რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვთა ადრეული განვითარების ყველა ეტაპს
12. თებერვალი 2024 სიახლეები

რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვთა ადრეული განვითარების ყველა ეტაპს

ყველა ბავშვს აქვს უფლება განვითარდეს და გამოიყენოს შესაძლებლობების სრული პოტენციალი, ამაში კი მას მშობლის მხარდაჭერა სჭირდება. მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს შვილის განვითარებას და თანატოლებთან ურთიერთობას. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მუშაობს პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადრეული ზრუნვის სერვისებისა და ინკლუზიური განათლების გაუმჯობესებას. 

აღნიშნულ პროექტსა და ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის მნიშვნელობაზე, ბავშვთა ფსიქოლოგი,კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის თავმჯდომარე, ანნა გაზაშვილი გვესაუბრა. 

რა ეტაპებს გადის ბავშვი მშობელთან ერთად დაბადებიდან და რას მოიცავს ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა?

Project web banner 

ადრეული ბავშვობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში, ამ დროს თავის ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება, რაც შემდგომში განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას. ადრეულ ასაკში მნიშვნელოვანია ბავშვთან თამაში და პოზიტიური მხარდაჭერა. თამაში ბავშვისთვის თვითგამოხატვის, სამყაროს შემეცნების საშუალებაა. 

პირველი სამი თვის განმავლობაში ახალდაბადებულ ბავშვს მხოლოდ ძილი და ჭამა მოეთხოვება, თუმცა მშობელს უკვე სჭირდება მხარდაჭერა, მით უფრო მაშინ თუ ბავშვს აქვს განსაკუთრებული საჭიროება. ამ პერიოდში მშობელს შეგვიძლია ბევრი რამ ვასწავლოთ – როგორ ვაჭამოთ ბავშვს, როგორ დავბანოთ, რა ველაპარაკოთ და როგორ გამოვუმუშაოთ მას ძილის რუტინები. მშობლის კომპონენტი დაბადების პირველი დღიდან არის უმნიშვნელოვანესი.  

პირველადი ჯანდაცვის რგოლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია ბავშვის დაბადებიდან რომელთანაც მშობელს და ბავშვს აქვს შეხება. სწორედ ამ რგოლის სიძლიერეზეა დამოკიდებული შემდგომში ამ ბავშვის სწორად განვითარება. ეს რგოლი უნდა იყოს ძლიერი, რომ, საჭიროების შემთხვევაში, სწორად მოხდეს ბავშვისა და მისი მშობლის გადამისამართება ადრეული განვითარების პროგრამაში. სწორედ ამ რგოლმა უნდა შეამჩნიოს ბავშვის ნორმისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებულობა და სწორედ მან უნდა დააკვალიანოს მშობელი შემდგომი ნაბიჯების შესახებ.  

ბავშვთა ადრეული განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამაა. მისი გამოყენება შესაძლებელია ბავშვის დაბადების მომენტიდან და მოიცავს არა მხოლოდ ბავშვს, არამედ მის ოჯახს და იმ სოციალურ გარემოს (მაგალითად, საბავშვო ბაღს), რომელშიც ბავშვი შეიძლება იყოს. ეს პროგრამა მჭიდროდ არის დაკავშირებული პირველადი ჯანდაცვის რგოლთან, ბაღსა და სკოლასთან. მთავარი ამოსავალი კი ამ ყველა რგოლისთვის არის ბავშვის კეთილდღეობა და მისი განვითარების თავისებურებები. 

როგორი შეიძლება იყოს ბავშვის განვითარების თავისებურებები და საჭიროების შემთხვევაში, როგორ უნდა ჩაერთოს ბავშვი ადრეული განვითარების პროგრამაში? 

Untitled

ბავშვის განვითარება რთული და მრავალფეროვანი პროცესია, ადრეული განვითარება და მხარდაჭერა კი სასიცოცხლო მნიშვნელობის არის. შეიძლება არსებობდეს კონკრეტული დიაგნოზი – აუტიზმის სპექტრი, დაუნის სინდრომი, სხვ. შეიძლება არ არსებობდეს დიაგნოზი, მაგრამ მაღალი რისკი იყოს. სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლმა უნდა გამოავლინოს აღნიშნული. ამიტომ ეს რგოლი უნდა იყოს ძლიერი, მათ შორის რეგიონული და რაიონული დაფარვით. მაგალითად, ჩხოროწყუში ან ოზურგეთში მცხოვრებ ბავშვსა და მის მშობელსაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ როდესაც მივლენ პირველ ვიზიტზე ოჯახის ექიმთან, ექიმმა სათანადო მეთვალყურეობა გაუწიოს ბავშვს. მან, როგორც პროფესიონალმა იცის, რა უნდა გააკეთოს ბავშვმა სამი თვის, ექვსი თვის და ა.შ. ასაკში. რადგან, შესაძლოა, ოჯახმა უფრო გვიან მიაქციოს გარკვეულ ჩამორჩენას ყურადღება. 

