ავაშენოთ ინკლუზიური გარემო აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებისთვის
1. აპრილი 2023 სიახლეები

ავაშენოთ ინკლუზიური გარემო აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებისთვის

„ავაშენოთ ინკლუზიური გარემო აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებისთვის“ – ასეთია აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანი, რომელიც ყოველწლიურად 2 აპრილს აღინიშნება. რატომ არის ამ დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანი, როგორია აუტიზმის გავრცელება საქართველოში და რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა სერვისების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, აღნიშნულზე ბავშვთა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების აკადემიის თავმჯდომარესა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების ექსპერტს, მაია გაბუნიას ვესაუბრეთ.

Maya Gabunia

საქართველოსა და მსოფლიოში აუტიზმის გავრცელების სტატისტიკა სულ უფრო მზარდია. რა არის ამის მიზეზი და როგორია წლევანდელი მონაცემები?

2023 წლის 24 მარტს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაქვეყნა ახალი ინფორმაცია აუტიზმის სპექტრის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომლიდანაც ჩანს, რომ სტატისტიკა კვლავ მზარდია. აქამდე სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფდა, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობა 44-დან ერთ ბავშვს ჰქონდა, წლევანდელი მონაცემებით კი აღმოჩნდა, რომ 36-დან ერთ ბავშვს აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სტატისტიკა განსაკუთრებით მაღალია იმ შტატებში (მაგალითად, კალიფორნიაში), რომლებშიც აუტიზმის ცნობადობა განსაკუთრებით მაღალია და აღმოჩენა დროულად ხდება.

აღსანიშნავია ჩვენი კვლევის შედეგებიც, რომელიც აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევის მეთოდისგან განსხვავებულად ჩატარდა. ჩვენთან შეფასება უფრო დაზუსტებულად ხდება, ვიდრე დაავადებათა კონტროლის ცენტრი აკეთებს ამას. ისინი ეყრდნობიან მოსახლეობის გამოკითხვას. ჩვენ კონკრეტული სეგმენტი, ამ შემთხვევაში, საქართველოს დიდი ქალაქების საჯარო სკოლების მესამე კლასელი ბავშვები შევისწავლეთ, რამაც უფრო ზუსტი შედეგი მოგვცა. კვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ საქართველოში 25-დან ერთ ბავშვს აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კლასში 30 ბავშვია, ერთს შესაძლოა აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობა. ამასთან, აღმოჩნდა, რომ 75% შემთხვევაში ანუ 4-დან 3 შემთხვევაში, მშობელმა პირველად ჩვენი კვლევიდან გაიგო, რომ მის შვილს აუტიზმის სპექტრის აშლილობა აქვს.

არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ საქართველოში ხდება ჰიპერდიაგნოსტიკა და ეს მონაცემები თითქოს რეალურ სურათს არ ასახავს. ეს მოსაზრება მცდარია. ჩვენთან მოდიან ბავშვები, რომლებსაც რაღაც ასაკში დაესვათ დიაგნოზი, შემდეგ სხვა ექიმმა მოხსნა ეს დიაგნოზი (რაც მშობელს რა თქმა უნდა, უხარია), თუმცა, როდესაც ბავშვი იზრდება, თავს იჩენს სოციალურ-კომუნიკაციური და ქცევის პრობლემა და მშობელი ვერ ხვდება, რასთან აქვს საქმე.

სამწუხაროდ, აუტიზმის სპექტრის აშლილობა არ არის დიაგნოზი, რომელიც ორ წელიწადში შეიძლება მოეხსნას ადამიანს – მას ეს დიაგნოზი რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა ამ დიაგნოზის მქონე ადამიანთა სულ მცირე 1/3 სრულად ადაპტირდება იმ გარემოში, რომელშიც ის ცხოვრობს, სწავლობს და შემდეგ იწყებს მუშაობას. სამწუხაროდ საქართველოში, აუტიზმის მქონე პირის დასაქმებაზე საუბარი ძალიან რთულია. ბაღსა და სკოლაში სწავლაც კი საკმაოდ დიდი პრობლემა იყო სულ რამდენიმე წლის წინ, თუმცა ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა წინ წავიდა ინკლუზიურობის თვალსაზრისით. თუმცა, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლასთან მიმართებით კვლავ რჩება უამრავი პრობლემა.

Untitled

რატომ არის აუტიზმის სპექტრის აშლილობის ადრეულ ასაკში იდენტიფიცირება მნიშვნელოვანი?

რაც უფრო დროულად მოხდება აუტიზმის სპექტრის აშლილობის აღმოჩენა და დაიწყება რეაბილიტაცია, მით უკეთესია გამოსავალი. სწორედ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადრეულ ასაკში ბავშვთა მომართვიანობა, ვინაიდან პროექტმა ხელი შეუწყო ოჯახის ექიმების მომზადებას აუტიზმის ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში.  მშობლებმა დაიწყეს წლინახევრის-ორი წლის ბავშვების მოყვანა ჩვენთან. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, იძლევა უკეთესი გამოსავლის შესაძლებლობას.

მაგალითს მოგიყვანთ: ჩვენ გვაქვს ფილიალი ბათუმშიც, თუმცა თბილისში უფრო ადრე დავიწყეთ სერვისების ამოქმედება. ბათუმში სერვისების ამუშავებამ დააგვიანა და დიაგნოსტირებული ბავშვების უმეტესობა იყო სასკოლო ასაკის და შედეგად, რთული შემთხვევები ბათუმის ფილიალში უფრო მეტია.

რა როლი აქვს სოციალიზაციას აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების განვითარებაში?

