დენვერის ადრეული ჩარევის თერაპევტი: ვცდილობთ ბავშვისთვის გავხდეთ სანდო საკომუნიკაციო პარტნიორი
2. აპრილი 2024 სიახლეები

დენვერის ადრეული ჩარევის თერაპევტი: ვცდილობთ ბავშვისთვის გავხდეთ სანდო საკომუნიკაციო პარტნიორი

2015-2021 წლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა იმუშავა პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებას. შედეგად, საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამასთან ქვეყანაში დაინერგა აუტიზმის ჩარევის ორი ალტერნატიული მიდგომა – DENVER და SCERTS. 

2024 წელს აუტიზმის მსოფლიო დღე – 2 აპრილი მიეძღვნა „ფერებს“, რაც მეტაფორულად მიგვითითებს იმაზე, რომ თითოეული ბავშვი განსხვავებულია. რატომ არის ბავშვთა ადრეული განვითარება მნიშვნელოვანი, აუტიზმის ჩარევის რა მეთოდები არსებობს და როგორია სფეროს გამოწვევები ჩვენს ქვეყანაში, ამაზე კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტსა და დენვერის ადრეული ჩარევის თერაპევტს, თინი ავსაჯანიშვილს ვესაუბრეთ.

მოდით დავიწყოთ წლევანდელი აუტიზმის დღის თემით – "ფერები". თქვენ, როგორც სფეროში მომუშავე, როგორ ახსნით ამ თემას აუტიზმის ჭრილში?

წლევანდელი თემა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აუტიზმის მრავალფეროვნებას. როგორი ფართოც არის ფერთა სპექტრი, ისეთივე ფართოა აუტიზმის მქონე ადამიანების შესაძლებლობები და გამოწვევები. ყველა ბავშვი, ვისთანაც შეხება მქონია ძალიან ინდივიდუალურია, მრავალმხრივი ინტერესებით, ძლიერი მხარეებით და საჭიროებებით. ამ მრავალფეროვნების შემჩნევით და აღიარებით ვიწყებთ სტერეოტიპების მიღმა ყურებას და ვხედავთ პიროვნებას თავისი უნიკალური ნიშნებით.

თინი

არსებობს აუტიზმის ჩარევის სხვადასხვა მოდელი, რომელიც აპრობირებულია და უკვე დიდი ხანია პრაქტიკაში გამოიყენება. ამასთან, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ორი მოდელი – DENVER და SCERTS დაინერგა. რას გულისხმობს დენვერის მოდელი, რით არის ის სხვა მოდელებისგან განსხვავებული და რატომ უნდა ჩაერთოს ბავშვი ამ მოდელით თერაპიაში?

დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის აუტიზმის სპექტრის ან მისთვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ბავშვებთან მუშაობის მიდგომაა. თერაპიის პროცესში მუშაობა ხდება განვითარების ყველა სფეროზე, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სოციალურ-ემოციური, კოგნიტური და ენობრივი უნარების განვითარებაზე.

დენვერის ადრეული ჩარევის თერაპიაში თამაში არის მთავარი იარაღი, რომ დავეხმაროთ ბავშვებს ისწავლონ კომუნიკაცია, ყურადღების კონცენტრაცია და გაზიარება, ემოციების მართვა, თანატოლებთან ურთიერთობა და ა.შ. თერაპიული პროცესი მიმდინარეობს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და პირველ რიგში, ვცდილობთ ბავშვისთვის გავხდეთ სანდო საკომუნიკაციო პარტნიორი. პოზიტიური ურთიერთობების ფარგლებში ბავშვები უფრო სწრაფად სწავლობენ და უკეთ იმახსოვრებენ.

მოდელს საკუთარი შეფასების ინსტრუმენტი აქვს, რომელიც ზუსტად პასუხობს იმ საჭიროებებს, რაც ადრეული ასაკის აუტიზმის სპექტრის ან მისი განვითარების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს აქვთ. მიდგომას მყარი კვლევითი საფუძვლები აქვს, რაც მის ეფექტურობაზე მიუთითებს.

არაერთ კვლევაში დადასტურდა, რომ დენვერის ადრეული ჩარევის თერაპიაში ჩართული ბავშვები ავლენენ მნიშვნელოვან პროგრესს და მცირდება აუტიზმთან ასოცირებული ნიშნები. გარდა ამისა, დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი თავის თავში აერთიანებს როგორც ბავშვის განვითარების და სწავლის პრინციპებს, ასევე სპეციფიკურად აუტიზმთან დაკავშირებულ თეორიებს. შესაბამისად, გვთავაზობს ისეთ სტრატეგიებს, რომლებიც მაქსიმალურად დაეხმარება ბავშვს და მის მშობლებს ყოველდღიური ცხოვრების საქმიანობებშიც გააგრძელონ ბავშვის განვითარებაზე მუშაობა.

training section at tbilisi day center1

რას გულისხმობდა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერა პროექტის ფარგლებში და კონკრეტულად დენვერის მოდელის დანერგვის მიმართულებით?