აღნიშნულის შემდეგ, უკვე იდენტიფიცირებული ბავშვის მშობელი მიდის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში და იღებს შესაბამისი მომსახურების ვაუჩერს. ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართვის შემდეგ, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ ადრეული განვითარების სპეციალისტი მიდის სახლში, აფასებს ბავშვს და იმ გარემოს, სადაც ის ცხოვრობს. შემდეგ ის იწყებს ინტერვენციის დაგეგმვას და ბავშვის განვითარებასთან ერთად მუშაობს მშობლის უნარების გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე. მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტი ბავშვთან ერთი-ერთზე კი არ მუშაობს და შემდეგ კი არ უზიარებს მშობელს თავის გამოცდილებას, არამედ ის აძლიერებს მშობელს ბავშვთან მიმართებით სახლის გარემოში. ამოსავალი არის, რომ სახლის რუტინაში მიმდინარეობს ეს პროცესი და თუნდაც იმ ნივთების ადაპტირება ხდება, რომლებიც სახლშია. 

რა ხდება სამი წლის ასაკში, როდესაც ბავშვი უკვე მზად უნდა იყოს ბაღში წასასვლელად? 

დაბადებიდან სამ წლამდე ბავშვს არაფერი მოეთხოვება გარდა გართობისა, მაგრამ თამაშისა და გართობის პროცესში მისი უნარები ვითარდება. სამი წლის ასაკიდან უკვე შემოდის სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარება, რომელიც ეხმარება ბავშვს საკუთარი თავის შეცნობაში, იმპულსების და ქცევის მართვაში. ასევე "წესებიანი" თამაში არის უპირატესი. ამ ეტაპზე ბავშვს უკვე სხვა ტიპის აქტივობები/თამაშები მოსწონს. უფრო მეტად სოციალური ურთიერთობა არის წამყვანი. ამ დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბაღი.  ბაღის ფუნქცია კი არის ბავშვის თანატოლებთან სოციალური უნარების განვითარება: თამაში, წართმევა, რაღაცის მოთხოვნა, გაბრაზება, დამშვიდება, ა.შ. ანუ მისი ფსიქო-სოციალური თავისებურებების ჩამოყალიბება, რაც შემდგომ ზრდასრულობაში დასჭირდება მას. 

პირველი სამი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის და ზოგიერთ ქვეყანაში ადრეული განვითარების პროგრამა სამი წლის ასაკის ჩათვლით არის, რადგან ბავშვი როდესაც წავა ბაღში, სკოლაში, იქ ინკლუზიური განათლება ყველგან გათვალისწინებული იქნება: დასავლურ ქვეყნებში, თავის მხრივ, ბაღი ძლიერია, სკოლა ძლიერია და გარედან დახმარება არ სჭირდება ბავშვს. იქ ადგილზე არიან მომზადებული სპეციალისტები. სამწუხაროდ, საქართველოს დღეს ეს რეალობა არ აქვს. 

ჩვენს შემთხვევაში, ჯერჯერობით, ასეა, რომ ჩვენ მივყვებით ბაზისურ გარემოში ბავშვს. თუნდაც, ხშირად გვსმენია, რომ არ რჩება ბაღში ბავშვი და ჩვენთვის ჩვეულია, რომ პირველი ერთი კვირა ბავშვი ტირის ბაღში დარჩენის დროს. უკუკავშირიც ასეთია: „იტირებს, გაჩუმდება“. თუმცა, იმავე პროცესის გავლა უმტკივნეულოდაც შეიძლება. განსაკუთრებით კი, შეზღუდული შესაძლებლობის, რისკის მქონე და სპეციალური საჭიროების ბავშვებში. ამიტომ არის საჭირო, რომ მე, ადრეული განვითარების სპეციალისტმა, ბავშვის იმ გარემოსთვის მომზადება დავიწყო, რომელშიც ის მშობელთან ერთად მივა. შესაძლოა, ადგილზე მუშაობაც დამჭირდეს და სახლის გარემოდან იქ გადავინაცვლო. 

არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც საჭირო ხდება ბავშვის დრეული განვითარების ცენტრში სიარული, თუმცა მე ამ მოდელს ნაკლებად ვემხრობი, რადგან ბავშვის რუტინა, ნატურალისტური გარემო, არ უნდა დაირღვეს. იქ ადრეული განვითარების სპეციალისტი მეტ-ნაკლებად ერთი და იმავე ასაკის ბავშვების პატარა ჯგუფებთან მუშაობს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება საჭირო, თუ ბავშვის სახლიდან ბაღში გადანაცვლება გაუჭირდა და მას დასჭირდა მომზადება. 

