ლევანი და ეკა იმ იშვიათი ადამიანების გამონაკლისს წარმოადგენენ, რომელთაც ქალაქში ცხოვრებას სოფლად ცხოვრება ურჩევნიათ. წყვილმა თბილისი ხუთი წლის წინ ახალდაბადებულ იონასთან ერთად დატოვა და რაჭაში, სოფელ სორში ლევანის მამა-პაპისეულ სახლში დაფუძნდა. აქვე შეეძინათ პატარა ისაიაც. თავდაპირველი სირთულეების გადალახვის შემდეგ, წყვილმა პირველი ვაზის ძირები დარგო და საფუძველი ჩაუყარა მეღვინეობას "ორი გვარი". ეკას და ლევანს უამრავი გეგმა აქვთ დასახული, რომელთა უმეტესობაც რაჭაში ცხოვრებას უკავშირდება.
ლევანი და ეკა სოფელ სორში ორ შვილთან ერთად ცხოვრობენ. წარმოშობით ორივე რაჭიდანაა, თუმცა ბავშვობაც და მოზარდობაც თბილისში აქვთ გატარებული, დედაქალაქში დაოჯახდნენ და იქ შეეძინათ პატარა იონაც. ხუთი წლის წინ წყვილმა მშობლიურ მხარეში დაბრუნება და ლევანის წინაპრების სახლში დაფუძნება გადაწყვიტა. ამასთან, უნდოდათ მთავარი ჩანაფიქრი აესრულებინათ და საკუთარი ღვინის წარმოება დაეწყოთ. ყველაფერი მათი გეგმის შესაბამისად აეწყო – მეგობრის დახმარებით გააშენეს ვენახი და ერთი წლის წინ ნატურალური ღვინის ჩამოსხმაც დაიწყეს. ახლა უკვე ორ შვილთან ერთად, ლევან კერვალიშვილისა და ეკატერინე ერაძის პატარა სახლი უამრავ სტუმარს მასპინძლობს.
„პირველი ორი წელი ძალიან გაგვიჭირდა – სახლი ძველი იყო, ბებია-ბაბუის გარდაცველების შემდეგ წლების განმავლობაში დაკეტილი. ყველანაირი დანაზოგისა და კაპიტალის გარეშე წამოვედით. იყო უამრავი დაბრკოლება. მახსოვს, ბევრს ეგონა, რომ ერთი-ორი თვე დაისვენებენ და დაბრუნდებიანო, არ ჯეროდათ, რომ მართლა გადავწყვიტეთ სოფლად ცხოვრება. თუმცა, ინტუიცია გვკარნახობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ასეც მოხდა“, – იხსენებს ლევანი.
სირთულეების გადალახვის შემდეგ, ლევანმა და ეკამ მევენახეობას მიჰყვეს ხელი – გააშენეს ვაზი და მალე პირველი ყურძნის მოსავალიც დაწურეს. ასე ჩაეყარა საფუძველი მეღვინეობას სახელწოდებით „ორი გვარი“, რომელიც სუფთა, ნატურალურ ღვინოს აწარმოებს და უკვე დაიმსახურა აღიარება ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს შორის.
ჩვენი სტუმრობისას ეზოში პატარა ისაია და იონა შემოგვეგებნენ, ლევანი და ეკა კი უნიკალური ღვინითა და უგემრიელესი კერძებით გაგვიმასპინძლდნენ. მათთან საუბრის დაწყებისთანავე მივხვდით, რომ წყვილისთვის ბუნებასთან ახლოს ყოფნა არა მხოლოდ სუფთა ჰაერითა და ჯანსაღი გარემოთი შემოიფარგლებოდა, არამედ საქმე გვქონდა ადამიანებთან, რომელთათვისაც გარემოზე ზრუნვა უბრალოდ ცხოვრების წესი და ნაწილია. ეკამ არაერთხელ აღნიშნა, რომ თბილისის სიყვარულის მიუხედავად, სურს მისი შვილები ბუნებასთან ახლოს იზრდებოდნენ, რადგან ჰგონია, რომ ეს მომავალში მათ დაეხმარებათ იყვნენ თავისუფლები და ძლიერები.
სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და ეკოცენტრმა სოსნამ ლევანისა და ეკას სახლის ეზოში მოაწყვეს ბიოტუალეტი ბიოფილტრით. პროექტის ფარგლებში ასევე შეკეთდა ძველი ღობე, რომელიც წყვილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სტუმრების მოზიდვის თვალსაზრისით.
„მინდა, რომ ადამიანები გარემოს უფრთხილდებოდნენ, არ აბინძურებდნენ მას. ბიოტუალეტები და ბიოფილტრი კი სწორედ ამის უზრუნველყოფაში დაგვეხმარება, რადგან მოგეხსენებათ, რომ ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს. თითოეული ჩვენგანი ამ სამყაროს, ამ ბუნების ნაწილია და ამ ყველაფრის მოფრთხილების მნიშვნელობას აქ, სოფლად გაცილებით უკეთ შეიგრძნობ. როცა ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრობ, ცდილობ ბუნებას ზიანი არ მიაყენო და მაქსიმალურად იზრუნო გარემოზე“, – ამბობს ეკა.
ბიოფილტრის მუშაობის პრინციპი ნარჩენი წყლების ბუნებრივი კომპონენტების გამოყენებით გაფილტვრის პრაქტიკაზეა დაფუძნებული, რომლის შედეგადაც მხოლოდ სუფთა წყალი რჩება. ლევანისა და ეკასთვის მცირე ბიზნესის წამოწყებისა და რაჭაში დაფუძნების პირველ ეტაპზე, ამ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან წინ უმრავი გამოწვევითა და საინტერესო საქმით დატვირთული თავგადასავლები ელოდებათ.
საუბრის დასასრულს, ლევანს ვკითხეთ, რა მოსწონს ყველაზე მეტად მისი ცხოვრების ამ უკვე თითქმის არც თუ ისე ახალ ეტაპზე, მან კი ასე გვიპასუხა:
„ერთ ფილმში ციმბირში მცხოვრები კაცი ასეთ რამეს ამბობს: ტაიგაში ადამიანს აქვს სახლის განცდა, რომელიც სახლიდან გამოსვლის შემდეგ არ მთავრდება. სწორედ ასეა, ამით განსხვავდება სოფლის გარემო ურბანულისგან – სოფლად ტყეში წახვალ თუ სხვა სოფელში გადახვალ, სულ სახლში გრძნობ თავს. ამას ვეძახი თავისუფლებას და ღმერთს იმას ვთხოვ, რომ არ შემექმნას ისეთი პირობები, რომელთა გამოც აქედან წასასვლელი გავხდები. არასდროს უნდა თქვა არასდროს, როგორც იტყვიან, მაგრამ ჩვენ ჩვენს მომავალს ვუკავშირებთ და ვხედავთ რაჭაში. წინ დიდი გეგმები გვაქვს“.
პროექტის ფარგლებში ნარჩენი წყლების გამწმენდი სისტემები ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოეწყო. ამასთან, 2023 წლის გაზაფხულზე, ონის მუნიციპალიტეტის მერიას ასანიზაციის მანქანა გადაეცა, რომელიც მუნიციპალიტეტს დაეხმარება ნარჩენი წყლების მართვის ინფრასქტრუქტურის მოწყობაში.