რატომ ვნერგავთ ინოვაციებს პირველად ჯანდაცვაში – ინტერვიუ რუსუდან ჩხუბიანიშვილთან
30. იანვარი 2023 სიახლეები

რატომ ვნერგავთ ინოვაციებს პირველად ჯანდაცვაში – ინტერვიუ რუსუდან ჩხუბიანიშვილთან

გსურს შეიტყო მეტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქმიანობის შესახებ საქართველოში? ცოტა ხნის წინ ჩვენ დავიწყეთ ინტერვიუების სერიაზე მუშაობა, რომლებიც უფრო მეტს გიამბობენ ჩვენი ორგანიზაციის საქართველოს ოფისის საქმიანობაზე. ამჯერად ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერს რუსუდან ჩხუბიანიშვილს ვესაუბრეთ.

rusudan

განვითარების სფეროში 2005 წლიდან მუშაობთ და ხელმძღვანელობთ პროექტებს, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. 2015 წლიდან ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდს შემოუერთდით და თქვენი ძალისხმევის შედეგად, ჩვენმა ორგანიზაციამ უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაში. რას მიიჩნევთ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად ამ მიმართულებით?

პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა – დაავადებების პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობა და არა მხოლოდ მწვავე ჯანმრთელობის პრობლემების მართვა, არამედ ქრონიკული დაავადებებისაც ნაადრევი სიკვდილიანობის მაღალი რისკით. პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება ნებისმიერი მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან მას შეუძლია ჯანდაცვის სერვისების უწყვეტობის, პაციენტზე ორიენტირებულობის და საზოგადოებრივი რესურსების ეფექტიანობის უზრუნველყოფა. ამგვარად, სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია პირველადი ჯანდაცვის სერვისები იყოს მაღალი ხარისხის, გაზომვადი, ოჯახის ექიმებს ჰქონდეთ საზოგადოებრივი ნდობა, ხოლო სპეციალისტებთან და ჰოსპიტლებში გადამისამართება ხდებოდეს დანიშნულებისამებრ.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე 2017 წლიდან მუშაობს, როდესაც ჩეხეთისა და საქართველოს მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას პირველად ჯანდაცვაში თანამშრომლობაზე. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სურდა შეექმნა პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და შეფასებისთვის საჭირო ხელსაწყო და მოდელი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შექმნას დაუდებდა სათავეს. გასული ექვსი წლის განმავლობაში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებთან. წლების განმავლობაში ვიმუშავეთ პირველადი ჯანდაცვის ათობით საპილოტე დაწესებულებასთან იმისთვის, რომ გაგვეუმჯობესებინა პირველადი ჯანდაცვის შიდა მართვა, მიგვეწოდებინა მათთვის უახლესი მტკიცებულებები გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მართვის შესახებ, ხელი შეგვეწყო საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის და დაწესებულების დონეზე წარგვედგინა მართვის სისტემის მუშაობა. აღნიშნულზე წლების განმავლობაში ვიმუშავეთ სოფლისა და ქალაქის ორმოცდაათამდე პირველადი ჯანდაცვის ცენტრში.

სოფლის ამბულატორიებთან მუშაობა გამოწვევებით სავსე იყო, რადგან ამგვარი კლინიკების პირველადი ჯანდაცვის პერსონალს, რომელიც ცენტრალურ კონტროლს ექვემდებარებოდა, წლების განმავლობაში არ ჰქონია შესაძლებლობა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო გზამკვლევებისა და პროტოკოლების შესაბამისად, გაეუმჯობესებინა თავისი სამედიცინო ცოდნა და შესაბამისად, პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხი. ამასთანავე, პროექტს ჰქონდა საკმაოდ ამბიციური მიზანი – დაეარსებინა პირველადი ჯანდაცვის მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა სამედიცინო ჩანაწერების გაციფრულებას, სხვა მოდულებთან ინტეგრაციას, საშუალებას მისცემდა სამინისტროს, შეეფასებინა სამედიცინო მომსახურების ხარისხი და უფრო მეტიც – უზრუნველეყო შედეგებზე დაფუძნებული ანაზღაურების სისტემა ასეთის საჭიროების შემთხვევაში.

