ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოში კიბოს პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებში. ჩვენს ორგანიზაციას ჩატარებული აქვს ცნობადობის ამაღლების კამპანიები და დაარსებული აქვს ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ჯანდაცვის დაწესებულება. ჯანდაცვის პროექტების განხორციელებაში დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით, ვიწყებთ ახალ ამბიციურ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს შეამციროს ნაადრევი სიკვდილიანობა არაგადამდები დაავადებებით, განსაკუთრებით კიბოთი, დაავადების ადრეული გამოვლენის, მკურნალობის ხელმისაწვდომობის, საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჯანდაცვის მუშაკთა შესაძლებლობების გაუმჯობესებით გზით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები
ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერილი პროექტი შედგება რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან და იწყება აქტივობებით, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობადობის ამაღლებას კიბოს პრევენციის მნიშვნელობისა და კიბოს სკრინინგის შესახებ.
პირველ ეტაპზე, სკრინინგის პროცესში პაციენტების მხარდასაჭერად, შემუშავდება პაციენტის ტრაექტორიის ყოვლისმომცველი საგზაო რუკა. აღნიშნულის შემდეგ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარტასი ჩაატარებს ექვს საჯარო საგანმანათლებლო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ამ ძალისხმევის ეფექტიანობის შეფასება მოხდება 2025 და 2027 წლებში ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის (KAP) კვლევების მეშვეობით.
გარდა ამისა, 2026 წელს მოეწყობა ჯგუფური სატრანსპორტო სერვისები იმისთვის, რომ პაციენტები მარტივად მოხვდნენ სკრინინგ ცენტრებში.
პროექტი ასევე გააუმჯობესებს საქართველოს კიბოს რეესტრს და ციფრული ჯანდაცვის სისტემებს. გაუმჯობესდება რეესტრის ფუნქციონირება და მისი კავშირი ლაბორატორიულ ქსელებთან. დაინერგება ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებები, მათ შორის ელექტრონული მოწვევის სისტემა კიბოს სკრინინგზე, ექიმთან ელექტრონული დაჯავშნის სისტემა და მობილური ელექტრონული ჯანდაცვის აპლიკაცია.
2026 წლისთვის პროექტი დანერგავს ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე დაფუძნებულ სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტს ძუძუს კიბოს დიაგნოსტირებისთვის, რაც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და ზუსტ დიაგნოზს. გარდა ამისა, სურათის ხარისხი და ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდება DICOM სერვერების მეშვეობით, რომელსაც მართავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC).
პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ჯანდაცვის პროფესიონალების უნარებისა და ცოდნის გაღრმავება. სულ 800 პირველადი ჯანდაცვის თანამშრომელი და 30 სკრინინგის სპეციალისტი გაივლის ტრენინგს კიბოს პრევენციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. 2025 წელს 20 ტრენერისგან შემდგარი ჯგუფი კი გაივლის ტრენერთა ტრენინგის (ToT) პროგრამას. ამასთან, NCDC-ის პლატფორმაზე შემუშავდება უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) აკრედიტებული კურსი, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ განათლებას ჯანდაცვის მუშაკებისთვის. 2026-დან 2027 წლებში, როგორც ონლაინ, ისე ადგილზე, ტრენინგი ჩაუტარდებათ ჯანდაცვის პროფესიონალებს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, ხოლო ყოველთვიური მულტიდისციპლინური შეხვედრები მოეწყობა სამედიცინო სპეციალისტებს შორის კოორდინაციისა გასაუმჯობესებლად.
პროექტი ასევე მიმართული იქნება სკრინინგ ცენტრების გაძლიერებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩეხი ონკოლოგების მიერ ჩატარებული ტრენინგები უზრუნველყოფს სკრინინგის დაწესებულებების მუშაობას უმაღლესი სტანდარტებით.
მაღალი ხარისხის სერვისების შესანარჩუნებლად, ყოველწლიურად ჩატარდება პაციენტების კმაყოფილების გამოკითხვები უკუკავშირის შესაგროვებლად და შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.
კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემდგომ მხარდასაჭერად, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი უზრუნველყოფს აუცილებელ აღჭურვილობას: ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი მიიღებს ახალ სამედიცინო ინსტრუმენტებს მომსახურების გასაუმჯობესებლად, ხოლო იაშვილის კლინიკა აღჭურვილი იქნება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიის მოწინავე დიაგნოსტიკური საშუალებებით, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებში კიბოს ადრეულ გამოვლენასა და მკურნალობას.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის როლი საქართველოში კიბოს პრევენციის მიმართულებით
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს მუშაობას საქართველოში კიბოს ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიმართულებით. ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით ჩვენი ორგანიზაციის მიერ წარსულში განხორციელებულმა პროექტებმა საფუძველი ჩაუყარა ამ ახალ ინიციატივას, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს კიბოს პრევენციას, სკრინინგს და მკურნალობის მისაწვდომობას. ადგილობრივ ჯანდაცვის ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით და საერთაშორისო ექსპერტიზის გამოყენებით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს საქართველოს მოსახლეობის უფრო ჯანსაღ მომავალში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს კიბოს ადრეული გამოვლენისა და ეფექტიანი მკურნალობის სერვისებით.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ 2019 წელს აშენებული და აღჭურვილი ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასავლეთ საქართველოში კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის გაუმჯობესებაში. მის დაარსებამდე ადგილობრივებს ჰქონდათ შეზღუდული მისაწვდომობა სკრინინგ სერვისებზე და ხშირად უწევდათ თბილისში გამგზავრება საჭირო სამედიცინო სერვისების მისაღებად. ამ ინიციატივამ მნიშვნელოვნად გაზარდა კიბოს პრევენციის შესახებ ცნობადობა და ხელი შეუწყო უამრავი სიცოცხლის გადარჩენას, განსაკუთრებით სოფლად, სადაც კიბოსთან ერთად ერთ-ერთ მთავარ პრობლემას კიბოს შესახებ არსებული სტიგმა წარმოადგენს.
ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის გახსნის შემდეგ გურიის რაიონის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა 65 წლის ნანიმ გვიამბო, რომ დაავადების ადრეული გამოვლენისა და შესაბამისი მკურნალობის მიღების შემდეგ, ის გამოჯანმრთელდა. "სკრინინგ ცენტრის წყალობით, ადრეული დიაგნოზი დამისვეს და მკურნალობამ სრულად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამ სერვისის გარეშე ალბათ კიბოსთან ბრძოლის შანსი არ მექნებოდა", - თქვა მან. მისი ამბავი კიდევ ერთხელ გვახსენებს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოზის მნიშვნელობას.