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი 2015 წლიდან უჭერდა მხარს აუტიზმის სერვისების განვითარებას საქართველოში. პროექტის ფარგლებში, რომელიც 2021 წელს დასრულდა, ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის, გადამზადნენ ექიმები აუტიზმის ადრეულ გამოვლენაში, რაც უმნიშვნელოვანესია ბავშვებისთვის დროული სერვისების მიწოდებისთვის. რეგიონებში გაჩნდნენ სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ აუტიზმის დიაგნოსტირება სპეციალური ინსტრუმენტის ADOS 2-ის გამოყენებით.

გარდა ამისა, გაუმჯობესდა აუტიზმის არსებულ სერვისებში დასაქმებული სპეციალისტების კომპეტენცია. ABA თერაპიაში მომუშავე სპეციალისტებმა გაიარეს შეფასების ინსტრუმენტების ABLLS-R და EFL გამოყენების ტრენინგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სამ რეგიონში: სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და რაჭაში დაინერგა აუტიზმის სერვისები, რაც იქამდე ხელმიუწვდომელი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის დახმარებით, გადამზადდნენ ადგილობრივი კადრები ქცევის გამოყენებითი ანალიზით მუშაობაში და შემდგომ ერთი წლის განმავლობაში ილიაუნის სპეციალისტები ადგილზე სუპერვიზიის გზით ეხმარებოდნენ მათ ხარისხიანი სერვისის დანერგვაში.

ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა ABA თერაპიის სუპერვიზორების სასერტიფიკატო კურსი და 15-მა სპეციალისტმა კარიტასის დაფინანსებით მიიღო სუპერვიზორის კვალიფიკაცია.

თუმცა არსებული სერვისების გარდა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის შეგვეთავაზებინა ალტერნატიული სერვისებიც, რაც მაქსიმალურად უპასუხებდა მათ საჭიროებებს. სწორედ აქედან გამომდინარე, შეირჩა ორი მოდელი: SCERTS და დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის დაფინანსებით 11-მა სპეციალისტმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გაიარა დენვერის ადრეული ჩარევის მოდელის ტრენინგის ორი დონე და მოიპოვა უფლება, რომ განახორციელოს შესაბამისი სერვისი ბავშვებისთვის. „ბავშვის განვითარების ინსტიტუტში“ მალევე დავიწყეთ მოდელის დანერგვა და ახლა სერვისს წარმატებით ვახორციელებთ „საქართველოს პორტიჯის ასოციაციის“ სახელით.

294272989_7808452262530162_884554941915623783_n - Copy

ვიცი, რომ თქვენ ხართ დენვერის პირველი სერტიფიცირებული თერაპევტი საქართველოში. გვიამბეთ როგორ გაიარეთ ეს გზა, რა იყო მთავარი მიზანი და როგორია სამომავლო გეგმები?

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გაგვეგრძელებინა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან ერთად დაწყებული საქმე და გაგვეზარდა ჩვენი კვალიფიკაცია დენვერის ადრეული ჩარევის მოდელის გამოყენების თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერით გავიარე ტრენინგის პირველი და მეორე დონე, 2023 წელს „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ დახმარებით მომეცა მოდელის მესამე დონის ტრენინგში მონაწილეობის საშუალება და გავხდი პირველი სერტიფიცირებული თერაპევტი საქართველოში.

ცხადია, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის თანამონაწილეობის გარეშე ამ ყველაფერს ვერ შევძლებდით. გარდა ამისა, პროექტის მიმდინარეობის ეტაპზევე, გვსურდა კვლევის ჩატარება დენვერის ადრეული ჩარევის მოდელის ეფექტურობის შესახებ. თუმცა, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვერ შევძელით მოკლე ვადებში განხორციელება. ამჟამად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავ კვლევის ჩატარებას მოდელის ეფექტურობის შესახებ მისი სხვადასხვა სახით განხორციელების პირობებში. კვლევის მონაცემები მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება, რომ შევთავაზოთ ყველაზე მეტად მორგებული სერვისი ბავშვებსა და მათ მშობლებს და ასევე, გავზარდოთ ცნობიერება მოდელის შესახებ.

რას ეტყოდით აუტიზმის მქონე ბავშვების ოჯახებს – რა არის ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც მათ დროულად უნდა გადადგან და როგორია ის შეცდომები, რომლებსაც მშობლები ყველაზე ხშირად უშვებენ?

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა დროულად შეძლონ სპეციალისტისთვის მიმართვა. როგორც კი გაგიჩნდებათ კითხვის ნიშნები ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით, ნუ დაელოდებით, გაიარეთ კონსულტაცია ნეიროფსიქოლოგთან. ადრე დაწყებული თერაპიები მნიშვნელოვან ცვლილებას ახდენს ბავშვის განვითარებაში. აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გაიზარდა მშობლების ცნობიერება, ახლა ბევრად ადრეულ ასაკში მოგვმართავენ ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და თერაპიის პროცესშიც ერთად გავდივართ დიაგნოზის მიმღებლობასთან და აღიარებასთან დაკავშირებულ სირთულეებს. შესაბამისად, მესმის რამდენად რთული შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯის გადადგმა და სირთულის აღიარება, თუმცა ამ პროცესში იკარგება ბავშვისთვის ძვირფასი დრო. ამიტომ, უპირველესი, რაც უნდა გააკეთოთ, არის დროული მიმართვა სპეციალისტისთვის.

Czech Development Agency - Logo (1)