აუტიზმის სპეციალისტი: "უთვალავია ფერი და უთვალავია ბავშვების შესაძლებლობებიც"
2. აპრილი 2024 სიახლეები

აუტიზმის სპეციალისტი: "უთვალავია ფერი და უთვალავია ბავშვების შესაძლებლობებიც"

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღეა, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ყოველწლიურად უერთდება. წელს აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე აღინიშნება თემით „ფერები“, რომელზეც ქუთაისში პირველი აუტიზმის ცენტრის დამფუძნებელ ლიკა მხატვართან ერთად ვსაუბრობთ. "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" იყო ერთ-ერთი აუტიზმის ცენტრი, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჩეხეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაუჭირა მხარი.

2024 წელს აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღის თემა „ფერებია“. თქვენთვის რას ნიშნავს ეს გზავნილი?

„ფერები“ არის ზუსტად ის, რაც რეალობას ასახავს, რადგან არცერთი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი მეორეს იდენტური არ არის. თითოეული ბავშვი ძალიან მრავალფეროვანი და ფერადია და თითეულ მათგანს აქვს დიდი რესურსი. ისინი გვიფერადებენ და გვილამაზებენ სამყაროს, მათ გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩვენი არსებობა. ჩემთვის „ფერები“ სწორედ ამასთან ასოცირდება, რომ უთვალავია ფერი და უთვალავია ამ ბავშვების შესაძლებლობებიც.

ლიკა მხატვარი

რატომ არის აუტიზმის დროულად იდენტიფიცირება მნიშვნელოვანი და რა გამოწვევების წინაშე დგებიან ის მშობლები, რომლებიც შედარებით გვიან აღმოაჩენენ თავიანთ შვილში აუტიზმის სპექტრს?

ზოგადად, უმჯობესია აუტიზმის იდენტიფიცირება ადრეულ ასაკშივე მოხდეს, ძირითადად თავის ტვინის ნეიროპლასტიურობის ასაკიდან გამომდინარე. რაც უფრო პატარაა ბავშვი, უფრო ნეიროპლასტიურია მისი ტვინი ანუ გარემოდან ზემოქმედებას და დასწავლას უფრო კარგად ემორჩილება, ვიდრე გვიან ასაკში, რამაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს ან მთლიანად აღმოფხვრას განვითარების შეფერხების რისკი. აუტიზმის სპექტრს კი ხშირად თან ახლავს განვითარების სირთულეები. ეს შეიძლება იყო მეტყველების შეფერხება, განვითარების ეტაპების დაყოვნება, ემოციურ-ქცევითი ან გარკვეული ინტელექტუალური სირთულეები თუ სხვა. რასაკვირველია არსებობს მაღალფუნქციური აუტიზმიც, როდესაც არ გვაქვს სახეზე თანმხვედრი ინტელექტუალური შეფერხება და პირიქით როცა ნორმაზე მაღალია ინტელექტი, თუმცა მსგავსი შემთხვევები უფრო იშვიათად ხდება. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც 8-9 წლის ასაკში ან თუნდაც 16 წლის ასაკში დასმულა აუტიზმის დიაგნოზი.

როდესაც ვსაუბრობთ ადრეულ დიაგნოსტირებაზე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს აუტიზმისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებიც. როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვს აქვს კომუნიკაციის გარკვეული სირთულეები, არ მოაქვს ნივთები გასაზიარებლად ან საჩვენებლად (არ იგულისხმება დახმარების თხოვნისთვის), აქვს გახანგრძლივებული ან შეზღუდული ინტერესები, არ რეაგირებს სახელზე, თავს არიდებს თვალის კონტაქტს, აქვს მწირი და ერთფოროვანი სახის გამომეტყველება და ჟესტები, უჭირს დიალოგში შემოსვლა, შეფერხებულია მეტყველება, ცხადია, ეს ნიშნები წარმოადგენენ გარკვეულ წითელ დროშებს და აუცილებელია ბავშვის სპეციალისტთან მიყვანა შესაბამისი შეფასებისა თუ დიაგნოსტირებისათვის.

294272989_7808452262530162_884554941915623783_n - Copy

არსებობს აუტიზმის ჩარევის რამდენიმე მოდელი. გვიამბეთ მათ შესახებ – რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან, თქვენ რომელ მათგანს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?

