თემურ გუგეშაშვილმა მშობლიურ რაჭაში ცხოვრების ახალი ეტაპი 2008 წელს ოჯახთან ერთად დაიწყო. ამჟამად ქალაქ ონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საოჯახო სასტუმროს ფლობს და ხელმძღვანელობს ხის სახელოსნოს, რომელშიც ის და მისი მეუღლე ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს კვირაში რამდენჯერმე მასპინძლობენ. თემურს წინ დიდი გეგმები აქვს – ამჟამად ქალაქის ცენტრში ახალ სასტუმროს აშენებს, რომელშიც სასტუმრო სივრცის გარდა განლაგებული იქნება ხის სახელოსნო, საკონფერენციო დარბაზი და რესტორანი.
თემურ გუგეშაშვილი მაღალმთიანი რაჭის პატარა ქალაქ ონში ცხროვრობს. წარმოშობით რაჭველი მშობლიურ მხარეს 2008 წელს დაუბრუნდა. დედაქალაქში სწავლისა და მუშაობის შემდეგ, აქ მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა და ოჯახთან ერთად ცხოვრების ახალ ეტაპს შეუდგა. მხატვრის სახლი – ასე ეწოდება შუაგულ ონში მდებარე გესთჰაუსს, რომელიც უკვე 15 წელზე მეტია, რაც უამრავი ვიზიტორის საყვარელ ადგილად იქცა.
მხატვრის სახლში სტუმრობისას ჩვენს აღფრთოვანებას ბევრი რამ იწვევს – წინაპრებისგან დანატოვარი, ხის ორნამენტებით გაწყობილი ოდა, შიგ ხელოვანი მასპინძლების მიერ შექმნილი ხის ნაკეთობები და ფერწერული ნამუშევრები. მარანი, რომელშიც სტუმრებს ტრადიციული ქართული ჯიშებისგან დაწურული ღვინისა და სხვადასხვა ხის არომატებით დაყენებული ჭაჭის დაგემოვნება შეუძლიათ. სადილად ქალბატონი ელენეს, ჩვენი მასპინძლის მეუღლის მიერ მომზადებული რაჭული კერძები, ამავე ოჯახში დამზადებული რაჭული ლორი და ეზოში აშენებულ თონეში გამომცხვარი ცხელ-ცხელი პური. შემდეგ მასპინძლის მიერ დამზადებულ ხის სკამზე ჩამოჯდომა და მისგან მონაყოლი მხატვრის სახლის ისტორია და სამომავლო გეგმები:
„მამაპაპურ მიწას დიდი ხნის წინ დავუბრუნდი, რაც ძალიან მომწონს. წლის განმავლობაში უამრავ ადამიანს ვხვდები – ვმასპინძლობთ ტურისტებს, დაგვყავს მთაში, ვათვალირებინებთ რაჭას, იმას, რაც ჩვენთვის ძვირფასი და საამაყოა. რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფერს ჩემს ოჯახთან ერთად ვაკეთებ, რის გამოც მათი უზომოდ მადლიერი ვარ. ჩემი შესაძლებლობები აქ უფრო გამოვავლინე – ხეზე ვსაქმიანობ, თან ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდებს ვუზიარებ“, – ამბობს თემური.
მხატვრის სახლი ორი – ქვედა და ზედა სახლებისან შედგება, ჯამში საოჯახო ტიპის სასტუმრო პარალელურად 18 სტუმარს იტევს. აქ მოსულ ვიზიტორს ერთ სივრცეში შეუძლია გაიცნოს რაჭისათვის ავთენტური არქიტექტურა, ტრადიციები, ისტორია და კულინარია. აღმოჩნდა, რომ ეს ადგილი ტურისტებისთვის არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ზამთრის პერიოდშიც არ კარგავს პოპულარობას – გუგეშაშვილები ხშირად მასპინძლობენ ზამთრის ექსტრემალური სპორტის მოყვარულებსა და უბრალოდ თოვლიან რაჭაზე შეყვარებულ დამსვენებელსაც. ცივ სეზონზე სტუმრების მიღებაში მათ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში გადაცემული გათბობის სისტემა უწყობს ხელს – რომ არა ეს მხარდაჭერა, ისინი ზამთარში სტუმრების მასპინძლობას პრაქტიკულად ვერ შეძლებდნენ.
ამასთან, 2023 წლის გაზაფხულზე, ონის მუნიციპალიტეტის მერიას ასანიზაციის მანქანა გადაეცა, რომელიც მუნიციპალიტეტს დაეხმარება ნარჩენი წყლების მართვის ინფრასქტრუქტურის მართვაში.