ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ხელს უწყობს ნარჩენების მდგრადი მართვის მოდელის დანერგვას რეგიონებში
20. აპრილი 2022 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ხელს უწყობს ნარჩენების მდგრადი მართვის მოდელის დანერგვას რეგიონებში

თანამედროვე სამყაროს ეკოლოგიურ პრობლემებს შორის გარემოს დაბინძურება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ნარჩენების სწორი მართვა და გადამუშავება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვის მიზნით, არამედ, დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაზეც. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი გარემოსდაცვით სექტორში 2019 წლიდან მუშაობს და მის მიერ განხორციელებული პროექტების ძირითადი ნაწილი საქართველოს რეგიონებში ნარჩენების პასუხისმგებლიანი მართვისკენაა მიმართული.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გარემოსდაცვითი პროექტები რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს რეგიონების ინფრასქტრუქტურული განვითარების ხელშეწყობას ნარჩენების მდგრადი მართვისთვის და ტექნიკურ დახმარებას კონსულტაციებისა და ექსპერტული მხარდაჭერის გზით. აღნიშნული ინტერვენციები გულისხმობს ნარჩენების სეპარაციისა და კომპოსტირების პრაქტიკის დანერგვას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში და ნარჩენების მართვის კუთხით არსებული გამოწვების მხარდაჭერას დუშეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება და ნაგავმზიდების შეძენა

ნარჩენების სწორად გამოყენებას უამრავი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია. ნარჩენების გადამუშავებით შეგვიძლია დავზოგოთ ენერგიის მოხმარება, შევამციროთ გარემოს დაბინძურება და ნაგავსაყრელების საჭიროება. ისეთი ნარჩენები, როგორიცაა შუშა, ქაღალდი და მუყაო, ასევე, მეტალი და პლასტიკი შეგვიძლია სეპარირებულად მოვაგროვოთ და გადავამუშავოთ. ამ გზით ნაგავსაყრელებზე გაცილებით მცირე რაოდენობის ნარჩენები მოხვდება.

2019 წლიდან ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გარემოსდაცვითმა ინტერვენციებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს რეგიონებში ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკა და აამაღლა ცნობიერება ამ მიმართულებით. ამასთან, დონორული დაფინანსებით ჩვენმა ორგანიზაციამ მნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი რეგიონების ინფრასტრუქტურულ განვითარებას.

გაეროს განვითარების პროგრამის და ჩეხეთის თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენმა ორგაიზაციამ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიისა და მისი დამხმარე ზონისთვის მდგრადი ნარჩენების მართვის გეგმა შეიმუშავა, რომელიც შემდგომში დუშეთის მუნიციპალიტეტის არსებული ნარჩენების მართვის გეგმაში ინტეგრირდა.

7S1A0282

ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა 20მ3 მოცულობის ნაგავმზიდი, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ნარჩენების მართვის კუთხით მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები. SlovakAid-ის მხარდაჭერით დუშეთის მუნიციპალიტეტს მისი საჭიროებიდან გამომდინარე 100 000 ევროს ღირებულების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 14მ3 მოცულობის ნაგავმზიდი და სანაგვე კონტეინერები გადაეცა. ონის მუნიციპალიტეტს კი 7მ3 მოცულობის სეპარირებული ნარჩენის შემგროვებელი მანქანა და სეპარირებული ნარჩენის შეგროვებისთვის საჭირო 135 ცალი 240 ლიტრიანი კონტეინერი და 60 ცალი 1100 ლიტრიანი კონტეინერი გადაეცა.

ონის ნარჩენების რეციკლირების წარმატებული მოდელი საფუძველი გახდა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების გასაერთიანებლად ნარჩენების რეციკლირების ინტერმუნიციპალური მოდელის გარშემო. ლიეტუვას მთავრობის და ევროკავშირისა და KfW-ს ფინანსური მხარდაჭერით, ხელი შეეწყო რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალური მთავრობების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით და ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას.

