ციფრულ სამყაროში შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს: გაიცანით თინათინი, ჰასმიკი და ოფელია  – ახალგაზრდები საქართველოდან და სომხეთიდან
16. დეკემბერი 2024 სიახლეები

ციფრულ სამყაროში შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს: გაიცანით თინათინი, ჰასმიკი და ოფელია – ახალგაზრდები საქართველოდან და სომხეთიდან

საქართველოსა და სომხეთში სპეციალური საჭიროების მქონე პირები ყოველდღიურად მრავალი დაბრკოლების წინაშე დგანან. ეს ადამიანები ჯერ კიდევ რჩებიან სტიგამიზირებულებად, რაც უარყოფითად აისახება მათი ცხოვრების უამრავ ასპექტზე. სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, სხვა ბევრი სირთულის პარალელურად, გამოწვევად რჩება განათლებასა და სამუშაოზე მისაწვდომობა.

ციფრული პროფესია დამოუკიდებლად ცხოვრების დასაწყებად

თინათინ ნეფარიძე ქალაქი ჭიათურიდანაა. თინა ვებ-დეველოპმენტითაა გატაცებული და სფეროს დაუფლებასთან ერთად, ინგლისურსაც აქტიურად სწავლობს. უყვარს ჭადრაკი და ცურვა. თინა აქტიური ცხოვრებით არის დაკავებული, თუმცა არაადაპტირებული გარემო მას უამრავი გამოწვევის წინაშე აყენებს:

მე, როგორც სპეციალური საჭიროების მქონე პირს, ქალაქში მხვდება უამრავი პრობლემა. მაგალითად, კიბეებზე გადასაადგილებლად არ არის მოაჯირები, ასევე ყველგან არ არის ლიფტი და არ არის ზებრა გადასასვლელი.“

1I6A9684-2

თინა ჭიათურაში დაიბადა და გაიაზარდა. სპეციალური საჭიროებიდან გამომდინარე, სწავლობდა ჭიათურის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლაში. იქ გატარებული წლები განსაკუთრებული სითბოთი ახსენდება და ამბობს, რომ ეს პერიოდი გარდამტეხი იყო მის ცხოვრებაში. სკოლის ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ თბილისში პროფესიულ სასწავლებელში ვებ-დეველოპმენტის მიმართულებით გააგრძელა სწავლა.

საკუთარ თავს ციფრულ პროფესიაში ხედავს, რადგან ჭიათურა არც თუ ისე ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის და ქალაქში გადაადგილება ზოგჯერ გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ამასთან, ციფრული პროფესიები მაღალი ანაზღაურებითაც გამოირჩევა და უცხოოურ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას იძლევა. 

2024 წლის შემოდგომაზე, თინამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტრენინგები გაიარა და მიიღო ახალი ცოდნა ციფრულ პროფესიებსა და ციფრულ სამყაროში დასაქმების შესახებ. სესიები დაეთმო ვებ-დეველოპმენტს, ციფრულ მარკეტინგს, სოციალური მედიის მართვას და სხვ. თინა ამბობს, რომ მიღებული ცოდნა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან თავის მომავალს ვებ-დეველოპმენტს უკავშირებს:

„სამომავლოდ ჩემს თავს ვხედავ დეველოპერად, ამ პროფესიაში შესაძლებელია უცხოურ ქვეყნებშიც იმუშაო, ასევე სახლიდან გაუსვლელად და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმის გამო, რომ თუნდაც მე ვიცხოვრო დამოუკიდებლად და ჩემი თავის რეალიზება მოვახდინო.“

ჰასმიკი და ოფელია შეძენილ ცოდნას სხვა სპეციალური საჭიროები მქონე პირებს უზიარებენ 

ოფელია ვირაბიანი და ჰასმიკ მხითარიანი სომხეთის რეგიონ ლორში ცხოვრობენ. ისინი მეგობრები არიან და მუშაობენ სომხურ ორგანიზაციაში "EREO – თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები”. ორგანიზაცია 2014 წელს დაარსდა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებებს იცავს. 

ამავე ორგანიზაციის ბაზაზე დაფუძნებულია დამოუკიდებელი რესურსცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სერვისს, მათ შორის თანატოლთა მხარდაჭერასა და მენტორობას, ინფორმაციის გაზიარებასა და ადვოკატირებას. აქვეა სოციალური საწარმოც, რომელშიც მუშაობენ სპეციალური საჭიროების მქონე პირები და სხვა ახალგაზრდები: ამზადებენ ხელნაკეთ პროდუქტებს – თოჯინებსა და ხის ნაკეთობებს.

ჰასმიკმა და ოფელიამ ევროკავშირის მხარდაჭერილი ინიციატივის ფარგლებში წარადგინეს საპროექტო წინადადებები და მიიღეს გრანტი თავიანთი პროექტების განსახორციელებლად.

ჰასმიკის პროექტის ფარგლებში 30 ახალგაზრდას ჩაუტარდა 14 ტრენინგი ციფრულ კომპეტენციებზე, ხოლო ოფელიას ინიციატივის ფარგლებში შედგა ოთხი ონლაინტრენინგი კარიერის დაგეგმვის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ლორის რეგიონში მცხოვრები სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც არ არიან ჩართულები სასწავლო პროგრამებში და არიან დაუსაქმებლები. 

1I8A9591

"ქვეგრანტების ფარგლებში ონლაინ და ადგილზე ჩატარებული ტრენინგების გარდა, დავაიდენტიფიცირეთ ადგილობრივი ციფრული კომპანიები, რომლებშიც შესაძლებელია დასაქმება. ამ ეტაპზე ვგეგმავთ აღნიშნული კომპანიები და ტრენინგის მონაწილეები მრგვალი მაგიდის ფორმატში შევახვედროთ ერთმანეთს და მივცეთ ერთმანეთის გაცნობისა და გასაუბრების შესაძლებლობა. არის პროექტები, რომლებზეც უბრალოდ ვალდებული ხარ იმუშაო, ეს კი იყო პროექტი, რომელზეც დიდი სიამოვნებითა და სიყვარულით ვიმუშავეთ." – ჰასმიკ მხითარიანი.

ტრენინგებს დაესწრნენ სპეციალური საჭიროებების მქონე პირები და ის ახალგაზრდები, რომლებიც არ არ არიან ჩართულნი ამა თუ იმ სასწავლო პროცესში და არ აქვთ სამუშაო, ასევე მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

ოფელია ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი მისთვისაც გამორჩეული იყო, რადგან ის დაეხმარა მას და ჰასმიკს არა მხოლოდ თავიანთი და სხვა ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებაში, არამედ სტერეოტიპების დამსხვრევასა და ახალგაზრდების დამოკიდებულებების შეცვლაში.

“აღსანიშვნავია, რომ პირველ შეხვედრაზე საკმაოდ დაძაბული ატმოსფერო იყო, ახალგაზრდებს ჰქონდათ გარკვეული შიშები, თუმცა რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ყინული გადნა და თითოეული მათგანი გაიხსნა. მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევძელით ჩვენი მიზნის მიღწევა და რაც მთავარია, ახალი მეგობრების შეძენა. მჯერა, რომ ეს მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება." – ოფელია ვირაბიანი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ციფრული და კარიერის მართვის კომპეტენციების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის“ საქართველოში ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი. პროექტის პარტნიორები არიან კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, მოლდოვური ორგანიზაცია Millenium და სომხური ორგანიზაცია Agate.

EU4Georgia Horizontal Geo