CCR-მა აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის საზოგადოებაში უკეთესი ჩართულობის შესაძლებლობა გააუმჯობესა

CCR-მა აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის საზოგადოებაში უკეთესი ჩართულობის შესაძლებლობა გააუმჯობესა

აუტიზმის სპექტრის ადრეულ ასაკში გამოვლენას და ბავშვების შესაბამისი სარეაბილიტაციო სერვისით უზრუნველყოფას მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის  მოსამზადებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩეხეთის კარიტასი აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისების მისაწოდებლად 2015 წლიდან მუშაობს. შედეგად, საქართველოში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან, რომლის უმეტესობა აუტიზმის ადრეულ გამოვლენას და თერაპიულ სერვისებზე ფინანსურ და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უკავშირდება. პირველი რიგის პრობლემა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების არასათანადო მზაობაა, რომლებიც, როგორც წესი, აუტიზმის სპექტრის რისკის გამოვლენასა და ბავშვის სარეაბილიტაციო ცენტრში რეფერირებაზე არიან პასუხისმგებლები. გარდა ამისა, რეგიონებში  არ არსებობს ბავშვის  სრულყოფილი დიაგნოსტირების შესაძლებლობა და არ აქვთ საჭირო დიაგნოსტიკის სპეციალური ინსტრუმენტი, რის გამოც, ოჯახებს თბილისში უწევთ გამგზავრება. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყანაში სათანადო რაოდენობისა და კვალიფიკაციის სპეციალისტების არარსებობაც.

ჩეხეთის კარიტასის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირების სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, ასევე, სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას. ჩვენმა ორგანიზაციამ პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (255 000 ევრო) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა. პროექტი შემუშავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, აღნიშნულ სფეროში მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით.

Conference 11.11.15

სერვისების ხარისხის გაუმჯობესება

ჩეხეთის კარიტასმა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭირო გარემოს გაუმჯობესება საგანმანათლებლო ღონისძიებებით დაიწყო, რომლებიც, ძირითადად, აუტიზმის სპეციალისტებსა და ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაძლიერებაზე იყო მიმართული. ჩეხეთის კარიტასის ხელშეწყობით, სოფლის 658 ექიმი აუტიზმის სპექტრის რისკის გამოვლენაში მომზადდა. 2017-2021 წლებში საქართველოს 5 რეგიონს აუტიზმის სპექტრის გამოვლენისათვის საჭირო, დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ მიჩნეული, ე.წ. ADOS ინსტრუმენტი გადასცა და სპეციალისტები მის გამოყენებაში მოამზადა. შედეგად, უამრავ მშობელს ბავშვის დიაგნოსტირებისათვის რეგიონებიდან თბილისში გამგზავრება აღარ უწევს.

პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი ბავშვების ხარისხიანი თერაპიული მიდგომებით და სერვისებით უზრუნველყოფა იყო. ამ მიმართულებით ქვეყანა რამდენიმე გამოწვევის წინაშე იდგა. არ არსებობდა საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური კადრი, რომელიც  ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) მეთოდოლოგიით თერაპიას უზრუნველყოფდა რაიონებში. ამასთან, არ იყო სუპერვიზორის კვალიფიკაციის მქონე საბაზისო რაოდენობის სპეციალისტიც, რომლებიც ABA სერვისის ხარისხის მონიტორინგზე იზრუნებდნენ.

ჩეხეთის კარიტასისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს რეგიონების 147 სპეციალისტმა გაიარა ტრენინგები ABLLS-R and EFL-ის ინსტრუმენტების გამოყენებაში, რომლებიც აუცილებელია ABA თერაპიის სრულფასოვანი განხორციელებისათვის. ამასთან, ჩვენმა ორგანიზაციამ დააფინანსა 15 სპეციალისტი, რათა მათ სუპერვიზორის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საჭირო სასერტიფიკატო კურსი გაევლოთ. შედეგად, გაიზარდა არა მხოლოდ ABA თერაპიის მიმწოდებელი კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობა და მათზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, არამედ გაიზარდა თერაპიული მომსახურების ხარისხზე მეთვალყურეობაც.

DSC_0091 (1)

თერაპიული მიდგომების გამრავალფეროვნება

პროექტის გარკვეულ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს და სფეროს სპეციალისტების ინიციატივით, ABA თერაპიის გარდა სხვა მიდგომების დანერგვის საჭიროება დადგა. ისინი განმარტავდნენ, რომ თერაპიის ალტერნატიული მეთოდები, შესაძლოა, უფრო  ეფექტიანი ყოფილიყო ზოგიერთი კონკრეტული ასაკისა თუ საჭიროების მქონე ბავშვებთან სამუშაოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩეხეთის კარიტასმა საქართველოში აუტიზმის ჩარევის ორი ალტერნატიული მიდგომის – DENVER (Early Start Denver Model) და SCERTS დანერგვაზე იზრუნა და 2020 წელს, უზრუნველყო თბილისისა და რეგიონების სპეციალისტების (ჯამში 30 თერაპევტი) მომზადება საერთაშორისო აღიარებული ექსპერტების მიერ. აღნიშნულ ორივე მიდგომას ბავშვის განვითარების ინსტიტუტი უკვე პრაქტიკაში ნერგავს, „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ კი DENVER-ის თერაპიით მუშაობას ქუთაისის ბენეფიციარებს 2021 წლის ივლისიდან სთავაზობს.

