შშმ პირთა ორგანიზაციები შეხვედნენ ბიოეთიკასა და ადამიანის უფლებებზე სასაუბროდ ჯანდაცვაში
8. ივლისი 2022 სიახლეები

შშმ პირთა ორგანიზაციები შეხვედნენ ბიოეთიკასა და ადამიანის უფლებებზე სასაუბროდ ჯანდაცვაში

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი შეზღუდული შესაძლებლობის საკითხზე წლებია მუშაობს და მიზნად ისახავს შშმ პირთა უფლებების დაცვასა და მათი შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფას. 2022 წლიდან, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ერთობლივი პროგრამის განხორციელებას „ნურავის გამოვტოვებთ – პოლიტიკიდან პრაქტიკისკენ შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზიური განვითარება საქართველოში“. პროექტის ფარგლებში, UNFPA-ს საქართველოს ოფისისა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ინიციატივით შედგა შეხვედრა საქართველოს პარლმენტის წევრებსა და შშმ პირთა საზოგადოებასთან საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების მიზნით.

საქართველოს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მნიშვნელობა

_70A2679

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჯერ კიდევ აწყდებიან სხვადასხვა გამოწვევას ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების მისაწვდომობის თვალსაზრისით. ეს ეხება არა მხოლოდ ფიზიკურ მისაწვდომობას სამედიცინო დაწესებულებებზე, არამედ იმგვარ ბარიერებს, როგორიცაა დისკრიმინაციული დამოკიდებულება და სტიგმა, ასევე, ჯანდაცვის სპეციალისტების არასათანადო ცოდნა და უნარები შეზღუდული შესაძლებლობის თემასთან დაკავშირებით. ამ პრობლების საპასუხოდ, UNFPA-ს საქართველოს ოფისი და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მუშაობენ პროექტზე, რომლის მიზანია საფუძველი დაუდოს სამართლიანი და ინკლუზიური წვდომის უზრუნველყოფას ხარისხიანი და გენდერულად მგრძნობიარე ჯანდაცვის სერვისებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომელიც შესაბამისობაში იქნება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტთან. პროექტი დაფინანსებულია გაეროს მულტიპარტნიორული ფონდი შშმ პირთა უფლებებისთვის მიერ.

პროექტის ფარგლებში, 2022 წლის 23 ივნისს, UNFPA-ს საქართველოს ოფისმა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა გამართეს შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად. ღონისძიების მიზანი იყო განეხილათ შშმ პირთა უფლებები ჯანდაცვაში და შეემუშავებინათ ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პრინციპებთან დასაახლოებლად. დისკუსიაში ჩართულები იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც სამუშაო ჯგუფს რეკომენდაციებს პირადი გამოცდილების შესაბამისად აძლევნდნენ.

_70A2861

ღონისძიება გახსნა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემაში არსებული ბარიერები არაპროპორციულად მწვავედ აისახება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, და ეს განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, როცა შშმ ქალებზე და გოგოებზეა საუბარი.  მისი თქმით, სიტუაციური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ჯანდაცვის კანონმდებლობა და პოლიტიკა არასათანადოდ პასუხობს შშმ პირების საჭიროებებს, ქალები და გოგოები კი კიდევ უფრო რთული გამოწვევების წინაშე დგებიან მაშინ, როცა საქმე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიღებას ეხება:

„ამავე საკანონმდებლო დოკუმენტებში ჯერაც ვხვდებით დისკრიმინაციულ ენასა და მიდგომებს. სწორედ ამიტომ, გაეროს მოსახლეობის ფონდი, პარტნიორებთან, ექსპერტებთან და შშმ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ძალისხმევას მიმართავს თანასწორი და არადისკრიმინაციული წინაპირობების შესაქმნელად, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ყველა საჭირო ჯანდაცვის სერვისზე მიუწვდებოდეთ ხელი.“

_70A2898

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა, იან ბლინკამ კი განაცხადა, რომ ადამიანის უფლებები ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი სამუშაო მიმართულებაა და მოხარული ვართ, რომ ამ პროექტის ფარგლებში, შესაძლებლობა გვაქვს კვლავ ვიმუშაოთ შშმ პირთა უფლებების დასაცავად:

„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი შეზღუდული შესაძლებლობის საკითხზე უკვე 12 წელია მუშაობს და ცდილობს ცვლილებების მიღწევას სხვადასხვა დონეზე, იქნება ეს პოლიტიკა, სერვისის განვითარება, პროფესინალთა კვალიფიკაციის ზრდის ხელშეწყობა თუ საზოგადოების ცნობიერების გაზრდა შშმ პირთა უფლებების შესახებ. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ჩვენი ორგანიზაცია აგრძელებს მუშაობს უფლებებზე დაფუძნებული სერვისების უზრუნველყოფის მიზნით შშმ პირთათვის.“