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანი არის „ავაშენოთ ინკლუზიური გარემო აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებისთვის“. სწორედ ინკლუზიური გარემოს შექმნა ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს უფრო მეტი მიმღებლობა და აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებს შევუქმნათ მათთვის შესაფერისი გარემო.

აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების ერთ-ერთი პრობლემა გახლავთ სოციალური კომუნიკაცია. სად ხდება სოციალიზაცია? პირველ რიგში, თანატოლებთან. ყველა ბავშვისთვის აუცილებელია ჰქონდეს ურთიერთობა თანატოლებთან. ყველას გვყავს ბავშვობის მეგობრები, ხომ ასეა? ცხადია, ამ ადამიანებსაც უნდა ჰყავდეთ ბავშვობის მეგობრები. და საიდან იწყება ეს? ბაღიდან, სკოლიდან, ეზოდან, სხვადასხვა წრიდან და ყველა ეს გარემო უნდა იყოს მორგებული და ადაპტირებული აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებზე. საუბარია ყველა იმ სივრცეზე, რომელშიც ასევე დადიან ტიპური განვითარების ბავშვები.

ყველაფერს ამას არ ვამბობ მხოლოდ მაღალფარდოვანი სიტყვების გამო. აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებს აქვთ სხვადასხვა შესაძლებლობები, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოებისთვის ძალიან სასარგებლო ადამიანებად შეიძლება იქცნენ. სწორედ ამაშია აუტიზმის სპექტრის აშლილობების განსაკუთრებულობა, რომ ამ ადამიანების  ტვინი განსხვავებულადაა განვითარებული – ზოგიერთი უბანი ზედმეტად, ზოგიერთი კი ნაკლებად. განვითარებულ ქვეყნებში ამ ადამიანების რესურსს ბევრ მნიშვნელოვან სფეროში იყენებენ.  ცხადია, ეს უნარები ყველას არ აქვს, თუმცა, ძალიან ბევრ მათგანს ნამდვილად აქვს.

image (3)

რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, თუნდაც აუტიზმის შესახებ ინფორმირების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნის სახით?

აუტიზმის შესახებ ინფორმირების ამაღლების მსოფლიო დღე სწორედ იმიტომ დაწესდა, რომ ფართო საზოგადოებამ გაიგოს მეტი აუტიზმის შესახებ, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა და ჩარევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში ეს დღე მეთორმეტე წელია აღინიშნება და მგონია, რომ ამ წლების განმავლობაში ბევრმა ადამიანმა შეიტყო აუტიზმის შესახებ, მათ შორის რეგიონებში.

მნიშვნელოვანია მშობლების ცნობიერების ამაღლება. კარგი იქნება, რომ პირველადი ჯანდაცვის კლინიკებს ჰქონდეთ მუდმივად განახლებადი საინფორმაციო ფლაერები, ბანერები და პოსტერები, რომლებიც  თვალსაჩინოდ იქნება გაკრული კედელზე და მშობელს ექნება საშუალება გაეცნოს ინფორმაციას, ბავშვის განვითარების კონკრეტულ ეტაპზე, რა უნარები უნდა ჰქონდეს ბავშვს ან რა ნიშნებია საყურადღებო.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს, არამედ ყველა სხვა სამედიცინო დაწესებულებას შეეძლოს ეჭვის მიტანა აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე. შესაბამისი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ბაღებსა და სკოლებს. თუნდაც არსებობდეს მშობლის სავალდებულო კითხვარი, რომელიც გარკვეული რეგულარობით უნდა შეავსოს მან. მაგალითად, ჩვენს კვლევაში მშობელიც ავსებდა სპეციალურ კითხვარს და მასწავლებელიც, შესაბამისად, ამ კითხვარმა ეფექტურად გამოავლინა რისკ-ჯგუფში შემავალი ბავშვები.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისების შესაქმნელად 2015-2021 წლებში ბევრი რამ გააკეთა. შედეგად, საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა ჩვენი ქვეყანა?

თბილისში, როგორც დედაქალაქში, სადაც ყველაფერი იწყება ხოლმე, ასე თუ ისე პრობლემები გაცილებით ნაკლებია. არსებობს თბილისის მერიის აუტიზმის პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია თბილისში მცხოვრები ბავშვებისთვის. რამდენიმე სხვა ქალაქშიც მოქმედებს  მსგავსი მუნიციპალური პროგრამა.

თუმცა, ბევრ ქალაქსა თუ დაბაში ეს პროგრამა არ არსებობს და ბავშვები რჩებიან სერვისების გარეშე. ამასთან, არსებობს მუნიციპალიტეტები, რომლებშიც ფიზიკურად არ არიან კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც დაეხმარებიან აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს რეაბილიტაცია-აბილიტაციაში. სახელმწიფო მზადაც რომ იყოს პროგრამის დასაფინანსებლად, არ არსებობს სპეციალისტი, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. ამას გარდა, თბილისის მერიამ გაზარდა მომსახურების ასაკი 18 წლამდე, თუმცა, ეს ხელოვნურად მოხდა, რადგან აღნიშნულს არ მოჰყვა სპეციალისტების გადამზადება.

აუცილებელია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც ამ მიმართულებით დაეხმარებიან სახელმწიფოს და გადამზადდებიან სპეციალისტები იმისთვის, რომ მოზარდებსა და ზრდასრულებს მათი ასაკის შესაბამისი სერვისი მიაწოდონ და შეასწავლონ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევები.

სტატია მომზადებულია ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ოფიციალური დახმარების მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

CzechAid logo