CzechAid-ის მხარდაჭერით, აუტიზმის სპექტრის მქონე ნოეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
27. ივლისი 2022 სიახლეები

CzechAid-ის მხარდაჭერით, აუტიზმის სპექტრის მქონე ნოეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

ნოე ქარცივაძეს აუტიზმის სპექტრის დარღვევა წლინახევრის ასაკში დაუდგინეს. ბავშვის რამდენიმე საბავშვო ბაღში მიყვანის შემდეგ, მშობლებს იმედი აღარ ჰქონდათ, რომ ნოესთვის შესაბამის განმავითარებელ გარემოს იპოვიდნენ. თუმცა, მალევე შეიტყვეს, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ზუგდიდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ჯგუფი გაეხსნათ და მაშინვე დაუკავშირდნენ მათ. ნოე უკვე რვა თვეა ხსენებულ ჯგუფში დადის და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ გადამზადებული სპეციალური მასწავლებლების ძალისხმევის შედეგად, მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

პედიატრმა შენიშნა, რომ ის ტიპური განვითარების ბავშვი არ იყო. გვანცა ამბობს, რომ როდესაც ერთ-ერთი გეგმიური ვიზიტის დროს, ექიმმა მის შვილს სახელით მიმართა, ბავშვს რეაქცია არ ჰქონია, რამაც ის დააეჭვა და დააინტერესა, რამდენად ხშირად ხდება ასე:

მანამდე არაფერი ვიცოდი აუტიზმის შესახებ, ამიტომ ვერ მივხვდი, რატომ მისვამდა ამ შეკითხვას. ვუპასუხე, რომ არ დავკვირვებულვარ, რადგან როცა ვეძახი ბავშვს, თან მივდივარ მასთან, მის რეაქციას არ ველოდებითქო.“

თავდაპირველად გვანცა საკმაოდ შეშინებული იყო, რადგან არ იცოდა რასთან ჰქონდა საქმე და სახლში მისვლისთანავე, ინტერნეტში აუტიზმის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო. მალევე მიხვდა, რომ ნოეს აუტიზმის სპექტრისთვის დამახასიათებელი ხუთი სიმპტომი აღენიშნებოდა, რომელთა რაოდენობა რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ გაიზარდა. აქედან გამომდინარე, მშობლებმა ბავშვი ნეიროფსიქოლოგთან კონსულტაციაზე მიიყვანეს, რომელმაც ისინი ბათუმში ერთ-ერთ აუტიზმის ცენტრში გადაამისამართა.

294272989_7808452262530162_884554941915623783_n

აუტიზმის ცენტრის აქტივობებში და მეცადინეობაში წელიწადნახევრიანი ჩართულობის შემდეგ, ოჯახი ზუგდიდში გადავიდა საცხოვრებლად და მალევე სპეციალური ჯგუფის შესახებ შეიტყო:

ზუგდიდამდე, ბათუმში სამი ბაღი გამოვუცვალე ბავშვს, რომლებიც ტიპური განვითარების ბავშვებით იყო დაკომპლექტებული. ვიყავი ძალიან უკმაყოფილო, რადგან ნოეს განსაკუთრებული ყურადღება და დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა სხვადასხვა აქტივობაში ჩასართავად. აღნიშნულს კი იქ არავინ აკეთებდა, ბავშვი კიდევ უფრო იკეტებოდა საკუთარ თავში.“

გვანცა გვიყვება, რომ ნოეს ზუგდიდის საბავშვო ბაღში გადაყვანის დღიდან რვა თვის განმავლობაში, ბავშვს მუდმივი პროგრესი აღენიშნებოდა. მან დაიწყო მეტყველება, რამდენიმესიტყვიანი წინადადებების თქმა, გახდა უფრო კონტაქტური და მხიარული, უპრობლემოდ დაიწყო მყარი საკვების მიღება. ვარჯიშებით, სპეციალური მასწავლებლების დახმარებითა და მათ მიერ მშობლებისთვის მიცემული რჩევების საფუძველზე, ეტაპობრივად ყველა პრობლემა მოეხსნა.

