ზღაპრებში აღწერილ არარეალურ სილამაზეს რაჭაში რეალურად შეხვდებით. წლებია რაჭა ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდა, რომელიც მუდმივად ვითარდება და საქართველოს ულამაზესი ბუნების აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს.
ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას საოჯახო სასტუმრო „მხატვრის სახლი“ იპყრობს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია ზემო რაჭაში თავისი ექსტერიერით და ინტერიერით.
„მხატვრის სახლი“ სტუმრებს 2010 წლიდან მასპინძლობს და ერთგული დამსვენებლებიც უხვად ყავს. მასპინძლები კი ხელოვანი ცოლ-ქმარი, ელენე მაგრაქველიძე და თემურ გუგეშაშვილი არიან, რომლებიც თბილისიდან ონში გადავიდნენ საცხოვრებლად და საკუთარ სახლში კულტურის პატარა კერა მოაწყეს ეთნოგრაფიულ - გეოლოგიური მუზეუმით, ტრადიციული ავთენტური სახლით, მარნით და არყის სახდელით. საოჯახო სასტუმროში მრავლად არის ქალბატონი ელენეს მიერ შექმნილი საოცარი ნაკეთობა, რომლებიც მნახველს რაჭულ ღვინოსთან ერთად წარუშლელი შთაბეჭდილებებით ავსებს. სასტუმროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ‘’სავიზიტო ბარათს’’ ხის ნამუშევრები, საკარცხულები წარმოადგენს, რომლებსაც ბატონი თემური თვითონ ამზადებს.
ვიზიტორებისთვის „მხატვრის სახლში“ სტუმრობა დღეიდან ზამთარშიც კომფორტული გახდება. ელენემ და თემურმა ჩეხეთის კარიტასის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში სასტუმროსთვის გათბობის სისტემა შეიძინეს და მზად არიან თავიანთ სტუმრებს ღამის გასათევად უკვე თბილი რაჭული ოდა შესთავაზონ.