რა ეტაპზეა ზრდასრული შშმ პირების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში
3. ნოემბერი 2022 სიახლეები

რა ეტაპზეა ზრდასრული შშმ პირების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში

საქართველოში ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დიდი პანსიონატებიდან სათემო საცხოვრისებში გადაყვანის პროცესი 2011 წლიდან დაიწყო და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს დღესაც. 2020 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ამასთან, მიზნად დაისახა ორი დიდი ზომის პანსიონატში მცხოვრები შშმ პირებისთვის თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება და მათი მცირე საოჯახო ტიპის სახლებით უზრუნველყოფა.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ექსპერტი, მაგული შაღაშვილი და ამავე ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი, თამარ კურტანიძე საუბრობენ ზრდასრული შშმ პირებისთვის დეინსტიტუციონალიზაციისა და ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე.

Magui Shaghashvili_GE43 project expert

ქალბატონო მაგული, როგორ დაიწყო საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და რა იყო გარდამტეხი წერტილი ზრდასრული შშმ პირებისთვის ალტერნატიული ზრუნვის სერვისების დასანერგად?

საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი ოცი წლის წინ დაიწყო. 90-იან წლებში ძალიან გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რაოდენობა ინსტიტუციებში და შესაბამისად – ინსტიტუციების რაოდენობაც. გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, ქვეყანას უნდა დაეწყო დეისნტიტუციონალიზაციის პროცესი – პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბავშვების ოჯახებში დაბრუნებით, ხოლო შემდეგ ეტაპზე შემოიღეს ბავშვების მინდობით აღზრდა. 2010 წლიდან რეფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშალა და 2012 წლისთვის დაიხურა ბავშვთა ინსტიტუციების დიდი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი თითქმის არ შეეხო სრულწლოვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ცხადია, აღნიშნულიც დადგა დღის წესრიგში, თუმცა იმ დროისთვის ამ მიმართულებით მცდელობები ნაკლები იყო.

2013 წლის დეკემბერში მოხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუხლია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა. ამ მუხლში აღნიშნულია, რომ შშმ პირი უნდა ცხოვრობდეს თემში და მან თავად უნდა აირჩიოს სად და ვისთან ერთად იცხოვროს. ეს არის დამოუკიდებელი ცხოვრების კონცეფცია. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი მნიშნველოვანი ინიციატივა სრულწლოვანი პირებისთვის მცირე საოჯახო ტიპის სახლების შეთავაზებასთან დაკავშირებით განახორციელა ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ თითქმის 10 წლის წინ.

ქვეყანას დღის წესრიგში დაუდგა სწრულწლოვანი შშმ პირებისთვის დეინსტიტუციონალიზაციის უზრუნველყოფა და ამ პროცესში ის საჭიროებდა იმგვარ პარტნიორს, რომელიც არა მხოლოდ სერვისებს შექმნიდა, არამედ იმუშავებდა პოლიტიკის დონეზე, რაშიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი. თუ ამ ადამიანებს აქვთ საკუთარი საცხოვრისი, ისინი უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, თუ არა – სახელმწიფომ უნდა შექმნას ალტერნატიული საცხოვრისები. სწორედ ამას აკეთებს ახლა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მცირე საოჯახო ტიპის სახლების უზრუნველყოფით.

პროექტის დასაწყისში ჩამოყალიბდა მულტიდისციპლინარული გუნდი, რომლის აქტივობებსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარების მომზადებაში ახალი ცხოვრებისთვის. რა როლი ჰქონდათ თავად შშმ პირებს ამ პროცესში?

თქვენი ორგანიზაციის ხედვაში უმნიშვნელოვანესი ის იყო, რომ პირველ ეტაპზე არ დაგვიწყია პირდაპირ დოკუმენტებზე მუშაობა, არამედ დავიწყეთ დუშეთისა და მარტყოფის პანსიონატებში მცხოვრები ადამიანების შეფასება – უნდა შეგვესწავლა მათი ინტერესები, საჭიროებები, დამოკიდებულებები და სურვილები.

