ბავშვთა ადრეულ განვითარებაში საბავშვო ბაღი გადამწყვეტ როლს თამაშობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბაღის აღმზრდელებს ჰქონდეთ განახლებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნა ბავშვების სწორი მეთოდებით აღსაზრდელად. საქართველოში სკოლამდელი საგანმანათლებლო სისტემა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ სისტემის მხარდაჭერა და მის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ეხმარება საქართველოს მთავრობას რეფორმირების პროცესში.
ამ სტატიაში პატარა ანასტასია და ელენე თავად გვიამბობენ რა შეიცვალა მათ საბავშვო ბაღში მას შემდეგ, რაც სააღმზრდელო ჯგუფში ახალი სივრცეები მოეწყო და სხვა უამრავი სახის სიახლე დაინერგა.
ბავშვები მოლაპარაკების მაგიდასთან
საბავშვო ბაღის აღმზრდელი: გოგოებო, გთხოვთ, მიამბოთ რა იყო თქვენი კონფლიქტის მიზეზი?
ანასტასია 6 წლის: ელენემ თოჯინა წამართვა.
აღმზრდელი: მართლა? და როგორ ემოციას გრძნობდი, ანასტასია, ამ დროს? მაჩვენე თუ შეიძლება.
ანასტასია: გაბრაზებას (აჩვენებს ემოციას).
აღმზრდელი: რა გზას გამონახავთ ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად, იმისთვის, რომ გააგრძელოთ მეგობრობა და თოჯინებით თამაში ერთად?
ანასტასია: როდესაც თოჯინა მეჭირება და ელენეს მოუნდება, რომ მივცე, მივცემ და მერე მეც რომ მომინდება, ელენემაც უნდა მომცეს.
აღმზრდელი: ესე იგი ელენეს ათხოვებ თოჯინას, ხო, ანასტასია? წეღან რომ გაბრაზებული იყავი, ახლა როგორ ემოციაში ხარ?
ანასტასია: ახლა აღარ ვარ გაბრაზებული, გახარებული ვარ (აჩვენებს ემოციას).
აღმზრდელი: ელენე, შენი ემოცია როგორია?
ელენე 6 წლის: გაკვირვებული ვარ (აჩვენებს ემოციას).
აღმზრდელი: რატომ ხარ გაკვირვებული?
ელენე: არ ვიცი, სინამდვილეში როგორ მოიქცევა ანასტასია სხვა დროს.
აღმზრდელი: და რა ემოციაში იყავი, როდესაც სათამაშო წაართვი ანასტასიას?
ელენე: მოწყენილი (აჩვენებს ტირილის ემოციას).
აღმზრდელი: და ახლა?
ელენე: გახარებული (აჩვენებს ემოციას). მე და ანასტასია აწი ვათხოვებთ ერთმანეთს სათამაშოებს.
ანასტასია: ხო, ერთმანეთს სათამაშოები უნდა გავუზაიროთ.
აღმზრდელი: ჩვენ რა ვართ ერთმანეთის ჯგუფში?
ანასტასია/ელენე: კარგი მეგობრები.
ეს დიალოგი მოლაპარაკებების მაგიდის ირგვლივ მიმდინარეობს: ჩვენ წინ ექვსი წლის ელენე, ამავე ასაკის ანასტასია და საბავშვო ბაღის აღმზრდელი სხედან. როგორც ვხვდებით, რამდენიმე წუთის წინ ანასტასიასა და ელენეს ჯგუფის დრამატულ ცენტრში თამაშისას კონფლიქტი მოუვიდათ, ახლა კი მოლაპარაკებების მაგიდას შემოუსხდნენ და ცდილობენ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი გამონახონ.
აღმზრდელი ამ პროცესში მხოლოდ მედიატორის როლს ასრულებს, ბავშვებს შერიგების რამდენიმე სტრატეგიას სთავაზობს, პატარები კი თავად წყვეტენ როგორი შეიძლება იყოს კონფლიქტიდან საუკეთესო გამოსავალი.
ცენტრებად დაყოფილი საბავშვო ბაღის ოთახი
ჩვენ თბილისის მეთხუთმეტე საბავშვო ბაღის 5-6 წლის ასაკის ბავშვთა ჯგუფში ვიმყოფებით, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ბავშვთა ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების შესახებ პროექტის ერთ-ერთია საპილოტე დაწესებულებაა. აქ შესაშური სიმშვიდეა.
ჯგუფში რამდენიმე უფროსი და ათამდე ბავშვი გვმასპინძლობს, რომლებიც ერთად გვიამბობენ იმ სიახლეებზე, რაც ბოლო დროს მათ სივრცეში მოეწყო. მათ შორის არის მოლაპარაკებების მაგიდის შექმნაც, რომლის ირგვლივაც ანასტასიამ და ელენემ, ერთმანეთთან ჩხუბის შემდეგ, საერთო ენა გამონახეს და თამაშს დაუბრუნდნენ.