_70A2620

ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სერვისებზე შშმ ქალთა და გოგონათა მისაწვდომობის ურზუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და აუცილებელია ამ პროცესებთნ დაკავშირებით მუდმივი კომუნიკაცია იყოს, როგორც შშმ პირთა წარმომადგენელ ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან და თემის ექსპერტებთან:

„სწორედ ამიტომ, მივესალმები გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ერთობლივ პროექტს, რომელიც მსგავსი პლატფორმის შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენი მხრივ, საქართველოს პარლამენტში, მზად ვართ ხორცი შევასხათ  ნებისმიერ ისეთ ინიციატივას, რომლის მიზანიც CRPD-ის ღირებულებებისა და პრინციპების გაძლიერება და აღსრულების ეფექტური მექანიზმების შემუშავება იქნება.”

შეხვედრის ფარგლებში UNFPA-ს საქართველოს ოფისის სოციალური პროგრამის ოფიცერმა ნუცი ოდიშარიამ ისაუბრა პროექტის „ნურავის გამოვტოვებთ – ინკლუზიური განვითარების პოლიტიკიდან პრაქტიკისკენ“ ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერმა თამარ კურტანიძემ კი ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ამგვარი ღონისძიება პირველად შედგა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის განგრძობითი ხასიათის იქნება.

ღონისძიების მეორე ნაწილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრასა და დისკუსიას დაეთმო – შეხვედრის მონაწილებმა ისაუბრეს საკონონმდებლო ინიციატივებსა და მათი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციასთან ჰარმონიზებისთვის საჭირო გზებზე. პანელურ დისკუსიაში ჩართულები იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც სამუშაო ჯგუფს რეკომენდაციებს პირადი გამოცდილების შესაბამისად აძლევნდნენ.

_70A3173

პროექტი მიმართულია საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, საქართველოს კანონმდებლობაში კვლავ რჩება ხარვეზები, რომლებსაც სჭირდება საერთაშორისო გამოცდილებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მოდელთან ჰარმონიზაცია. სწორედ აღნიშნული ცვლილებებისკენაა მიმართული ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და UNFPA საქართველოს ერთობლივი ინიციატივა.

პროექტი გაგრძელდება 2 წლის განმავლობაში. 2022 წელს UNFPA საქართველო და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდი იმუშავებენ შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზზე და საქართველოს პარლამენტს მიაწვდიან რეკომენდაციებს საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე ჯანდაცვის სფეროში, რომელიც შესაბამისობაში იქნება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროექტის გუნდი, მათ შორის, წარმოდგენილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებით, რომელთაც აქვთ ექსპერტული ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ და დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, შესაბამის რეკომენდაციებს წარადგენენ. ცვლილებები შეეხება კანონს პაციენტის უფლებების შესახებ, კანონს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ და კანონს სამედიცინო საქმიანობის შესახებ.

2023 წელს პროექტი მხარს დაუჭერს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას ტრენინგების, საგანმანათლებლო მასალისა და ჯანდაცვის სპეციალისტებისა და პროფესორების კვალიფიკაციის ამაღლების გზით. აღნიშნულის მიზანია სერვისის პროვაიდერებმა უზრუნველყონ გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობების შესაბამისი ჯანდაცვის სერვისები, მათ შორის, სქესობრივი და რეპროდუქციული სერვისები.

_70A2718

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი შშმ პირების უფლებების დასაცავად წლებია მუშაობს

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი წლებია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მხარდასაჭერად, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათთვის ხარისხიანი ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების უზრუნველსაყოფად. სხვადასხვა დონორული დაფინანსების ფარგლებში, ჩვენი ინტერვენციები დაკავშირებული იყო ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური სერვისების განვითარებასა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის შესაბამისი რეგულაციების/სტანდარტების ჩამოყალიბებასთან.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ამ ეტაპზე ახორციელებს, მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობას. აღნიშნული გულისხმობს საჭირო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, მათი საოჯახო ტიპის საცხოვრებლითა და შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფას.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინიციატივით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის კარიტასმა უკვე შეიმუშავა დეინსტიტუციონალიზაციისათვის საჭირო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სფეროს ექსპერტებმა, ჩეხ კოლეგებთან, სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, განსაზღვრეს ძირითადი სამუშაო მიმართულებები, კომპლექსური მიდგომით შეაფასეს ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებები და მოამზადეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები. ამჟამად მიმდინარეობს შერჩეული სახლების რეაბილიტაცია, რომელშიც დუშეთისა და მარტყოფის დიდ პანსიონატებში მცხოვრებთა ნაწილი 2022 წელს გადავა საცხოვრებლად.

UNFPA    UNPRDP

წაიკითხე ჩვენი სხვა სტატიები: