ევროკავშირის მხარდაჭერით, სმენის შეზღუდვის მქონე თამარი საქართველოდან ეხმარება სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს დასაქმებაში
11. ივნისი 2024 სიახლეები

ევროკავშირის მხარდაჭერით, სმენის შეზღუდვის მქონე თამარი საქართველოდან ეხმარება სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს დასაქმებაში

საქართველოში იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც არ არიან დასაქმებულები, ვერ იღებენ განათლებას და არ არიან ჩართულები ამა თუ იმ ტრენინგსა თუ სასწავლო პროგრამაში, საკმაოდ მაღალია. ასევე მაღალია იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც არ არიან დასაქმებულები ან/და საგანმანათლებლო პროცესში ჩართულები. აღნიშნული შედეგად გვაძლევს დიდი რაოდენობით მოწყვლად ახალგაზრდას, რომლებმაც არც კი იციან რა ნაბიჯები უნდა გადადგან დასაქმების ბაზარზე მოსახვედრად. 

სირთულეები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დასაქმების ბაზარზე აწყდებიან

საქართველოს დასაქმების ბაზარი უამრავი გამოწვევითაა სავსე, თუმცა კონკრეტულად შშმ პირთათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ინფორმაციაზე მისაწვდომობაა. მიუხედავად იმისა, რომ მათ გარშემო უამრავი სახის ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა ტრენინგში ჩართვისა თუ ცოდნის მიღების შესაძლებლობაზე, გავრცელებული მასალა იშვიათადაა მორგებული სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანების საჭიროებაზე. ამას ემატება მეორე, სოციალური ხასიათის პრობლემა – ხშირად მოწყვლად ახალგაზრდებს მობილური ტელეფონიც კი არ აქვთ, არათუ პლანშეტი ან კომპიუტერი იმისთვის, რომ გავრცელებული ინფორმაციის ნახვა შეძლონ. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში.

442439796_798086682416986_1641268371936859671_n

საქართველოს დასაქმების ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის კონსულტანტს, თამარ გირგვლიანს ვესაუბრეთ. თამარს თავად აქვს სმენის შეზღუდვა და ამბობს, რომ გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არაადაპტირებული ციფრული პლატფორმებია, რომლიდანაც შშმ პირები პრაქტიკულად ვერ იღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას:

„აქ ვგულისხმობ ვებსაიტებსა და სხვა სახის ციფრულ პლატფორმებს. ძალიან ცოტაა ისეთი საიტი, რომელშიც შშშ პირთა საჭიროებები გათვალისწინებულია. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ხშირად ინფორმაცია მხოლოდ იმ ახალგაზრდებს მიეწოდებათ, ვინც ისედაც რეგულარულად იღებს სხვადასხვა ტრენინგსა თუ ვორქშოფში მონაწილეობას. შესაბამისად, მუდმივად ერთი და იგივე კონტიგენტი ტრიალებს და აღნიშნულ ღონისძიებებს ფართო მოცვა არ აქვს“.

თამარის თქმით, საქართველოში შშმ ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ მათ სახელმწიფო ვერ ხედავს და შესაბამისად არ ზრუნავს მათ საჭიროებებზეც. მას მიაჩნია, რომ ის ახალგაზრდები, რომელთაც უკვე აქვთ გარკვეული ტრენინგების გამოცდილება, მიიღეს ამა თუ იმ სახის ცოდნა და დასაქმდნენ კიდეც, სახელემწიფომ გვერდში უნდა დაიყენოს, როგორც სხვა შშმ ახალგაზრდებისთვის მოტივაციის მიმცემი და წარმატებული მაგალითები: 

„უნდა შეიქმნას მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგიონებში ივლიან. მოტივაციასა და პირველად ბიძგებს სკოლა უნდა იძლეოდეს. შემდეგ უკვე ეს უნდა გრძელდებოდეს უმაღლეს საგანმანათლებო და პროფესიულ დაწესებულებებში. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ასე არაა.“

კარიერის კონსულტირების მნიშვნელობა

თამარი მხოლოდ ერთია იმ მრავალი შშმ პირიდან, ვისაც აღნიშნული პრობლემა აწუხებს. დიდია იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომელთაც სურთ დასაქმდნენ, თუმცა ბევრ დაბრკოლებას ხედავენ, მათ კი ამ წინაღობების გადასალახად შესაბამისი უნარები არ აქვთ. ეს ადამიანები მუდმივი მხარდაჭერის ძიებაში არიან. 