ამ ეტაპზე ნოეს მხოლოდ მეტყველების შეფერხება აქვს და ხშირად ემოციურად იქცევა. თუმცა, საბავშვო ბაღში ამბობენ, რომ ამგვარი ქცევა ხშირად ტიპური განვითარების ბავშვებსაც ახასიათებთ. გვანცას თქმით, მისი შვილი ისევ მიჰყავთ სპეციალისტთან შესაფასებლად, რომელმაც, შესაძლოა, მისი მდგომარეობა ხელახლა შეაფასოს:

მშობლებს არ უნდა ეშინოდეთ ამ პრობლემის აღიარება და გასაჯაროვება. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ შემეძლო ამ თემაზე საუბარი და სხვების გამოცდილების გაზიარება. რაც უფრო მეტად დაიწყება საზოგადოებაში ღიად საუბარი აუტისტური სპექტრის შესახებ, მით მეტი ნაბიჯი გადაიდგმება წინ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის. გაქრება სტიგმა“.

294283815_5253042974790891_7270218847050606937_n

აუტიზმის სპექტრის ადრეულ ასაკში გამოვლენას და ბავშვების შესაბამისი სარეაბილიტაციო სერვისით უზრუნველყოფას მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მოსამზადებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისების მისაწოდებლად 2015 წლიდან მუშაობს.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საქართველოში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა იყო. ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით სამი საპილოტე საბავშვო ბაღი (თბილისი, ზუგდიდი, თელავი) შეარჩია და თითოეულ მათგანში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების ინკლუზიის ხელშეწყობისთვის შესაფერისი გარემო მოაწყო. ამასთან, ე.წ. სპეციალური ჯგუფები შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა. ჩვენმა ორგანიზაციამ ინკლუზიური განათლების მიმართულებით საქართველოს ბაღების 192 მასწავლებელი და 45 სპეციალური სპეციალისტი გადაამზადა. ამგვარად, შეიქმნა მზა მოდელი, რომლის დანერგვასაც სახელმწიფო სხვა მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში შეძლებს.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის როლი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ხარისხიანი სერვისების უზრუნველყოფის პროცესში

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირების სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, ასევე, სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას. ჩვენმა ორგანიზაციამ პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (255 000 ევრო) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა. პროექტი შემუშავდა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აღნიშნულ სფეროში მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით.

image (3)

ჩეხეთის კარიტასმა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭირო გარემოს გაუმჯობესება საგანმანათლებლო ღონისძიებებით დაიწყო, რომლებიც, ძირითადად, აუტიზმის სპეციალისტებსა და ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაძლიერებაზე იყო მიმართული: გადავამზადეთ სოფლის ექიმები, რეგიონებს გადავეცით დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ მიჩნეული ე.წ. ADOS ინსტრუმენტები, სფეროს სპეციალისტები გადავამზადეთ ABLLS-R and EFL-ის ინსტრუმენტების გამოყენებაში, დავუფინანსეთ სუპერვიზორის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საჭირო სასერტიფიკატო კურსი. ამასთან, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა საქართველოში აუტიზმის ჩარევის ორი ალტერნატიული მიდგომა – DENVER (Early Start Denver Model) და SCERTS დანერგა. შესაბამისად გადამზადნენ თბილისისა და რეგიონების სპეციალისტები.

მნიშვნელოვანი იყო მუნიციპალიტეტების დონეზე ადვოკატირება, რომელიც მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების ჩართვას მუნიციპალურ სოციალურ პროგრამებში. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ძალისხმევის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტმა აუტიზმის პროგრამის დაფინანსება დაიწყო. ამასთან, რიგ მუნიციპალიტეტებში გაიზარდა, როგორც სერვისში ჩართული ბენეფიციარების, ისე თერაპიისთვის გამოყოფილი საათების რაოდენობაც.

აღსანიშნავია ცენტრალურ დონეზე მიღწეული შედეგები. 2018 წელს, სამინისტროს მიერ დამტკიცდა აუტიზმის გამოვლენის, დიაგნოსტიკის და მართვის ეროვნული პროტოკოლი, რომელიც სახელმძღვანელო დოკუმენტია სფეროში მომუშავე ჯანდაცვის და აუტიზმის სპეციალისტებისათვის. ამასთან, ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციამ შეიმუშავა და პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობის რეგულირებას გამოიწვევს. 2020 წელს, ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები“ დაამტკიცა, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფის აქტიური მუშაობის შედეგად შეიქმნა.

CzechAid logo

წაიკითხე მსგავსი სტატიები: