2024 წელს საქართველო გაძლიერებული პირველადი ჯანდაცვით ხვდება
19. დეკემბერი 2023 სიახლეები

2024 წელს საქართველო გაძლიერებული პირველადი ჯანდაცვით ხვდება

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისთვის 2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა – წლის ბოლოს, სხვა მნიშვნელოვან აქტივობებთან ერთად, შევაჯამეთ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშესაწყობად განხორციელებული ოთხწლიანი ინიციატივის შედეგები. პროექტის შედეგად, ქვეყანას უკვე აქვს განახლებული კლინიკური პროტოკოლები და გზამკვლევები, ჰყავს კვალიფიციური ოჯახის ექიმები და აქვს ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ზურგს უმაგრებენ ოჯახის ექიმების საქმიანობას მთელი საქართველოს მასშტაბით.

რატომ პირველადი ჯანდაცვა

პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი რგოლია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაავადებების პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობა და არა მხოლოდ ჯანმრთელობის  მწვავე პრობლემების, არამედ ნაადრევი სიკვდილიანობის გამომწვევი ქრონიკული დაავადებების მართვაც.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე 2017 წლიდან მუშაობს, როდესაც ჩეხეთისა და საქართველოს მთავრობები  შეთანხმდნენ პირველად ჯანდაცვის რეფორმის ხელშეწყობის შესახებ თანამშრომლობაზე.

აღნიშნული თანამშრომლობის გათვალისწინებით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებული სამწლიანი ინიციატივის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ითანამშრომლეს შემდეგი მიმართულებებით: პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება პირველადი ჯანდაცვის ხარისხის მართვის ინსტრუმენტების შემუშავების გზით, პირველადი ჯანდაცვის მართვისათვის ცენტრალიზებული საინფორმაციო სისტემების შექმნა და პირველადი ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის სტანდარტებისა და მოთხოვნების განახლება.

M30A4035

„პროექტმა მოიცვა ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, როგორიცაა პირველადი ჯანდაცვის სისტემისთვის ელექტრონული საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბება, ასევე, შესაბამისი ტრენინგების კურსი, რამაც საშუალება მისცა ოჯახის ექიმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღჭურვილიყვნენ შესაბამისი უნარ-ჩვევებით. ორივე მიმართულება უმნიშვნელოვანესია, რადგან ქვეყანაში, მოგესხენებათ, მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა ერთგვარი საფუძველი დაუდო ამ რეფორმის სწორად მიმდინარეობას. იმედი მაქვს, რომ პროექტი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და მოიცავს არა მხოლოდ საპილოტე მუნიციპალიტეტებს, არამედ ყველა რეგიონს და პირველადი ჯანდაცვის რეფორმისთვის იქნება მნიშვნელოვანი წარმატების საწინდარი.“ გვანცა გასვიანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინსიტროს პირველადი ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო ინფრასტრუქტურის სამმართველოს ხელმძღვანელი.

2023 წლის დასასრულს მხარეებმა აღნიშნული პროექტის შედგები შეაჯამეს, რომლებზეც ამ სტატიაში ვრცლად გიამბობთ.

M30A3755

განახლებული კლინიკური პროტოკოლები და გზამკვლევები

პირველად ჯანდაცვაში გავრცელებული დაავადებების სწორად სამართავად აუცილებელია ოჯახის ექიმი ხელმძღვანელობდეს უახლესი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პროტოკოლებითა და გზამკვლევებით. პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა გადაამზადა დუშეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ოჯახის ექიმები განახლებული კლინიკური პროტოკოლების შესაბამისად და გაუწია მხარდამჭერი მეთვალყურეობა კლინიკური პროტოკოლების პრაქტიკაში სრულფასოვნად დანერგვის მიზნით.

შედეგად გაუმჯობესდა სოფლის ამბულატორიების სამედიცინო პერსონალის კლინიკური კომპეტენცია და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხი, მოწესრიგდა პაციენტების აღრიცხვიანობის სისტემა, სამედიცინო პერსონალმა დაიწყო ელექტრონული სამედიცინო ისტორიების სატესტო რეჟიმში გამოყენება, ამასთან, გაუმჯობესდა ექთნის ჩართულობა პირველად ჯანდაცვაში გავრცელებული პრობლემების მართვისა და პრევენციის კუთხით.

გოდერძი თოდუა ზუგდიდის რაიონის სოფელი ნარაზენის ამბულატორიაში ოჯახის ექიმად 2001 წლიდან მუშაობს. ის და მისი კოლეგა ჯამში 3 400 პაციენტს ემსახურებიან – როგორც ბავშვებს და მოზარდებს, ისე ზრდასრულებს:

„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ტრენინგების მეშვეობით, საშუალება მომეცა, მეტი დრო დამეთმო სამედიცინო განათლებისთვის, გავცნობოდი უახლეს ინფორმაციას და ამემაღლებინა კვალიფიკაცია. ეს დახმარება იყო ძალიან საჭირო და დროული და მოხარული ვარ, რომ მქონდა აქტიურ სწავლებაში ჩართვის საშუალება“.

IMG_9495

ჩეხეთის რესპუბლიკის პროექტის ექსპერტი, ნატო შენგელია:

„ვფიქრობ, ჩვები პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაში, რაც განსაკუთრებით აქტუალურია პირველადი ჯანდაცვის მომავალი დაგეგმილი რეფორმის ჭრილში. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ხელს შეუწყობს ოჯახის ექიმების და ექთნების პროფესიული კომპეტენციების გაფართოებას ყოვლისმომცველი სერვისების მიწოდებისთვის, გუნდური მუშაობის გაუმჯობესებას, პაციენტის მდგომარეობის სწორად შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში რეფერალის ორგანიზებას. მოხარულები ვართ, რომ პროექტის მიმდინარეობისას საშუალება მოგვეცა ურთიერთობა გვქონოდა როგორც ურბანული ტიპის სამედიცინო დაწესებულებებისში, ისე სოფლის ამბულატორიებში დასაქმებულ სამედიცინო პროფესიონალებთან, რომლებიც ორიენტირებული და მოტივირებულები არიან მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარების მიწოდებაზე და რომელთა ცოდნის და უნარ-ჩვევების გაძლიერებაში ჩვენც შევიტანეთ მნიშვნელოვანი წვლილი.“

საინფორმაციო სისტემები პირველადი ჯანდაცვისთვის

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები რამდენიმე ცენტრალიზებული ელექტრონული სისტემის შექმნასა და დანერგვას გულისხმობდა, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი იყო COVID-19-ის ლაბორატორიული სისტემა (CovidLab) და კოვიდლაბორატორიის პროცესში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებსა და ლაბორატორიებს შორის ინფორმაციის მიმოცვლისათვის საჭირო ორმხრივი საინტეგრაციო ძრავები.

IMG_9488

პროექტის მიერ ასევე შეიქმნა ჯანდაცვის სექტორში ერთიანი რიგების, ტელემედიცინის და რეფერირების ელექტრონული სისტემა – www.booking.moh.gov.ge, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარ ონლაინ ჯავშნების განსახორციელებლად იყენებდა. ამასთან, პროექტის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით და მათი სახელმწიფო ელექტრონულ სისტემებთან ინტეგრაციის გზით, შესაძლებელი გახდა კოვიდპანდემიის ლაბორატორიული ნიმუშების და ვაქცინაციის მთელი პროცესის მართვა.

პროექტმა ასევე იმუშავა პირველადი ჯანდაცვის სექტორში ჯანმრთელობის ერთიანი სამედიცინო ჩანაწერების სისტემის შექმნასა და ტესტირებაზე, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სამედიცინო ინფორმაციის შეგროვება და პაციენტის თანხმობით მისი გამოყენება სხვადასხვა ექიმის მიერ სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის დაგეგმვისთვის.

პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა და სამედიცინო ჩანაწერების გაციფრულება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იყო. ელექტრონული სისტემა რეალურ რეჟიმში უკვე ემსახურება რამოდენიმე სამედიცინო დაწესებულებას, ასევე მოხდა მისი პილოტირება რამოდენიმე მუნიციპალიტეტში, რომლის დასრულების შემდეგ, მთავარი ამოცანა მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოყენება და შემდგომი განვითარებაა.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენმა ექსპერტებმა ასევე იმუშავეს სხვადასხვა საკანონმდებლო დოკუმენტზე, რომელთა დროული დამტკიცება გამოიწვევს ჯანდაცვის სექტორიდან ქაღალდმატარებლების სრულ ამოღებასა და პროცესების გაციფრულებას.

პროექტის ექსპერტი, ალექსანდრე ტურძილაძე:

„პროექტმა მოიცვა 46 სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის 142 სოფლად დასაქმებული სამედიცინო პერსონალი დუშეთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან. პროექტით საბოლოოდ ისარგებლებს მთლიანად ქვეყანა, რადგან ყველა კომპონენტის შედეგი საბოლოო ჯამში გადაეცემა სამინისტროს.“

ეკატერინე მესხრიკაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი:

„საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება ჩვენთვის დიდი პატივი იყო. ინიციატივის განხორციელებამდე, პირველადი ჯანდაცვის სისტემას არ გააჩნდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინსტრუმენტები და მიდგომები სამედიცინო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, რომლის გაზომვაც მოხდება ექსკლუზიურად საქართველოსთვის დანერგილი სტანდარტიზებული კლინიკური ინსტრუმენტებითა და ტექნოლოგიური გადაწყვეტებით“.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მხარს უჭერს საქართველოს ჯანდაცვის სექტორს

სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ჯანდაცვის და სოციალური რეფორმების განხორციელებაში. ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი საქმიანობა მოიცავს პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას, ონკოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მხარდაჭერას, დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფას, ასევე ტექნოლოგიური სისტემების განვითარებასა და დანერგვას პირველად ჯანდაცვაში.

ეს მასალა მომზადდა ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების ოფიციალური დახმარების ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ფარგლებში და განხორციელდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პარტნიორობით.

Czech Development Agency - Logo (1)