7S1A0317

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და პროექტის მენეჯერი ეკატერინე მესხრიკაძე ამბობს, რომ SlovakAid-ის ფინანსური მხარდაჭერით, ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მომსახურების მოცვის არეალის გაზრდა დამატებით 9 სოფლის ხარჯზე მოხერხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ დამატებით, საშუალოდ, 320 ადამიანს აქვს წვდომა მუნიციპალურ სერვისზე:

„ასევე, აღსანიშნავია შედეგები ნარჩენების სეპარირების კუთხით. დღესდღეობით ონის მუნიციპალიტეტს აქვს ყველა საშუალება, რომ წარმატებით განახორციელოს ნარჩენების სეპარირებული შეგროვება და ხელი შეუწყოს სეპარირებული ნარჩენის გადამუშავებას და შედეგად თავისი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ნაგავსაყრელზე ნარჩენის შემცირების კუთხით, რაც, თავის მხრივ, სათბური აირების შემცირების გზით მიმართულია კლიმატის ცვლილების შერბილებისკენ.“

სოფელი უწერა კომპოსტირების პრაქტიკის კარგი მაგალითია

საქართველოს რეგიონებში ნაგავსაყრელების 60% ორგანული ნარჩენისგან შედგება, რომელიც იხრწნება და გამოყოფს ნახშიროჟანგსა და მეთანს. აღნიშნული მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლიმატის ცვლილებაში და საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

კომპოსტი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხარჯეფექტური მეთოდია გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის. საკვებისა და სხვა ორგანული ნარჩენის კომპოსტირებას უამრავი დადებითი შედეგი აქვს: იზრდება ნიადაგის ნაყოფიერება, მცირდება ეროზია და სათბური გაზების გამოყოფა, ამასთან, ხელს უწყობს გვალვისაგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემცირებას. კომპოსტი მდიდარი სასუქია ბიომეურნეობისთვის.

20210911_160007

მაღალამთიანი სოფელი უწერის მაცხოვრებელი მანანა მეტრეველი კომპოსტს უკვე წლებია აკეთებს, რადგან მამა-პაპისგან იცის, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენით საკუთარი მეურნეობისთვის მდიდარი ორგანული სასუქის მიღება შეუძლია. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, მანანას გადაეცა საკომპოსტე ყუთი და საჭირო ინვენტარი კომპოსტის გასაკეთებლად. მანანა ასევე ჩართული იყო ტრენინგებში კომპოსტირების თემაზე. ის ამბობს, რომ რადგან მარტო ცხოვრობს და კომპოსტის ყუთი საკმაოდ დიდია, თანასოფლელებს კომპოსტის გასაკეთებლად საკუთარ ეზოში ეპატიჟება:

„მოიტანენ ხოლმე ნარჩენებს ჩემს ეზოში და შემომძახებენ „აი, მანანიკო, კომსპოტში ჩასადებად მოვიტანე“. განსაკუთრებით მიხარია, როცა ბავშვები აქტიურად ერთვებიან ამ აქტივობებში – გვხედავენ ჩვენ რას ვაკეთებთ და იმეორებენ, პასუხისმგებლობას გრძნობენ. ამ თემაზე ცნობიერების ამაღლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამ მხრივ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის დარიგებულმა გზამკვლევებმა და ადგილზე ჩატარებულმა პრაქტიკულმა ტრენინგემა უდიდესი როლი ითამაშეს“.

მანანა ამბობს, რომ მიუხედავად კომპოსტის კეთების მრავალწლიანი გამოცდილებისა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ტრენინგებზე ბევრი ახალი რამ შეიტყო:

„არც ის ვიცოდი, რომ კომპოსტს შესაბამისი შემადგენლობა უნდა ჰქონდეს და ზოგიერთმა ნარჩენმა შეიძლება გააფუჭოს მასალა. მე, მაგალითად, ყველის ნარჩენსაც ვდებდი კომპოსტში, არადა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ტრენინგებზე შევიტყვე, რომ ყველი მღრღნელებს იზიდავს და უმჯობესია არ გამოვიყენოთ კომპოსტისთვის.“

ჩენმა ორგანიზაციამ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში 56 მეურნე და 15 სკოლა ყველა იმ საშუალებით უზრუნველყო, რომლითაც ორგანულ ნარჩენს საკომპოსტე ყუთში ათავსებენ და ამ გზით ბუნებრივ სასუქს იღებენ.