ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს თერმო სკრინინგის აღჭურვილობა გადაეცათ
24. აპრილი 2020 სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს თერმო სკრინინგის აღჭურვილობა გადაეცათ

ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელთან იან ჩერნიკთან და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელ იან ბლინკასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს, თერმო სკინინგისთვის საჭირო აღჭურვილობა გადასცეს. 

აღჭურვილობა გამოყენებული იქნება კოვიდ-19 სიმპტომების მქონე პირთა პირველადი იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც გადამისამართდებიან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში შემდგომი კვლევისთვის.

თერმო სკრინინგისთვის საჭირო აღჭურვილობა შედგება უკონტაქტო თერმომეტრების და დამცავი ეკიპირებისაგან (სამედიცინო ნიღბები, ხელთათმანები, სამედიცინო ხალათები და ა.შ). აქტივობა ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სკრინინგ ცენტრის დაფუძნება ზუგდიდში“ ფარგლებში. აღჭურვილობის გარდა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა მუნიციპალიტეტს გადასცა კოვიდ-19 დაკავშირებული საინფორმაციო მასალები რეგიონში პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.

გარდა ამისა, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი, რომელიც ასევე დაფუძნებულია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, უზრუნველყოფს თავისი თანამშრომლების ჩართვას თერმო სკრინინგის პროცესში ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტის შერჩეულ რეგიონებში. მომდევნო თვის განმავლობაში, ზუგდიდში შერჩეულ რისკის ზონებში მოსახლეობას ჩაუტარდება თერმო სკრინინგი და მიეწოდება დეტალური ინფორმაცია კოვიდ-19-ის პრევენციულ ზომებზე.

თერმო სკრინინგის ღონისძიება წარიმართა ზუგდიდის ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის და ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის თანამშრომლობით. მხარეები აცნობიერებენ ინფექციური დაავადების პრევენციის მნიშვნელობას საქართველოს მოსახლეობისთვის, იზიარებენ პასუხისმგებლობას და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივ ხელისუფლებას კოვიდ-19 თან ბრძოლაში. პროექტის ფარგლებში ჩეხეთის კარიტასმა სხვა აქტივობებიც განახორციელა, რომლებიც მოიცავდა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით საინფორმაციო მასალების გავრცელებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობაში, ჯანდაცვის სამინისტროს ინიცირებით ონლაინ ტრენინგების ჩატარებას სოფლის ექიმებისათვის კოვიდ-19-ის შემთხვევების მართვასთან დაკავშირებით და შემდგომ კონსულტირებას. საერთო ჯამში სამეგრელო-ზემო სვანეთში 170 სოფლის ექიმმა გაიარა ტრენინგი იმის შესახებ თუ როგორ უნდა უზრუნველყოს დისტანციური სამედიცინო კონსულტაციები პანდემიის პირობებში.

2020 წლის 11 მარტს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კოვიდ-19 პანდემიად გამოაცხადა.