ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის: ინოვაციები ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით
17. სექტემბერი 2024 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის: ინოვაციები ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. ინოვაციური და თანამედროვე მიდგომების დანერგვის გზით, ჩვენი ორგანიზაცია ქმნის უამრავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც მორგებულია ქართველი ხალხის საჭიროებებსა და ინტერესებზე. თანამედროვე პრაქტიკისა და ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს თავისი პროექტების განვითარებას, როგორც სოფლად, ისე ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნულის პარალელურად აქტიურად ვმუშაობთ მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად სისტემურ დონეზე.

ნაკვეთმორიგეობითი ძოვების პრინციპის სარგებელი საძოვრების მდგრად მართვაში

2022 წლიდან ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აქტიურად არის ჩართული საქართველოს მთიან რეგიონებში საძოვრების მდგრადი მართვის განვითარებაში. ჩეხეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივი საძოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სისტემური, ჰოლისტური მიდგომის გამოყენებით.

ნაკვეთმორიგეობითი ძოვება არის საძოვრების მართვის ტექნიკა, რომელიც გულისხმობს პირუტყვის გადაადგილებას საძოვრების სხვადასხვა მონაკვეთებს შორის, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ ტერიტორიას აღდგეს ხელახლა ძოვებამდე. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა მივიღოთ ჯანსაღი ნიადაგი, გავზარდოთ ბიომრავალფეროვნება და გავაუმჯობესოთ საძოვრების მდგრადობა.

პროექტის ფარგლებში ადგილობრივმა ფერმერებმა მოაწყვეს ელექტროღობეები რამდენიმე მიზნის მისაღწევად, მათ შორის ხარჯების დასაზოგად, ხბოების დასაცავად, მიწის კონსერვაციისა და მიწის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

1I8A2809

Land O'Lakes Venture37-თან თანამშრომლობით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა დაამონტაჟა ოთხი ელექტროღობე სამ საძოვარზე თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში და ხულოს მუნიციპალიტეტში. თითოეული საძოვარი მოიცავს დაახლოებით ექვს ჰექტარს. ძოვების განრიგი იძლევა 30-მდე პირუტყვის ძოვების საშუალებას 14 დღის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს ყველა სტანდარტის დაცვას.

აღნიშნული სადემონსტრაციო საძოვრების წარმატებამ წაახალისა ადგილობრივი მოსახლეობა თვითონაც დაენერგა მსგავსი სიახლეები. შედეგად, ელექტროღობიანი საძოვრები საქართველოს მთიან რეგიონებში, განსაკუთრებით ხულოს მუნიციპალიტეტში, თუშეთში და ფშავ-ხევსურეთში, აპრიობირებულ პრაქტიკად იქცა.

ჩამდინარე წყლების მართვისათვის დანერგილი ინოვაციური მიდგომა

თემურ გუგეშაშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ბენეფიციარი ონიდან, მართავს სასტუმროს და ხის სახელოსნოს, სადაც ასწავლის ადგილობრივ ახალგაზრდებს. მისი მეუღლე, ელენე, უძღვება საბავშვო სამხატვრო სკოლას. მათ სახელოსნოში არსებულმა მოძველებულმა ინფრასტრუქტურამ ისინი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა.

რთული გარემო პირობების გასაუმჯობესებლად თემურმა და მისმა მეუღლემ სახელოსნო ახალი სასტუმროს ტერიტორიაზე გადაიტანეს. მდინარე რიონის მახლობლად მდებარე შენობაში გადამწყვეტი იყო ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვა. გუგეშაშვილებმა მალევე შეიტყვეს SlovakAid-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის შესახებ, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და ეკოცენტრი Sosna ახორციელებდნენ. პროქტი მიზნად ისახავდა ონის ჩამდინარე წყლების ინფრასქტრუქტურის მართვის გაუმჯობესებას.

_GRU3723

პროექტის ფარგლებში სასტუმროში დამონტაჟდა ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა, რომელიც იყენებს მიკროორგანიზმებს თხევადი ნარჩენების გასასუფთავებლად, რის შედეგადაც გარემოში სუფთა წყალი გამოიყოფა. ეს მეთოდი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ ნარჩენების მართვისთვის.

გარდა ამისა, პროექტმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან ახალგაზრდა წყვილის – ლევანისა და ეკას ეზოში დაამონტაჟა ბიოტუალეტი ბიოფილტრით. ბიოფილტრი, რომელიც ფილტრავს ჩამდინარე წყლებს ბუნებრივი კომპონენტების გამოყენებით, უზრუნველყოფს, რომ მხოლოდ სუფთა წყალი დარჩეს. აღნიშნული მხარდაჭერა ეკასა და ლევანისთვის უმნიშვნელოვანესი იყოს, რადგან ამჟამად ისინი უძღვებიან მცირე ბიზნესს და უამრავ შესაძლებლობასთან ერთად, უამრავი გამოწვევის წინაშეც დგანან.

