ახალი სამედიცინო აღჭურვილობით ჟვანიას კლინიკა შეძლებს  ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისის უზრუნველყოფას
29. ივნისი 2023 სიახლეები

ახალი სამედიცინო აღჭურვილობით ჟვანიას კლინიკა შეძლებს ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისის უზრუნველყოფას

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპულიკის კარიტასი წლებია მუშაობს ბავშვთა ხანგრძილივი ზრუნვის სერვისის ჩამოყალიბებაზე სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. 2017 წლიდან გაწეული მხარდაჭერა მოიცავდა ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფას, ხანგრძლივი მოვლის სერვისის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტის შემუშავებასა და დამტკიცებას და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას. დღეს გადაცემული 150 000 აშშ დოლარის დონაციით ბავშვთა კლინიკას უკვე შეუძლია სრული დატვირთვით ფუნქციონირება და სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვებისთვის საჭირო სერვისის უზრუნველყოფა.

M30A0411-01

ეს დონაცია მნიშვნელოვნად შეცვლის სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების მდგომარეობას

2023 წლის 29 ივნისს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა თსსუ-ს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას 150 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. ეს დონაცია ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ჯანდაცვის დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფინალური ეტაპია, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მათ სოციალურ და სამედიცინო საჭიროებებზე ორიენტირებული ხანგრძლივი მოვლის სერვისის განვითარებას.

ღონისძიებას დაესწრო ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა, რომელმაც თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა:

“პროექტი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავდა. მადლიერი ვარ ჩემი კოლეგების, რომ მათ შეძლეს იმ ნიშის იდენტიფიცირება, რომელიც მხარდაჭერას საჭიროებდა. შედეგად ჩვენ გვაქვს მეთოდოლოგია, დადგენილი პროცედურები და უკვე აღჭურვილი კლინიკა. ამასთან, გვაქვს იმედი, რომ აღნიშნულის რეპლიკაცია მოხერხდება სხვა სამედიცინო დაწესებულებებსა და საქართველოს რეგიონების საავადმყოფოებში. სამწუხაროდ, საუბარია ბენეფიციარებზე ძალიან რთული სამედიცინო მდგომარეობებით, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ და სპეციალიზებულ მკურნალობას და მოხარული ვართ, რომ მათზე ზრუნვისა და მოვლისთვის შესაბამისი საჭიროებების დაკმაყოფილება შევძელით”.

M30A0478-01

პროექტი ინიცირებული იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებიან. შექმნილი ახალი სერვისი ორიენტირებულია არა მხოლოდ ბავშვების სამედიცინო, არამედ სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებაზეც.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა, პროექტის ფარგლებში სამინისტრომ და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, სადაც ეს ბავშვები ირიცხებიან, აქტიურად ითანამშრომლეს დონორ ორგანიზაციასა და ბენეფიციართან:

„ეს არის სპეციალიზირებული სერვისი, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებზეა გათვლილი, რომ მათი საჭიროებები იყოს სრულად დაკმაყოფილებული და მათი სოციალიზაცია იყოს უზრუნველყოფილი. ამისთვის გადამზადნენ სპეციალისტები, რომლებმაც იციან როგორი ტიპის მზრუნველობა არის ბავშვისთვის საჭირო“.

ჩვენი მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები საჭირო სამედიცინო სერვისს მიიღებენ

პროექტის „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, 2017-2021 წლებში თსსუ-ს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ახალი კორპუსის მე-5 სართულზე დაპროექტდა და მოეწყო ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის განყოფილება – „სამედიცინო-სოციალური სახლი“, რომელიც პირველ ეტაპზე აღიჭურვა 400 000 ლარის ღირებულების სამედიცინო ინვენტარითა და ავეჯით. ამასთან, მომზადდა და დამტკიცდა ხანგრძლივი მოვლის სერვისის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტი და შეიქმნა სპეციალური სასწავლო კურსი ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის შესახებ. ამავე პროექტის ფარგლებში გადამზადდა მომსახურების პერსონალი ახალი სერვისისთვის, მომზადდა და გამოიცა სახელმძღვანელო „პედიატრიული ხანგრძლივი მოვლის საკითხები“. აღნიშნული სერვისს აფინანსებს ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური პროგრამების ფარგლებში.

M30A0714-01

პროექტის ფარგლებში 200-ზე მეტმა ექიმმა გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული სასწავლო კურსი ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ახალი სტანდარტების შესახებ ქვეყნის მასშტაბით. ასევე, მომზადდა ახალი კლინიკური მდგომარეობის მართვის პროტოკოლები რამდენიმე პედიატრიული ნოზოლოგიის მართვის შესახებ და შესაბამისი აკრედიტირებული ტრენინგი ჩაუტარდათ ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში დასაქმებულ პედიატრებს.

პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის ხელშეწყობა იყო, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა ჰოსპის „ციცინათელების ქვეყანაში“ პირველად შეიქმნა სპეციალური მულტისენსორული ოთახი – Snoezelen MSE და პერსონალს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდა აღნიშნული სერვისის დასანერგად.

_MG_8885-01

პროექტის განხორციელდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთირთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. ამ პროექტის განხორციელებით პრაქტიკულად დასრულდა შშმ ბავშვთა დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში.

მასალა მომზადებულია ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ოფიციალური დახმარების მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

 CzechAid logo   Untitled