პროექტმა უდიდესი წვლილი შეიტანა პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებაში. ხსენებული საინფორმაციო სისტემა არა მხოლოდ შექმნილია, არამედ უკვე გაიტესტა საპილოტე დაწესებულებებში. პარალელურად მას უკვე იყენებენ პირველადი ჯანდაცვის ცენტრები. გარდა ამისა, შეიქმნა რიგების მართვისა და ელექტრონული რეფერირების სისტემებიც, რომლებიც სამინისტრომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დასაჯავშნადაც გამოიყენა. პანდემიის სამართავად ასევე შეიქმნა კოვიდლაბორატორიის საიანფორმაციო სისტემაც.

2023 წლისთვის პროექტს შეუძლია პირველადი ჯანდაცვის ხარისხის მენეჯმენტის მოდელი სამინისტროს გადასცეს. საპილოტე დაწესებულებების 70% (თბილისი, დუშეთი, ზუგდიდი) უკვე აკმაყოფილებს ჯანდაცვის ხარისხის სტანდარტს. ამასთანავე, უკვე მზადაა ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით ასამოქმედებლად. სოფლის ამბულატორიებში მომუშავე ექიმებს, რომელთაც არ აქვთ საშუალება ელექტროული სამედიცინო ჩანაწერები აწარმოონ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში შექმნილი E-MIS-ის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

12 May-1642

როდესაც პირველად ჯანდაცვაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ვახსენოთ ჩვენი ორგანიზაციის წვლილი პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვაში. ამჟამად გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად უკვე მესამე პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც უზრუნველყოფს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხარისხსა და უწყვეტობას, განსაკუთრებით რეგიონებში. როგორი იყო სიტუაცია, როცა გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად დაიწყეთ მუშაობა და როგორია თქვენი ერთობლივი მუშაობის შედეგები?

უკვე ვახსენე, რომ ჩეხეთის მთავრობამ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მეშვეობით, უდიდესი დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ. პროექტის ფარგლებში, შეიქმნა კოვიდლაბორატორიის სისტემა დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის და 2020-2021 წლებში, COVID-19-ის მენეჯმენტსა და ვაქცინაციაზე ჩატარდა გრძელვადიანი ტრენინგების სამი ციკლი სოფლის ექიმებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შენ სწორად აღნიშნე, რომ 2020 წლიდან ჩვენ ასევე ვმუშაობდით UNICEF-თან დედათა და ბავშვთა სამედიცინო სერვისების ხარისხისა და უწყვეტობის უზრუნველსაყოფად რეგიონებში პანდემიის დროს. 2020 წლის დასაწყისში, სიტუაცია საკმაოდ უიმედო იყო – სოფლის ექიმებმა არათუ არ იცოდნენ, როგორ ემართათ დაავადება, არამედ როგორ უზრუნველეყოთ ჯანდაცვის სერვისები იმ პირობებში, როდესაც პაციენტს ვერ მიჰყავდა ბავშვი ექიმთან გადაადგილების შეზღუდვის ან დაავდებიის გავრცელების შიშის გამო. ამან გავლენა მოახდინა ვაქცინაციის პროცესსა და ბავშვთა პრევენციულ ვიზიტებზეც, ბავშვების განვითარების შეფასება აღარ ხდებოდა დადგენილი გეგმის შესაბამისად და მწვავე მდგომარეობები ხშირად დისტანციურად, სატელეფონო საუბრის საშუალებით იმართებოდა.

გაეროს ბავშვთა ფონდის პროექტმა უდიდესი როლი ითამაშა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ექიმებმა იგრძნეს კოლეგებისგან მხარდაჭერა, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში ისინი თავიანთან თემთან მარტო არ იყვნენ. გამოცდილი პედიატრები და ოჯახის ექიმები ატარებდნენ სისტემატურ ტრენინგებს ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე 8-9 თვის განმავლობაში. თავდაპირველად, ყველა ექიმის ჩართულობის უზრუნველყოფა საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო, რადგან ბევრ მათგანს არ ჰქონდა კომპიუტერული უნარები ან წვდომა ინტერნეტთან. ამავდროულად, აუცილებელი იყო იმგვარი პლატფორმის უზრუნველყოფა, რომელიც თითოეულ ექიმს გაუადვილებდა ტრენინგზე ერთ სივრცეში დასწრებას და ინტერნეტთან წვდომასაც უზრუნველყოფდა.

