სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ზრდასრული შშმ პირები საოჯახო ტიპის სახლებში იცხოვრებენ
19. დეკემბერი 2023 სიახლეები

სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ზრდასრული შშმ პირები საოჯახო ტიპის სახლებში იცხოვრებენ

2024 წელს საქართველოს სოციალური დაცვის სექტორი მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება – ჩეხეთის მთავრობის დახმარებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, დუშეთსა და მარტყოფში არსებულ პანსიონატებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ახალ, საოჯახო ტიპის სახლებში გადადიან საცხოვრებლად. ეს მხარდაჭერა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფართომასშტაბიანი დახმარების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბენეფიციარების დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების ხელშეყობასა და შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში.

ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ახალ გარემოში იცხოვრებენ

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი სრულწლოვანი შშმ პირებისთვის 2010-2011 წლებში დაიწყო, მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 2020 წელს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინიციატივით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა შეიმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და დეინსტიტუციონალიზაციის 2023-2030 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წელს დაამტკიცა.

_70A3575

სფეროს ექსპერტებმა, ჩეხ კოლეგებთან, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, განსაზღვრეს ძირითადი სამუშაო მიმართულებები, კომპლექსური მიდგომით შეაფასეს ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებები და მოამზადეს შესაბამისი სტანდარტები. შედეგად, ბენეფიციართა ნაწილი, რომელიც ამ დრომდე დუშეთისა და მარტყოფის დიდ პანსიონატებში ცხოვრობდა, ახალ საოჯახო ტიპის სახლებში საცხოვრებლად გადავიდა, სადაც თითოეული მათგანი თემზე დაფუძნებული სერვისით სარგებლობს.

„საქართველოში დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაცია და შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარების პროცესი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი დასკვნით ფაზაზე არის და დარჩენილი რამდენიმე პანსიონატი სწორედ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს გადის. შექმნილი არის ახალი ალტერნატიული ზრუნვის მხარდამჭერი სერვისები, სადაც პანსიონატების ბენეფიციარებს შეუძლიათ ცხოვრების გაგრძელება დამოუკიდებელ გარემოში, მათი ინტერესებისა და სურვილის შესაბამისად.“ – ამბობს თამარ კურტანიძე, სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სამინისტრო.

დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

პროექტის ექსპერტი მაგული შაღაშვილი გვიამბობს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ხედვაში უმნიშვნელოვანესი ისაა, რომ პირველ ეტაპზე მუშაობა არა დოკუმენტებით, არამედ  დუშეთისა და მარტყოფის პანსიონატებში მცხოვრები ადამიანების შეფასებით დაიწყო – „უნდა შეგვესწავლა მათი ინტერესები, საჭიროებები, დამოკიდებულებები და სურვილები.“

პროექტის საწყის ეტაპზე, ჩამოყალიბდა მულტიდისციპლინური გუნდი ფსიქოლოგების, ოკუპაციური თერაპევტების, სოციალური მუშაკების, ექიმისა და ფსიქიატრის შემადგენლობით. სწორედ ეს გუნდი მუშაობდა, როგორც ბენეფიციარებთან, ისე პანსიონატების პერსონალთან.

8N5A2520 copy

„მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ რა დამოკიდებულება აქვთ შშმ პირებს საცხოვრისის შეცვლასთან დაკავშირებით, რა შიშები აქვთ. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი პანსიონატში აღმოჩნდა სამშობიარო სახლიდანვე, არა ოჯახის ეკონომიკური პრობლემების გამო, არამედ – სტიგმის მიზეზით. სწორედ ამიტომ, დიდი შეცდომა იქნებოდა, რომ არ შეგვეხედა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისთვის მათი პერსპექტივით. ამ შეფასებამ გვანახა, როგორ უნდა აგვეწყო მომსახურება სწორად.“

დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა თავდაპირველად მუშაობა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად. შემდგომი განხილვები შშმ პირთა თემთან და მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან გაგრძელდა. თანამშრომლობის  შედეგად, მხარეებმა ჩამოაყალიბეს სტრატეგია, რომელიც, პირველ რიგში, ითვალისწინებს ინსტიტუციონალიზაციის პრევენციას – რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება ბავშვს, სრულწლოვან ადამიანს და მათ ოჯახებს იმისთვის, რომ არ აღმოჩნდნენ ინსტიტუციაში გადასვლის რისკის წინაშე.