თითოეული ინტერვენციის მოდელი თითოეული ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს. რა თქმა უნდა, ყველაზე პოპულარული ჩვენს ქვეყანაში არის ქცევის გამოყენებითი ანალიზით თერაპია (ABA), რომელსაც აქვს ყველაზე ხანგრძლივი არსებობის ისტორია და ყველაზე მეტი მეცნიერული კვლევა მის პოზიტიურ შედეგებთან დაკავშირებით. ის ეფუძნება დასწავლის თეორიას და მისი მიზანია სოციალურად მნიშვნელოვანი ქცევების სწავლება ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. ხშირად, სწორედ ამ მეთოდს ეფუძნება ბევრი სხვა ალტერნატიული ინტერვენცია. მაგალითად, ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო მიდგომა არის დენვერის ადრეული დასწავლის მოდელი, რომელიც არის ადრეული ასაკის ბავშვებითვის, კერძოდ ერთიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

დენვერის მოდელი არის ინტენსიური ქცევითი ინტერვენციაისევე, როგორც ქცევის გამოყენებითი ანალიზი, მაგრამ ის ასევე ემყარება განვითარებისა და ურთიერთობებზე დაფუძნებულ თეორიებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩარევა მიუყვება ბავშვის განვითარების ასაკს და ქმნის შესაბამის კონტექსტურ თამაშებს და იმ თამაშების შიგნით ასწავლის სხვადასხვა უნარებს. ქცევის გამოყენებითი ანალიზს თავისი შეფასების ინსტრუმენტები და ჩარევის სტრატეგიები აქვს, დენვერის ადრეული დასწავლის მოდელს თავისი შეფასების ინსტრუმენტი და სასწავლო კურუკულუმი აქვს, რომელშიც თამაშით სწავლებას მეტი ადგილი უჭირავს.

არის კიდევ სხვა ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებული ეფექტური მიდგომებიც, მაგ: DIR-Floortime, SCERTS, რომლებიც ნელ-ნელა საქართველოშიც ინერგება და მშობლებს აქვთ თავისუფლება, აირჩიონ პრიორიტეტული მოდელი. თითოეული ინტერვენციის ძირითადი ფოკუსი არის, რომ ვიმუშაოთ კომუნიკაციასა და ენა-მეტყველებაზე, სოციალურ უნარებზე, თვითმოვლაზე, თამაშზე, მოტორული უნარების განვითარებაზე, დასწავლის უნარებზე ანუ ყველაფერ იმაზე, რაც ბავშვებისათვის არის სოციალურად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ როდესაც თერაპიიდან გავლენ, დამოუკიდებლად გააგრძელონ ცხოვრება, თანატოლებისგან სწავლა, გამოხატონ საკუთარი ინტერესები, განვითარდნენ სრული პოტენციალით და მოხდეს მათი სოციალური ჩართულობა (ინკლუზია).

image (3)

რას ეტყოდით მშობლებს, მათ შორის მათ, ვისაც ჰყავთ ბავშვები აუტიზმის სპექტრით?

პირველ რიგში, მოვუწოდებდი სიმშვიდისკენ და იმისკენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვაც არ დაავიწყდეთ, რაც არც თუ ისე მარტივია, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არის მშობლებისთვის ფსიქოთერაპიისა და ფსიქოგანათლების სერვისები განვითარებული ჯერჯერობით.

მათ, ვისაც აქვთ ეჭვი, რომ მათი შვილი არ ვითარდება ისე, როგორც მოელოდნენ ან როგორც მათი თანატოლები ვითარდებიან (რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი განსხვავებულია და ზოგიერთი ბავშვი იწყებს ხოხვას ან სიარულს უფრო ადრე, ვიდრე მეორე), მაგრამ თუ გაქვთ ეჭვი, შიშმა არ შეგაფერხოთ, რათა დროულად მიიღოთ ის სერვისები, რომლებიც მნიშვნელოვად შეცვლის თქვენს ცხოვრებას დადებითისკენ. თუ ოდნავ მაინც ეჭვობთ, რომ ბავშვის განვითარება თანატოლებისგან განსხვავებულად მიმდინარეობს, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს და მოისმინეთ მისი მოსაზრება. ამგვარად, დროულად დაინახავთ თქვენი შვილის ძლიერ მხარეებს, რაც არის მთავარი გასაღები იმისთვის, რომ გავხდეთ ბავშვისთვის საკომუნიკაციო პარტნიორები. აღნიშნული კი სიამოვნებას მიანიჭებს არა მხოლოდ ბავშვს, არამედ ჩვენც და აქედან იწყება განვითარების სწორად სტიმულირებაც.