2023 წლიდან, ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მუშაობს ინიციატივაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, დასაქმების და მეწარმეობის შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და მათი დემოკრატიულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის მხარდაჭერას. ორგანიზაცია, რომელშიც თამარი მუშაობს აქტიურად მონაწილეობს პროექტში.

 

IMG_7900

პროექტი მიზნად ისახავს არსებული დასაქმების მხარდაჭერის სერვისების გაძლიერებას ციფრული კარიერული კონსულტაციის კუთხით, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ ორგანიზაციებმა შეძლონ ახალგაზრდების ციფრული კომპეტენციების გაზრდა და მოწყვლადი ახალგაზრდების დემოკრატიულ და სოციო-ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვა. ამის უზრუნველსაყოფად პროექტი ახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს გაციფრულების მნიშვნელობისა და რისკების, ასევე, კიბერბულინგისა და დეზინფორმაციის შესახებ.

თამარი ამბობს, რომ როდესაც შშმ ახალგაზრდებზე კარიერული კონსულტაციის ჭრილში ვსაუბრობთ, ბუნებრივია ყველა ის შეზღუდვაა გასათვალისწინებელი, რაც ასეთ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ ციფრული პროფესიები ერთ-ერთი კარგი გამოსავალია, რადგან ასეთი შესაძლებლობა ნაკლებად მოითხოვს ზედმეტ ძალისმევას, თუნდაც ადაპტირების კუთხით:

„როდესაც ციფრულ პროფესიებზე ვსაუბრობთ, შშმ ახალგაზრდას შეუძლია ისე მოერგოს სამუშაოს, რომ ნაკლები გასვლა უწევდეს სახლიდან, განსაკუთრებით თუ გადაადგილების შეზღუდვა აქვს. ციფრული პროფესიის არჩევისას იზრდება სოციალიზაციის საჭიროებაც, რაც ასევე მნიშვნელოვანია სმენის შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის. სამუშაოს დაწყება შშმ პირისთვის არ უნდა იწვევდეს დაუძლეველი დაბრკოლებების გადალახვას, ამიტომ ციფრული პროფესიები ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობაა ამ თვალსაზრისით.“ 

პროექტის ფარგლებში უკვე შეიქმნა ციფრული პროფესიების გზამკვლევი, რომლის მიზანია კარიერის კონსულტანტებს დაეხმაროს ციფრულ პროფესიებზე კონსულტაციის გაწევის დროს. გზამკვლევზე დაფუძნებით შეიქმნა სახელმძღვანელოც, რომელშიც მკითხველი მიიღებს ინფორმაციას ციფრული პროფესიების განვითარებაზე თანამედროვე მსოფლიოში. გაიგებს კიდევ უფრო მეტს კარიერული კონსულტირების პროცესის შესახებ, გაეცნობა იმ გამოწვევებს რასაც მოწყვლადი ახალგაზრდები აწყდებიან ციფრული პროფესიების ჭრილში, ასევე მიიღებს  ინფორმაციას ბარიერების აღმოფხვრის საშუალებებზე და დამხარე ტექნოლოგიებზე. სახელმძღვანელოში მკითხველი გაეცნობა  ციფრული პროფესიების კლასიფიკაციასა და ინფორმაციას სასწავლო რესურსების შესახებ.

თამარი ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში შემუშავებული გზამკვლევი იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს სხვადასხვა შეზღუდვის შესაბამისად:

„გვაქვს მკაფიო გზამკვლევი თუ როგორ შეიძლება ციფრული კომპეტენციების მიხედვით თითოეული შშმ ახალგაზრდის გადამზადება. ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. შემდგომი პრაქტიკა გვაჩვენებს კიდევ რისი გაუმჯოებესება იქნება შესაძლებელი, რომ მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ პროცესში და საბოლოოდ, მეტი შშმ ადამიანმა იპოვოს სამუშაო.“

გზამკვლევზე დაფუძნებით გაიმართა ტრენინგები, რომლის ფარგლებში გადამზადებული არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან საგრანტო კონკურსში. გამარჯვების შემთხვევაში კი მიიღებენ 2000 ევროს მოწყვლადი ახალგაზრდებისათვის ციფრული კარიერის მიმართულებით კონსულტირების გასაწევად.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ციფრული და კარიერის მართვის კომპეტენციების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის“ საქართველოში ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი. პროექტის პარტნიორები არიან მოლდოვური ორგანიზაცია Millenium და სომხური ორგანიზაცია Agate.

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.