„ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი“ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას კიბოს სკრინინგს უფასოდ სთავაზობს
19. ოქტომბერი 2021 წარმატების ისტორიები

„ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი“ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას კიბოს სკრინინგს უფასოდ სთავაზობს

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის კარიტასი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის შესახებ საინფორმაციო კამპანიას 2010 წლიდან ახორციელებს. საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობა სამედიცინო პროფილაქტიკურ გამოკვლევებში მონაწილეობას სოფელში ჩასული მობილური კლინიკის მეშვეობით იღებდა, დანარჩენი კვლევების ჩასატარებლად კი თბილისში უწევდა გამგზავრება. 2019 წელს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი“ აშენდა, რამაც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას სრკინინგული სერვისების ადგილზე მიღების შესაძლებლობა მისცა.

როგორ ცვლიან თემის მობილიზატორები ადგილობრივების დამოკიდებულებებს

„ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის“ დაარსებამდე, ჩეხეთის კარიტასმა დიდი გზა გამოიარა, რათა პარტნიორ ორგანიზაციებთან – „ონკოპრევენციის ცენტრი“ და ცენტრი „თანადგომა“ ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის, კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ სათანადო ინფორმაცია მიეწოდებინა. პროექტის თემის მობილიზატორები სოფლად საინფორმაციო კამპანიებს 2010 წლიდან ახორციელებდნენ და ამ მიზნით, 2021 წლის ჩათვლით, რეგიონის ასობით ადამიანს შეხვდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის თემის მობილიზატორი ნანა ჯიბლაძე ამბობს, რომ თავდაპირველად სიტუაცია საკმაოდ რთული იყო, რადგან ის და მისი კოლეგები მუშაობის პროცესში უამრავ სირთულეს აწყდებოდნენ:

თავიდან მოსახლეობა, განსაკუთრებით კი კაცები, თავს უხერხულად გრძნობდნენ, როდესაც ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოზე ვიწყებდით საუბარს. ქალები კი წითლდებოდნენ. თუმცა, წლების განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა, მათ დაიწყეს კითხვების დასმა და ინტერესი გამოხატეს ამ თემის მიმართ. სამწუხაროდ, ადამიანების გადაწყვეტილებაზე კარგად აისახება ცუდი მაგალითები, ამიტომ ხშირად გვიწევს ლეტალური შემთხვევების შესახებ ვისაუბროთ, რათა სკრინინგის მნიშვნელობის სათანადოდ წარმოჩენა შევძლოთ.“

აღსანიშნავია, რომ სიანფორმაციო კამპანიის ჩატარების მიდგომები წლების განმავლობაში იხვეწებოდა. ნანას თქმით, ამჟამად თემში ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ე.წ. როლური მოდელები შეარჩიეს ანუ ის ადამიანები, რომელთაც კონკრეტულ სოფელში მოსახლეობა უფრო მეტად ენდობა და ალბათობა იმისა, რომ მათ აზრს გაითვალისწინებენ, მაღალია. რამდენად გაამართლებს ახალი მიდგომა, ამას სკრინინგზე მისული პაციენტების რაოდენობა გვიჩვენებს.

"წელს სამეგრელ-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობები უზრუნველყოფენ დაინტერესებულ პირებს ტრანსპორტით, რათა ეწვიონ სკრინინგ ცენტრს და ჩაიტარონ სკრინინგული გამოკვლევები, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი ჩართულობაა სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ხელმშეწყობის თვალსაზრისით. ჩვენი პროექტის თემის მობილიზატორები კი უზრუნველყოფენ დაინტერესებული მოქალაქეების ორგანიზებულ ვიზიტს სკრინინგ ცენტრში. ეს არის თანამშრომლობის საუკეთესო პრეცედენტი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის." ამბობს თამარ კურტანიძე, ჩეხეთის კარიტასის პროექტის მენეჯერი.