გაეროს ბავშვთა ფონდმა მოახერხა არა მხოლოდ ტრენინგების ონლაინ ჩატარება, არამედ ადგილზე ვიზიტების ორგანიზება, ცხადია, ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის კლებისა და შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ. შედეგად, სოფლის ექიმებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, ეზრუნათ სამედიცინო სერვისების როგორც ხარისხზე, ისე უწყვეტობაზე. აღნიშნულის გასაკეთებლად პროექტმა ადგილობრივი რესურსები გამოიყენა – ავტორიტეტული და გამოცდილი პროფესიონალები, რომლებმაც უზუნველყვეს, როგორც ადგილზე, ისე ონლაინ მხრდამჭერი სუპერვიზია სოფლის ექიმებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო დოკუმენტაციის და პაციენტის სამედიცინო ისტორიის წარმოებას, რომელიც მიიჩნევა ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფის საწყის წერტილად.

_AIX7430

2015-2021 წლებში უდიდესი ძალისხმევა ჩაიდო აუტიზმის სპექტრის მქონე პირთათვის სერვისების გაფართოებისა და გაუმჯობესებისთვის. რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყანა, როდესაც პროექტს იწყებდით და როგორ შეცვალა სიტუაცია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და მისი პარტნიორების ერთობლივმა ინტერვენციამ?

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისთვის აუტიზმის სპექტრის მქონე პირთათვის სერვისების განვითარებაზე ზრუნვა და მათი ხარისხის გაუმჯობესება რეგიონებში უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. პროექტის საწყის ეტაპზე, სერვისები მხოლოდ რამდენიმე რეგიონში არსებობდა, მაგრამ სერვისის მიმწოდებლებს თითქმის არ ჰქონდათ წვდომა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და პროფესიულ სუპერვიზიაზე. არ არსებობდა სამედიცინო პროტოკოლი აუტიზმის სპექტრის ადრეულ გამოვლენაზე, დიაგნოზსა და სერვისების მართვაზე. ასევე არ არსებობდა სერვისის უზრუნველყოფის მინიმალური სტანდარტი. ყველა ზემოჩამოთვლილი მიმართულებით პროექტმა ძალიან წარმატებულად იმუშავა.

ყველა სამიზნე რეგიონში – კახეთში, იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში, სერვისების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რეგულარული ტრენინგების და აუტიზმის ადგილობრივი სპეციალისტებისა და ABA თერაპევტების სუპერვიზიის მეშვეობით. გარდა ამ რეგიონებისა, პროექტის მეშვეობით, აუტიზმის სერვისები შეიქმნა გურიასა და სამცხე-ჯავახეთშიც. პროექტის ფარგლებში შევიძინეთ ADOS-2 – აუტიზმის დიაგნოსტირებისთვის საჭირო ინსტრუმენტი და შესაბამისი ტრენინგები ჩავუტარეთ პროფესიონალებს სხვადასხვა რეგიონიდან. აღსანიშნავია, რომ პროექტმა იმუშავა ადვოკატირების მიმართულებითაც – ვხვდებოდით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და აუტიზმის სერვისის დაფინანსების მზა მოდელს ვთავაზობდით. აღნიშნულზე დაყრდნობით რამდენიმე მუნიციპალიტეტმა აუტიზმის სერვისისთვის საჭირო ბიუჯეტი გამოყო, რაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისთვის ძალიან საამაყოა.

სამედიცინო პროტოკოლების განახლება ყოველთვის იყო ჩვენი ორგანიზაციის ჯანდაცვის პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი. რატომ ვუთმობთ ამ მიმართულებას დიდ ყურადღებას და როგორ ცვლის განახლებული პროტოკოლები პაციენტისთვის გაწეული სერვისის ხარისხს?

ჯანდაცვის სერვისების ხარისხის უზრუნველსაყოფად სამედიცინო გზამკვლევებისა და პროტოკოლების შექმნა და განახლება უმნიშვნელოვანესია. ისინი ჯანდაცვის სპეციალისტებს საშუალებას აძლევს დაავადებები მართონ მსოფლიოში აღიარებული მტკიცებულებების შესაბამისად. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვნად ეხმარებიან დონორი ორგანიზაციები და პარტნიორები, სამინისტრო კი, თავის მხრივ, ხშირად მიმართავს მათ ასეთი საჭიროების დადგომის შემთხვევაში. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც სამინისტროს ამ მიმართულებით ეხმარება.

2018 წელს ჩვენი დახმარებით შეიქმნა პროტოკოლი "აუტიზმის სპექტრის აშლილობების გამოვლენა, დიაგნოსტიკა და მართვა". 2020 წლიდან კი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, განახლდა და ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა გავრცელებული ქრონიკული დაავადებების, ასევე, პრევენციული და ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების მართვასთან დაკავშირებული 15 პროტოკოლი.

IMG_9488

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს აიტიგადაწყვეტებზე პირველად ჯანდაცვაში. როდის შევძლებთ საბოლოო შედეგის ნახვას და როგორ შეცვლის ის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ყოველდღიურობას?

როგორც აღვნიშნე, ერთიანი მართვის საინფორმაციო სისტემა პროექტის ფარგლებში 2021 წლიდან შეიქმნა და გაიტესტა არაერთ სამედიცინო დაწესებულებაში. 2022 წლის ზაფხულიდან სამედიცინო დაწესებულებებში რეალურ დროშია დანერგილი საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სისტემების სრული პაკეტი. სისტემის უწყვეტი ტესტირება სამინისტროს საშუალებას აძლევს განსაზღვროს IT სისტემის შესაძლებლობები. პირველადი ჯანდაცვის პროფესიული ასოციაციებისა და ოჯახის ექიმების გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს სისტემის შემდგომ გამოყენებას ფართო მასშტაბით. ეს განსაკუთრებით ეხება სოფლის სამედიცინო კლინიკებს, სადაც დღემდე არ არსებობს სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონული სისტემა. თუმცა, საჭირო იქნება სპეციალური რეგულაცია, რომელიც დაარეგულირებს ციფრული სერვისების მიწოდებას პირველადი ჯანდაცვის დონეზე. მას შემდეგ, რაც ელექტრონული მართვის სისტემა ხელმისაწვდომი გახდება ოჯახის ექიმებისთვის, ეს ხელს შეუწყობს მათ გადაწყვეტილების მიღებას დაავადების მართვასთან და პრევენციული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. მათ შეეძლებათ თვალყური ადევნონ სხვა ელექტრონულ მოდულებს, მაგ. დაბადების რეესტრი, იმუნიზაციის მოდული და ა.შ., დანიშნონ ვიზიტები და ტელეკონსულტაციებიც კი. ოჯახის ექიმები მოტივირებულები იქნებიან, უზრუნველყონ ხარისხიანი მომსახურება და ეს აუცილებლად სარგებელს მოუტანს პაციენტს.

როგორია 2023 წლის პრიორიტეტები?

2023 წელს აღნიშნული პროექტი სამინისტროსთან მუშაობას გააგრძელებს. კერძოდ, თუ სამინისტრო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საინფორმაციო სისტემების დანერგვასთან დაკავშირებით, პროექტის ჯგუფი დაეხმარება მას ამის  განხორციელებაში, იმუშავებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად იმისთვის, რომ პროცესი შეუფერხებლად და უმტკივნეულოდ წარიმართოს, ხოლო სისტემების გადაცემა ეფექტიანად მოხერხდეს.

გარდა ამისა, პროექტი გააგრძელებს მუშაობას ეროვნული პროტოკოლების განახლებაზე და ჩაერთვება პაციენტზე ზრუნვისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებასა და ორგანიზების პროცესში. ასევე, პროექტის ფარგლებში შეიქმნება და აკრედიტაცია მიენიჭება უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსებს, რომლებშიც 100 ოჯახის ექიმი უფასოდ ჩაერთვება. პარალელურად, განახლდება სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მოთხოვნები და სტანდარტები.

Meeting 09 april-9093

რამეს ხომ არ დაამატებთ?

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული ინტერვენციები პირველადი ჯანდაცვის სფეროში არის ძალიან დროული და ინოვაციური. პროექტის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო სისტემები გახდა შესაძლებლობა სხვა პარტნიორებისთვის დაეწყოთ ზრუნვა პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სხვა ასპექტებზე, რომელთაგან ერთ-ერთი, მაგალითად, დიფერენცირებული დაფინანსების მექანიზმების შექმნაა, რომელიც დაკავშირებული იქნება ხარისხსა და შედეგებთან. ამის მიღწევა საინფორმაციო სისტემის გარეშე შეუძლებელი იქნება. საინფორმაციო სისტემების როლი ფასდაუდებელია, რადგან მის გარეშე თანამედროვე ჯანდაცვის მოთხოვნებს ვერ დაეწევი.

შესაბამისად, დიდი მადლობა მინდა გადავუხდო ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, რომელმაც საშუალება მისცა საქართველოს მთავრობას განეხორციელებინა ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში ჯანდაცვის შემდგომი განვითარებისთვის.

CzechAid logo  unicef-for-every-child-logo  Logo_of_Ministry_of_Labour,_Health_and_Social_Affairs_of_Georgia._2012