარდა ხელნაკეთ აქსესუარებზე მუშაობა. მუშაობდა სხვადასხვა მასალაზე, ცდილობდა სულ ახალ-ახალი რაღაცები ესწავლა. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქარგვას დაეუფლა, მეგობარმა კი თექის სათამაშოების გაკეთება ასწავლა. მისი ერთ-ერთი გატაცება ტიხრულ მინანქარზე მუშაობა იყო. ერთადერთი, რაც საყვარელი საქმის კეთებაში ყოველთვის ხელს უშლიდა, საკუთარი სახელოსნოს უქონლობა იყო და ამის გამო, საკმაოდ დიდ მანძილს გადიოდა ყოველდღიურად, რათა მეგობრის ტიხრული მინანქრის სახელოსნოში ემუშავა:

“სახლში არ მქონდა ტიხრულ მინანქარზე მუშაობისთვის სათანადო პირობები. მოგეხსენებათ, საჭიროა სხვადასხვა ხელსაწყო და გამოსაწვავი ღუმელი. ვცდილობდი, მომეგროვებინა თანხა ამ ყველაფრის შესაძენად და მომეწყო საკუთარი სივრცე, თუმცა სულ ჩნდებოდა სხვა საჭიროებები და თანხა არასდროს იყო საკმარისი.”

თბილისში უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ნანამ საბანკო საქმის მიმართულებით რამდენიმე წელს იმუშავა. შემდეგ კი გადაწყვიტა ონში დაბრუნებულიყო და თავისი ჰობისთვის მიეძღვნა თავი. საქართველოში ახალგაზრდები, ძირითადად, თბილისში ცხოვრებისკენ ისწრაფვიან, რადგან მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ დედაქალაქში თვითრეალიზებისთვის მეტი შესაძლებლობა არსებობს. სწორედ ამიტომ ნანას გადაწყვეტილება საკმაოდ უჩვეულო ნაბიჯი აღმოჩნდა.

რაჭაში გადასვლის შემდეგ, ნანამ ოჯახი შექმნა და შვილი შეეძინა. მალავე საკუთარი მშობლებიც დააბრუნა ონში:

„ჩემი მშობლებიც კი დავაბრუნე რაჭაში.  თბილისში დედაჩემი კონდიტერად მუშაობდა, ახლა კი ონში საკუთარი პატარა საკონდიტრო აქვს.“

ნანა ონში ტიხრული მინანქრის სახელოსნოს ხსნის

ნანას სურვილი, შეექმნა თავისი სახელოსნო, არც ონში განელებია. სულ ცდილობდა, თვალი მიედევნებინა გამოცხადებული საგრანტო კონკურსებისა და დაფინანსების სხვა შესაძლებლობებისთვის. ამასობაში, მეგობრებთან ერთად თექის ნახატებზე მუშაობა დაიწყო.

პანდემიის პერიოდში, სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, რომელიც ნანასთვის ოცნების ახდენის რეალურ გზად იქცა. პროექტის ფარგლებში, ნანამ 5 000 ლარის საგრანტო თანხა მოიპოვა და საკუთარი სახელოსნოს გახსნა შეძლო:

„საგრანტო თანხით შევიძინე მაგიდა, სკამები და სანათები თითოეული მაგიდისთვის, ბორ-მანქანა, მინანქრის ღუმელები, საპრიალებელი დაზგა და საიუველირო ნაკრები, რომელითაც მინანაქრი მუშავდება. ჩეხეთის კარიტასმა მომცა შესაძლებლობა, რომ ჩემი ოცნება რეალობად მექცია.“

7S1A5364

ამჟამად ნანა აწარმოებს ტიხრული მინანქრის სამკაულებს ვერცხლში, ჯვრული ნაქარგობის აქსესუარებს, თექის სათამაშოებსა და რაჭული ყვავილების სამკაულებს ეპოქსიდით. პროდუქტის რეალიზებას, ძირითადად, ციფრული არხებით ახდენს. ამ დროისთვის, უკვე ჰყავს მუდმივი მომხმარებელი სხვადასხვა რეგიონიდან:

„ერთ-ერთი მუდმივი მომხმარებელი ქუთაისიდან მყავს, სულ მიკვეთავს მინანქრის საკმაულებს. ასევე, კანადაში გავაგზავნე ახლახანს მინანქრის ბეჭედი, თექის სათამაშოები და რაჭული ყვავილების გულსაკიდი.

დაფინანსების მერე, ჩემს სახლეოსნოში ახალი მიმართულებით დავიწყე მუშაობა – რაჭული ყვავილები სამკაულებად. ეპოქსიდის საშუალებით ვაკეთებ საიუველირო ნაკეთობებს გულსაკიდების, ბროშების და სხვადასხვა აქსესუარის სახით. ჩემი აქცენტია რაჭული ყვავილების სამკაულებად გადაქცევა, რათა მათ შევუნარჩუნო მუდმივი სიცოცხლე და ადამიანებს მივცე საშუალება რაჭის ბუნების ნაწილი მუდმივად თან ატარონ.

ნანა მუდმივად მუშაობს ცოდნის გაღრმავებასა და საკუთარი უნარების განვითარებაზე. სამომავლოდ გეგმავს რეგიონის ახალგაზრდებს ხელობა შეასწავლოს და საუკეთესო მოსწავლეები საკუთარ სახელოსნოში სამუშაოდ დატოვოს.

7S1A5390

ჩეხეთის კარიტასის როლი პანდემიასთან ბრძოლაში

პანდემიის დაწყებისთანავე ჩეხეთის კარიტასმა თავისი აქტივობების უდიდესი ნაწილი COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების აღმოფხვრაზე მიმართა. სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს (SlovakAid) ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის კარიტასმა სლოვაკურ არასამთავრობო ორგანიაცია Sosna-თან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი „კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება რაჭაში“.

პროექტის ფარგლებში, მხარი დავუჭირეთ 26 მცირე და საშუალო მეწარმის საქმიანობის გაფართოებას; შენარჩუდნა 40 სამუშაო ადგილი; 40-მა მცირე და საშუალო მეწარმემ გაიუმჯობესა ციფრული მარკეტინგის უნარები; 152 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა ქათმები თავისი ვეტ-პრეპარატებითა და საკვებით. ნანას ტიხრული მინანქრის სახელოსნო დაფინანსებულ პროექტთაგან ერთ-ერთია.

ნინა კოპალეიშვილი – ჩეხეთის კარიტასის პიარისა და კომუნიკაციის ოფიცერი, nina.kopaleishvili@caritas.cz

slovakaid_gis_male_0   Sosna logo_square