ჩამოყალიბდა მულტიდისციპლინური გუნდი ფსიქოლოგების, ოკუპაციური თერაპევტების, სოციალური მუშაკების, ექიმისა და ფსიქიატრის შემადგენლობით. სწორედ ეს გუნდი მუშაობდა, როგორც ინსტიტუციების პერსონალთან, ისე თავად ბენეფიციარებთან. მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ რა დამოკიდებულება აქვთ შშმ პირებს საცხოვრისის შეცვლასთან დაკავშირებით, რა შიშები აქვთ. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი პანსიონატში აღმოჩნდა სამშობიარო სახლიდანვე, არა ოჯახის ეკონომიკური პრობლემების გამო, არამედ – სტიგმის მიზეზით. სწორედ ამიტომ, დიდი შეცდომა იქნებოდა, რომ არ შეგვეხედა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისთვის მათი პერსპექტივით. ამ შეფასებამ გვანახა, როგორ უნდა აგვეწყო მომსახურება სწორად.

აღნიშნულის შემდეგ დაიწყეთ დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა იმისთვის, რომ შექმნილიყო ინსტიტუციის პრევენციის მექანიზმები. როგორია შედეგები?

თავდაპირველად ხსენებულ დოკუმენტებზე ვმუშაობდით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად. ხოლო შემდგომში დავიწყეთ განხილვები შშმ პირთა თემთან და მათთან მომუშავე ორგანიზაციებთან. ამ პროცესში მივიღეთ რეკომენდაცია, რომ მხოლოდ დეინსტიტუციონალიზაციის კი არა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობიც უნდა გამხდარიყო ეს ყველაფერი.

დიდი ხნის მუშაობის შედეგად, მივიღეთ სტრატეგია, რომელიც, პირველ რიგში, ითვალისწინებს ინსტიტუციონალიზაციის პრევენციას – რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება ბავშვს, სრულწლოვან ადამიანს და მათ ოჯახებს იმისთვის, რომ არ აღმოჩნდნენ ინსტიტუციაში გადასვლის რისკის წინაშე. ამას ვეძახით მხარდამჭერ მომსახურებებს, ბავშვებისთვის – ადრეული ჩარევა, აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამები, დღის ცენტრები, სრულწლოვანთათვის კი – პერსონალური ასისტირება და სხვ.

სწორედ ამაზე ვიმუშავეთ სახელმწიფოსთან ერთად, რომ შექმნილიყო ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის მექანიზმი, რომელშიც გაერთიანდებოდა ადგილობრივი და ცენტრალური მმართველობის რესურსები. კარგია, რომ ახლა ეს პროცესი იმდენად ერთობლივად მიდის სახელმწიფო პოლიტიკაში, რომ სახელმწიფომ ამ მომსახურების სტანდარტები დაამტკიცა და გეგმავს დაიწყოს პერსონალური ასისტირება.

ამ ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ იცოდნენ, რომ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება, განათლების მიღება და ა.შ. თუ კი ადამიანს მაინც უწევს შევიდეს სახელმწიფო ზრუნვაში სხვადასხვა მიზეზის გამო, მნიშვნელოვანია არსებობდეს ალტერნატიული მრავალფეროვანი სერვისები, რომელშიც იქნება არჩევანის შესაძლებლობა.

ბავშვებისგან განსხვავებით, სრულწლოვანი შშმ პირებისთვის გვაქვს მხოლოდ ერთი სერვისი – მცირე საოჯახო ტიპის მომსახურება პატარა სახლებში, რომელშიც 5-6 ადამიანი ცხოვრობს. როდესაც ასეთი ტიპის სახლებში მეტი ადამიანი და დამატებითი პერსონალი იყრის თავს, ეს უკვე გადადის სტრუქტურირებულ გარემოში და ამკვიდრებს ინსტიტუციურ ზრუნვას. სტრატეგიაში ასევე ხაზი გავუსვით, რომ გარდა ამ საცხოვრისებისა, შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ალტერნატივებიც. მაგალითად, ორი ადამიანისთვის განკუთვნილი ბინა ან საკუთარი სახლი, რომელშიც ის იცხოვრებს სხვა შშმ პირთან ერთად და ადგილზე მიიღებს სერვისს. ამ მოდელის შექმნასა და სტანდარტების მოდიფიცირებაში გვეხმარება პანსიონატებში განხორციელებული შეფასება. ახლა, რადგან მიზნად დავისახეთ, რომ დაიხუროს არსებული დიდი ზომის პანსიონატები, უნდა შეიქმნას ისეთი მომსახურებები, რომელიც მისაწვდომი იქნება ყველა ტიპის დარღვევის მქონე შშმ პირთათვის.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ზრდასრული შშმ პირების დეინსტიტუციონალიზაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. როგორ და ვისი ჩართულობით გესახებათ ამ პროცესის დასასრული?