ხოლო იმ მშობლებს, რომლებაც იციან, რომ მათ შვილებს აქვთ აუტიზმის სპექტრი, გილოცავთ, რადგან თქვენ განსაკუთრებული ცხოვრება გელოდებათ! არ დახარჯოთ დრო გლოვასა და ცრემლებში, რადგან თუ ერთ დღეს გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ საოცარი შვილი გყავთ და საოცარი გიდი შეგიძლია იყოთ თქვენი შვილისთვის, ცხოვრება სრულად სხვანაირი გახდება და შეიცვლება დადებითისკენ! არასდროს დანებდეთ, არ თქვათ უარი თქვენს ოცნებებზე, რადგან ყველაფერი შესაძლებელია!

როგორია ქვეყანაში არსებული მიღწევები ბოლო ათი წლის განმავლობაში და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ ამ ეტაპზე?

ათი წლის წინ არ არსებობდა ძალიან ბევრი სერვისი, რომელიც იქნებოდა ხელმისაწვდომი იმ რეგიონში, რომელშიც ბავშვი ცხოვრობდა და ასეთი სერვისები არ იყო მხარდაჭერილი და დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. დღეს უამრავი ცენტრია გახსნილი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც ბავშვებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს.

დიდი თანხებია ჩადებული ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში, რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამაში თუ სხვა. ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აქტიურად აფინანსებენ აუტიზმის პროგრამას. მაგალითად, ქუთაისის მერიის დაფინანსების ფარგლებში, მშობელი თავად ირჩევს აუტიზმის ჩარევის მოდელს, იქნება ეს დენვერი თუ ქცევის გამოყენებითი ანალიზი. სწორედ ჩეხეთის რესპუბლიკის ადვოკატირების დამსახურებაა აღნიშნული.

Untitled

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერის წყალობით ქართულ ენაზე ნათარგმნი გვაქვს აუტიზმის სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტი ADOS 2, რომელიც ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, ასევე, ჩაგვიტარდა ტრენინგები, მოვიპოვეთ საერთაშორისო ლიცენზია და დღეს ჩვენი ცენტრი ახორციელებს სადიაგნოსტიკო კვლევას. გარდა ამისა, ის, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ აუტიზმის სერვისის ხარისხზე, სუპერვიზიის კონტექსტში, ესეც არის იმის დამსახურება, რომ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა ბევრი სუპერვიზორის განათლება იმისთვის, რომ გამხდარიყვნენ ქცევის საერთაშორისო ანალიტიკოსები.

მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტებს, რომლებიც გვყავს უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომი განათლება და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა, რომ არაფერი ვთქვათ ღირსეულ ანაზღაურებაზე, რაც კვლავ რჩება პრობლემად.

ალბათ გამოვყოფდი იმასაც, რომ ნელ-ნელა უფრო მეტი დისკუსიაა იმაზე, თუ რა ითვლება გამართლებულ ინტერვენციად, რა არის დამატებითი მხარდამჭერი სერვისები და რა ტიპის მკურნალობა ან ინტერვენცია შეიძლება არ იყოს ემპირიულად დადასტურებული. დღეს სახელმწიფოს უკვე დამტკიცებული აქვს აუტიზმის მომსახურების სტანდარტი და სფერო ძალიან ვითარდება ყოველდღიურად, მათ შორის, რეგიონებშიც.

გამოწვევად რჩება შედარებით მაღალი ასაკის ბავშვებისთვის სერვისების მიწოდება და იმედია ამ მიმართულებითაც გადაიდგმება ნაბიჯები.

რამეს ხომ არ დაამატებდით?

პირველ რიგში, მადლობა თემით დაინტერესებითვის! ასევე, აუცილებლად მადლობა მინდა გადავუხადო ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს, რადგან რაც მათ გააკეთეს ჩვენი და სხვა ცენტრებისთვის მთელ საქართველოში, იყო ფასდაუდებელი მხარდაჭერა. შედეგად, ვიცით, რა არ ვიცით და ვიცით რა ვიცით, რა უნდა გაკეთდეს მომავალში და უკეთ გვეძლევა შესაძლებლობა ხარისხიანად მოვემსახუროთ  ჩვენს პატარებს, ამიტომ მადლობა თქვენ!

Czech Development Agency - Logo (1)