ინკლუზიური განათლების კომპონენტი საბავშვო ბაღებში

ჩეხეთის კარიტასის პროექტის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საქართველოში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა იყო. ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით 3 საპილოტე საბავშვო ბაღი (თბილისი, ზუგდიდი, თელავი) შეარჩია და თითოეულ მათგანში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ინკლუზიის ხელშეწყობისთვის შესაფერისი გარემო მოაწყო. ამასთან, ე.წ. გარდამავალი ჯგუფები შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა. ჩვენმა ორგანიზაციამ ინკლუზიური განათლების მიმართულებით საქართველოს ბაღების 192 მასწავლებელი და 45 სპეციალური სპეციალისტი გადაამზადა. ამგვარად, შეიქმნა მზა მოდელი, რომლის დანერგვასაც სახელმწიფო სხვა მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში შეძლებს.

Untitled

გაზრდილი ბიუჯეტი აუტიზმის პროგრამისთვის რეგიონებში

მუნიციპალიტეტების დონეზე ადვოკატირება, რომელიც მიზნად ისახავს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების ჩართვას მუნიციპალურ სოციალურ პროგრამებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მუშაობის კიდევ ერთი მიმართულება იყო. ამ მიზნით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრები იმართებოდა, რომელთა ფარგლებშიც, განიხილებოდა აუტიზმის პროგრამისა და სერვისის განფასების მზა მოდელები. ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატირების საფუძველზე, 2020 და 2021 წელს, რუსთავის, ოზურგეთის და ახალციხის მუნიციპალიტეტებმა აუტიზმის პროგრამის დაფინანსება დაიწყეს. ამასთან, რიგ მუნიციპალიტეტებში გაიზარდა როგორც სერვისში ჩართული ბენეფიციარების, ისე თერაპიისთვის გამოყოფილი საათების რაოდენობაც.

ცენტრალურ დონეზე მიღწეული შედეგები

პროექტის აქტივობები რამდენიმე ძირეულ ცვლილებას ისახავდა მიზნად, რომელთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობის ცენტრალურ დონეზე მიღწეული შედეგებია. კერძოდ, 2020 წელს, ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები“ დაამტკიცა, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფის აქტიური მუშაობის შედეგად შეიქმნა. სტანდარტი აუტიზმის არსებული სერვისების ხარისხის უზრუნველყოფისთვისაა აუცილებელი. მანამდე, 2018 წელს, სამინისტროს მიერ დამტკიცდა აუტიზმის გამოვლენის, დიაგნოსტიკის და მართვის ეროვნული პროტოკოლი, რომელიც ასევე სახელმძღვანელო დოკუმენტია სფეროში მომუშავე ჯანდაცვის და აუტიზმის სპეციალისტებისათვის. ამასთან, ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციამ შეიმუშავა და პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობის რეგულირებას გამოიწვევს.

image (3)

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფასდაუდებელ წვლილსა და ჩეხეთის კარიტასთან მუშაობის ექვსწლიან შედეგებს აჯამებს. ის ხაზს უსვამს, რომ პროექტის ფარგლებში, მიღწეულია გრძელვადიანი შედეგები – აკუმულირებულია ცოდნა, გვაქვს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის სერვისების მისაწოდებლად  მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სტანდარტი და გადამზადებული სერვისის მიმწოდებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბარკალაიას თქმით, აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც უზრუნველყოს აუტიზმის სერვისებისა და ხარისხის მონიტორინგის მექანიზმების ჩამოყალიბება:

ეს არის ის ადამიანური რესურსი, რომელიც ქვეყანას აუცილებლად უნდა გააჩნდეს, რათა ბავშვებმა ხარისხიანი სერვისები მიიღონ“.

ჩეხეთის კარიტასის პროექტის მენეჯერი, რუსუდან ჩხუბიანიშვილი კი აღნიშნავს, რომ ამ პროექტით ჩეხეთის რესპუბლიკამ ფასდაუდებელი დახმარება გაუწია საქართველოს აუტიზმის სერვისების განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებაში:

ამ მხარდაჭერამ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს მისცა საშუალება, ისარგებლონ ზუსტად იმ მიდგომებით, რასაც ისეთ განვითარებულ ქვეყნებში იყენებენ, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, პოლონეთი. ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა აუტიზმის სერვისის ხარისხი და შესაბამისად, ბავშვებისა და მშობლების კმაყოფილება მიღწეული შედეგებით“. ჩხუბიანიშვილი თითოეული ბენეფიციარის სახელით მადლობას უხდის ჩეხ ხალხს გვერდში დგომისთვის.

ნინა კოპალეიშვილი – პიარისა და კომუნიაკციის ოფიცერი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში, nina.kopaleishvili@caritas.cz

Czech Development Agency - Logo (1)  Logo_of_Ministry_of_Labour,_Health_and_Social_Affairs_of_Georgia._2012