მთლიანობაში, პროექტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დამონტაჟდა ჩამდინარე წყლების გაწმენდი სისტემები, ბიოტუალეტები ბიოფილტრებით და კომპოსტირებადი ტუალეტები.

ციფრული პროფესიები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის


ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ახორციელებს ინიციატივას იმისთვის, რომ გააუმჯობესოს ციფრული და კარიერის მართვის უნარები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში. პროექტის გუნდმა შექმნა სახელმძღვანელო ციფრული პროფესიების შესახებ, რათა დაეხმაროს კარიერულ მრჩევლებს ციფრული კარიერის შესახებ კონსულტირებაში. ასევე შეიქმნა სახელმძღვანელო ციფრული პროფესიის ტენდენციების, კარიერული კონსულტაციის პროცესისა და მოწყვლადი ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ეს სახელმძღვანელო მოიცავს ციფრული პროფესიებისა და საგანმანათლებლო რესურსების კლასიფიკაციასაც.

442439796_798086682416986_1641268371936859671_n

სახელმძღვანელო მხარს უჭერს ახალგაზრდების გადამზადებას მათი ციფრული უნარების შესაბამისად. სამომავლო გეგმები ფოკუსირებული იქნება სტრატეგიების გაღრმავებაზე მეტი ახალგაზრდის ჩართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასახმარებლად დასაქმებაში.

ინფორმაციული ტექნოლოგები პირველადი ჯანდაცვისთვის


ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი რამდენიმე ცენტრალიზებული ელექტრონული სისტემის შექმნასა და დანერგვას გულისხმობდა, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი იყო COVID-19-ის ლაბორატორიული სისტემა (CovidLab) და კოვიდლაბორატორიის პროცესში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებსა და ლაბორატორიებს შორის ინფორმაციის მიმოცვლისათვის საჭირო ორმხრივი საინტეგრაციო ძრავები.

პროექტის მიერ ასევე შეიქმნა ჯანდაცვის სექტორში ერთიანი რიგების, ტელემედიცინის და რეფერირების ელექტრონული სისტემა – www.booking.moh.gov.ge, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარ ონლაინ ჯავშნების განსახორციელებლად იყენებდა. ამასთან, პროექტის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით და მათი სახელმწიფო ელექტრონულ სისტემებთან ინტეგრაციის გზით, შესაძლებელი გახდა კოვიდპანდემიის ლაბორატორიული ნიმუშების და ვაქცინაციის მთელი პროცესის მართვა.

IMG_8153

პროექტმა ასევე იმუშავა პირველადი ჯანდაცვის სექტორში ჯანმრთელობის ერთიანი სამედიცინო ჩანაწერების სისტემის შექმნასა და ტესტირებაზე, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სამედიცინო ინფორმაციის შეგროვება და პაციენტის თანხმობით მისი გამოყენება სხვადასხვა ექიმის მიერ სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის დაგეგმვისთვის.

პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა და სამედიცინო ჩანაწერების გაციფრულება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იყო. ელექტრონული სისტემა რეალურ რეჟიმში უკვე ემსახურება რამოდენიმე სამედიცინო დაწესებულებას, ასევე მოხდა მისი პილოტირება რამოდენიმე მუნიციპალიტეტში, რომლის დასრულების შემდეგ, მთავარი ამოცანა მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოყენება და შემდგომი განვითარებაა.


ტელემედიცინა ზოგავს ექიმისა და პაციენტის დროსა და ენერგიას

6 წლის ლილე ოჯახის ექიმთან სოფელი კაბალის ამბულატორიაში დადის. მისი ექიმი აზა მაჭარაშვილია, რომელსაც დედასთან ერთად სტუმრობს ხოლმე. აზა პასუხისმგებელია არა მხოლოდ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაზე, არამედ მისი განვითარების შეფასებაზეც, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია დაუკავშირდეს ადრეული განვითარების სპეციალისტს.
 
ლილე წელს სკოლაში წასასვლელად ემზადება. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ოჯახის ექიმმა ლილეს დედას ადრეული განვითარების სპეციალისტთან გასაუბრება შესთავაზა, რომელსაც უნდა შეეფასებინა ლილეს განვითარება და მისი მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები მიეცა.
 
IMG_8060


ტელემედიცინა საშუალებას აძლევს ექიმებს შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა, დაუსვან დიაგნოზი და უმკურნალონ მათ დისტანციურად. პანდემიით გამოწვეულმა ვითარებამ საქართველოში ტელემედიცინის დანერგვის საჭიროება კიდევ ერთხელ ცხადყო. ამის გათვალისწინებით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა UNICEF-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, დედათა და ბავშვთათვის უწყვეტი და ხარისხიანი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სოფლის საპილოტე ამბულატორიებში ხელი შეუწყო დისტანციური სამედიცინო სერვისების დაწყებას და შექმნა პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების სტრუქტურა საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის ბაზაზე.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მუდმივად იყენებს ინოვაციებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად მთელი საქართველოს მასშტაბით.