info campaign GE38

ახალი სკრინინგცენტრი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის

„ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის” დაარსებამდე, საინფორმაციო კამპანიების პარალელურად, ყოველი თვის ბოლოს თითოეულ სოფელში მობილური კლინიკა ჩადიოდა. ამგვარად, რეგიონის ქალებს შესაძლებლობა ჰქონდათ გინეკოლოგისა და ონკოლოგის კონსულტაცია ადგილზე მიეღოთ, ასევე, ჩაეტარებინათ მამოგრაფიული და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები. თუმცა, ეს საქმიანობა არ იყო საკმარისი მასშტაბის და სიხშირის იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი შედეგები დამდგარიყო.

ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საჭირო გამოკვლევების სრულად ჩასატარებლად და დიგნოსტირებისთვის თბილისში გამგზავრება საკმაოდ რთული იყო. ამიტომ, 2019 წელს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის კარიტასმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და მრავალპროფილური სამედიცინო ამბულატორიული კლინიკა – „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი“ ააშენა.

„ზუგდიდის სკრინინგ ცენტრმა“ მნიშვნელოვნად გაზარდა რეგიონში ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის და პროსტატის კიბოს მართვის სახელმწიფო პროგრამების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ცენტრის გახსნის დღიდან 2 წლის განმავლობაში, უკვე 7 000-ზე მეტმა ადგილობრივმა მოსახლემ ისარგებლა ამ პროგრამებით. „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში“ არა მხოლოდ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებია ხელმისაწვდომი, არამედ შესაძლებელია თერაპიული, გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური და სხვა ტიპის გამოკვლევებისა და ანალიზების გაკეთება.

ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომლის უწყვეტ განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს როგორც ჩეხეთის კარიტასი, ისე ცენტრის მენეჯმენტი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრები მარიზა აგუმავა გვიყვება, რომ მიუხედავად თავდაპირველი შიშებისა, „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში“ მისულს თანამედროვე აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური პერსონალი დახვდა, რამაც მის განწყობაზე დადებითი გავლენა იქონია:

 „კორონავირუსით ვიყავი დაინფიცირებული და გარკვეულ ეტაპზე, ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ მონიტორინგის მიზნით, კომპიუტერული ტომოგრაფია მჭირდებოდა. კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ ვირუსისგან განკურნებული ვიყავი, თუმცა, მკერდში რამდენიმე კვანძი მქონდა. თერაპევტმაზუგდიდის სკრინინგ ცენტრშიგადამამისამართა. გავიარე უფასო კონსულტაციები ონკოლოგთან, მამოლოგსა და გინეკოლოგთან. ასევე, უფასოდ მივიღე სკრინინგული სერვისები, რაც, ცხადია, უდიდესი შვება იყო ჩემთვის.“

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის მნიშვნელობა

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი „სამეგრელოში სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობა“ ხორციელდება ჩეხეთის კარიტასის მიერ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია "ონკოპრევენციის ცენტრთან" თანამშრომლობით. პროექტის შედეგად, "ზუგდიდის სკრიგნინგ ცენტრი" ეროვნულ სკრინინგ პროგრამას "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან" თანამშრომლობით ახორციელებს და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ სკრინინგ სერვისებს უფასოდ უზრუნველყოფს.

"ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი" 2019 წლის ნოემბერში გაიხსნა და მიზნად სკრინინგ პროგრამაში ჩართულობის გეოგრაფიულ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას ისახავს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში პროგრამით სარგებლობის საშუალება აფხაზეთში, ე.წ. საზღვრის მიღმა მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებსაც აქვთ.

"ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის" საკონტაქტო ინფორმაცია: კ. გამსახურდიას 198, ზუგდიდი. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია წინასწარ - გთხოვთ, ცენტრს დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 032 247 00 99. სამუშაო საათები: 09:30 - 17:00.

ნინა კოპალეიშვილი – ჩეხეთის კარიტასის პიარისა და კომუნიკაციის ოფიცერი, nina.kopaleishvili@caritas.cz