რას ნიშნავს რისკის მქონე ოჯახები? 

სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემები სხვადასხვაგვარია, რის გამოც, შესაძლოა, სათანადო დროს ვერ უთმობდნენ ბავშვს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვის განვითარებას. დასავლურ ქვეყნებში ასეთი რისკი არის მნიშვნელოვანი კომპონენტი და შესაბამისად, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა მიმართულია არა მხოლოდ ბავშვზე, არამედ ბავშვზე და მისი ოჯახის მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე. ამ მხარდაჭერით ხსენებული რისკი მინიმუმადე დადის და შედეგად ჩვენ მივიღებთ ტიპური განვითარების ბავშვს. 

არიან ბავშვები, რომელთანაც გამოხატულია დიაგნოზი და ვიცით, რომ ბევრი სერვისი დაგვჭირდება. მაგრამ არიან ბავშვები, რომელთაც ასე არ ეტყობათ, მაგრამ რისკი სახეზეა. ამიტომ ეს პროგრამა უნდა იყოს უნივერსალური, ბავშვი უნდა იღებდეს მხარდაჭერას და შემდეგ გადიოდეს პროგრამიდან.  

ამ ეტაპზე, სპეციალისტთა ჯგუფი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან ერთად, მუშაობს ბავშვთა ადრეული განვითარების პროექტზე. რას ისახავს ეს ინიციატივა მიზნად? 

8N5A6574

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი აღმოჩნდა ამ პროცესში. ეს პროექტი საკმაოდ მრავალფეროვანია: მოიცავს როგორც სტანდარტებზე, სტრატეგიასა და მომსახურების პროგრამაზე მუშაობას, ისე პროგრამის დახვეწაზე. ასევე, გვეხმარება პროფესიულ ნაწილში. პროექტის დაწყებამდე, ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიცია, სახელმწიფოსთან ერთად, ატარებდა პროფესიული გადამზადების ტრენინგებს და უკვე პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდება ამ კურსის აკრედიტაცია და ნებისმიერი სხვა პოტენციური პროვაიდერის მხრიდან ამ სერვისის უზრუნველყოფა.  

კურსი, რომელიც ადრეული განვითარების სპეციალისტების მოსამზადებლადაა საჭირო, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა შეიძინა ორგანიზაცია კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის. აღნიშნული ტრენინგ-მოდული გადასცა ჯანდაცვის სამინისტროს, რათა შესაძლებელი გახდეს გაჩნდეს სხვა კვალიფიციური ორგანიზაციების მიერ სპეციალისტების მომზადებაც.  

ამასთან, პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ გამოიკვლია ადრეული განვითარების პროგრამის საჭიროება როგორც ბავშვებისთვის, ისე ოჯახებისთვის. რა საჭიროებები აქვთ პროფესიულ კადრებს, მიმწოდებელ ორგანიზაციებს და ა.შ.  

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა? 

კვლავ რჩება გამოწვევები გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და ხარისხის კონტროლის ნაწილში. ერთი, ორი და სამი წლის ბავშვი ცენტრში არ უნდა იღებდეს მომსახურებას, რადგან მისი ნატურალისტური გარემო სახლშია. ხანდახან შეიძლება ავტობუსი მხოლოდ დილით და საღამოს მიდიოდეს კონკრეტულ ადგილას, სადაც ერთი ბავშვია და გამოდის, რომ მე, სპეციალისტი, რომ მივიდე 4-5 საათი უნდა დაველოდო ტრანსპორტს, რომ უკან დავბრუნდე. სერვისი უნდა იყოს ყველა სოფელსა და ქალაქში.  

ამასთან, პროგრამაში ხვდებიან არა მხოლოდ ერთი კონკრეტული დიაგნოზის მქონე ბავშვები. აქ ხვდება ყველა ტიპის განვითარების შეფერხების ან რისკის მქონე ბავშვი. დღეს დაახლოებით 1000-მდე ბავშვი ელოდება რიგს. პრობლემა ასევე არის პროვაიდერების სიმცირე და პროფესიონალების გადინება.  

გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ბავშვის უნარები განსაკუთრებულია. თუ თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ თქვენი ბავშვის განვითარება მისი თანატოლებივით არ ხდება, მიმართეთ თქვენს ოჯახის ექიმს ან პედიატრს. ის შეაფასებს ბავშვს და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობ პროგრამაში. სახელმწიფო მზად არის უფასოდ ჩართოს თქვენი ბავშვი ამ პროგრამაში. პროგრამა მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

CzechAid logo