„სწორედ ამაზე ვიმუშავეთ სახელმწიფოსთან ერთად, რომ შეიქმნას დეინსტიტუციონალიზაციის პრევენციის მექანიზმი, რომელშიც გაერთიანდებოდა ადგილობრივი და ცენტრალური მმართველობის რესურსები. პრევენციისთვის მნიშვნელოვანია მხარდამჭერი მომსახურებები. ამ კუთხით მნიშვნელოვანია პერსონალური ასისტენტის მომსახურება, რომლის სტანდარტებიც უკვე დაამტკიცა სახელმწიფომ.“ – ამბობს მაგული შაღაშვილი.

რას ნიშნავს საოჯახო ტიპის სახლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის

სრულწლოვანი შშმ პირებისთვის ამ ეტაპზე არსებობს ერთი სახის ალტერნატიული საცხოვრისი – მცირე საოჯახო ტიპის მომსახურება, რომელშიც 5-6 ადამიანი ცხოვრობს. როდესაც ასეთი ტიპის სახლებში მეტი ადამიანი და დამატებითი პერსონალი იყრის თავს, შედეგად ვიღებთ სტრუქტურირებულ გარემოს, რომელიც ამკვიდრებს ინსტიტუციურ ზრუნვას. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გადასცა ექვი საოჯახო ტიპის სახლი დუშეთისა და მარტყოფის დიდ პანსიონატებში მცხოვრები ზრდასრული შშშმ პირების გადასაყვანად.

8N5A2503 copy

 „დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაცია კომპლექსური პროცესია, რაც საჭიროებს ძალიან დიდ ძალისხმევას ყველა ჩართული მხარის მხრიდან. ეს არ არის ინსტიტუციებში მცხოვრებ ბენეფიციართა მხოლოდ ფიზიკური გადაყვანა დიდი ზომის საცხოვრისებიდან ალტერნატიულ სერვისებში, არამედ ეს არის დიდი სოციალური ტრანსფორმაცია, ახალი ცხოვრების დაწყება და შშმ პირთა უფლებების რეალიზება, ასევე სისტემური ცვლილებები. ამ პროცესის დასასრულებლად, მდგრადობის და შეუქცევადობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, გაძლიერდეს ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის მექანიზმი, ალტერნატიული და მხარდამჭერი სერვისების მიწოდება.“ – ამბობს მაგული შაღაშვილი.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით, უკვე მრავალი წელია მუშაობს შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მათთვის სათანადო სერვისების უზრუნველყოფის მიმართულებით. 2020 წლიდან ჩვენ ვახორციელებთ ფართომასშტაბიან ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში. ეს გულისხმობს შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებასა და საოჯახო ტიპის სახლებისა და სერვისების უზრუნველყოფას სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი შშმ პირებისათვის.

"2020 წლიდან, ჩეხეთის რესპუბლიკა, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის - ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გავლით, საქართველოს მთავრობას მხარს უჭერს ზრდასრულთა ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარებაში. პროექტის მთავარი მიზანი იყო იმგვარი პირობების შექმნა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ზრდასრული შშმ პირების დიდი ზომის ინსტიტუციებიდან საოჯახო ტიპის სახლებში გადაყვანას. როგორც ვიცი, ბენეფიციართა პირველი ნაკადი უკვე გადაყვანიალია ახალ სახლებში და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი ბედნიერად გრძნობენ იქ თავს. მჯერა, რომ იქ მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება" განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, იანა ზელინგეროვამ.

ეს მასალა მომზადდა ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების ოფიციალური დახმარების ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ფარგლებში და განხორციელდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პარტნიორობით.

Czech Development Agency - Logo (1)