იმისთვის, რომ ეს პროცესი დასასრულს მიუახლოვდეს, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა და საქართველოს პარლამენტის აქტიური ჩართულობა. ამ პოლიტიკის აღმასრულებელი ფუნქცია კი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელსაც ჰორიზონტალურ დონეზე სჭირდება სხვადასხვა სამინისტროსთან თანამშრომლობა, ხოლო ვერტიკალურ დონეზე – თვითმმართველობებსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან. ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, სხვადასხვა სახის რესურსის თვალსაზრისით, რაშიც, ამ ეტაპზე, უდიდესი როლი აქვს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერას.

ქალბატონო თამარ, რა ასპექტებს მოიცავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და როგორია ის სერვისები და სტანდარტები, რომლებიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა?

_70A3069 - Copy

დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაცია კომპლექსური პროცესია, რაც საჭიროებს ძალიან დიდ ძალისხმევას ყველა ჩართული მხარის მხრიდან. ეს არ არის ინსტიტუციებში მცხოვრებ ბენეფიციართა მხოლოდ ფიზიკური გადაყვანა დიდი ზომის საცხოვრისებიდან ალტერნატიულ სერვისებში, არამედ ეს არის დიდი სოციალური ტრანსფორმაცია, ახალი ცხოვრების დაწყება და შშმ პირთა უფლებების რეალიზება, ასევე სისტემური ცვლილებები. ეს პროცესი ასევე მოითხოვს ყოველი მოქალაქის მზაობას, რომ უკეთ გავაცნობიეროთ ასეთი ინსტიტუციების არსებობის უარყოფითი მხარე და ხელი შევუწყოთ ყველა ადამიანის უფლებას, იყოს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. ამ პროცესს ბევრი განვითარებული ქვეყანა დიდხანს გადიოდა და არსებობს წარმატების უამრავი მაგალითი, რომელთაც საქართველოც იზიარებს.

ამ პროცესის დასასრულებლად, მდგრადობის და შეუქცევადობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, გაძლიერდეს ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის მექანიზმი, ალტერნატიული და მხარდამჭერი სერვისების მიწოდება. ამ მხრივ აღსანიშნავია პროექტის ფარგლებში დონორის მხარდაჭერით შექმნილი სერვისები და სტანდარტები, როგორიც არის პედიატრიული ხანგრძლივი მოვლა, ზრდასრულთა მცირე საოჯახო ტიპის სერვისი, შინმოვლის სერვისის სტანდარტი, რომელიც შევიმუშავეთ წელს არსებულ გამოცდილებებზე დაფუძნებით სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით. ეს უკანასკნელი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სერვისს წარმოადგენს ინსტიტუციონალიზაციის და ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის, რაც საშუალებას აძლევს მოვლის საჭიროების მქონე ადამიანს, დარჩეს საკუთარ გარემოში და ისარგებლოს მომსახურებით, ხოლო მისი ოჯახის წევრებისთვის კი უზრუნველყოფილი იყოს განტვირთვა და მხარდაჭერა.

სწორედ ასეთ კომპლექსურ საკითხზე მუშაობს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენი ორგანიზაციისთვის ეს ერთ-ერთი მნიშნველოვანი და მასშტაბური პროექტია, რომელსაც ვახორციელებთ ზრუნვის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. 

Czech Development Agency - Logo (1)