ლანა გაგნიძე აღნიშნულ ბაღში ბავშვთა ფსიქოლოგად მუშაობს. ის გვიამბობს, რომ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების გავლის შემდეგ, ამ ბაღში ორი ჯგუფი შეირჩა სათანამშრომლოდ. თანამშრომლობა შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში, ბავშვებთან უერთიერთობაში, დანერგვას გულისხმობდა. ამასთანავე, იმ ფიზიკური სივრცის გადაკეთებას, რომელშიც ბავშვები პრაქტიკულად მთელ დღეს ატარებენ.
ეს ჯგუფი რამდენიმე სივრცედ ანუ ცენტრად არის დაყოფილი, მათ შორის დრამატულ, სახატავ, სენსორულ, მოსასვენებელ და სხვა ცენტრებად. თითოეული ცენტრი ბავშვის სიმაღლისაა ისე, რომ ნებისმიერ პატარას შეუძლია მათზე განთავსებული კონტეინერიდან დამოუკიდებლად აიღოს სათამაშო. ცენტრები ერთმანეთისგან შესამჩნევად არის გამოყოფილი და აღნიშნულია შესაბამისი სტიკერით - როდესაც ბავშვი კონკრეტულ თამაშს დაასრულებს, სტიკერის საშუალებით ადვილად აგნებს იმ ადგილს, საიდანაც სათამაშო აიღო.
“ყველაფრის ინიციატორები თავად ბავშვები არიან და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა სივრცეს აქვს მანიშნებელი, რომელში რა აწყვია. ეს ბავშვებს უადვილებს დამოუკიდებლად გადაადგილებას ამ სივრცეებში. ჩვენ თავისუფალი თამაშის არსს ვთავაზობთ მათ, სადაც ბავშვი არის წამყვანი და როცა თამაშს იწყებს, ჩვენ მხოლოდ ვერთვებით მის თამაშში“. ამბობს ლანა.
აქვეა მოლაპარაკებების მაგიდაც, რომელთან დაკავშირებითაც დიდიან-პატარიანად ყველა თანხმდება, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სიახლეა ამ ჯგუფში. ლანა გვიამბობს, რომ როდესაც ბავშვებს კონფლიქტი მოსდით, მიდიან მაგიდასთან და აღმზრდელის დახმარებით შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნას ცდილობენ:
“თავიდან მოდელირება უფროსებმა დავიწყეთ, შემდეგ ბავშვებიც ჩაერთნენ პროცესში. მნიშვნელოვანია ბავშვმა გააზიაროს რას გრძნობს კონკრეტულ მომენტში და ეცადოს კონფლიქტში ჩართულ სხვა ბავშვთან ერთად კონსესუსამდე მივიდეს. აღმზრდელის როლია ბავშვებს კონფლიქტის მოგვარების რამდენიმე სტრატეგია შესთავაზოს, ბავშვებმა კი თავად უნდა აირჩიონ, რომელი ურჩევნიათ. თუ რამეში დასჭირდებათ დახმარება, მხოლოდ შემდეგ შევდივართ ინტერაქციაში“.
ოთახის ბოლოს დრამატული სივრცეა, სწორედ ის, სადაც ელენემ და ანასტასიამ იჩხუბეს. აქვე ვხედავთ სილამაზის სალონსა და სამზარეულოსაც. ბაშვების ნაწილი სამზარეულოში ფუსფუსებს, თითქოს კაფეში მიღებულ შეკვეთას ამზადებენ, ერთ-ერთი მასწავლებელი კი „შეკვეთილ“ ნაყინს ელოდება. მოპირდაპირე მხარეს სილამაზის სალონია, რომელშიც ერთ-ერთ პატარას მეორე ვარცხნილობას უკეთებს.
„სილამაზის სალონში საბავშვო სარკე გვიკიდია. იქ ფენია, სავარცხელია - ერთმანეთს ეუბნებიან, მოდი, აბა თმა დაგვარცხნო - როლების გათამაშებას აკეთებენ. ეს მათთვის ძალიან საინტერესოა“. ამბობს ლანა.
ოთახი მოგრძო ფორმისაა, საკმაოდ ფართოა და ბევრ ცენტრს იტევს. დრამატული სივრცის მოპირდაპირედ მოსასვენებელი სივრცეა, აქ ბავშვებს დასვენება და განტვირთვა შეუძლიათ. ახლოსაა ბრაზომეტრიც, რომელზეც ბრაზის გაზომვა და მასთან გამკლავებაა შესაძლებელი. აქედან მარჯვნივ ნივთებისგან დაცლილ სივრცეს ვხედავთ, რომელშიც ბავშვები და მათი აღმზრდელები ყოველ დილას იკრიბებიან იმისთვის, რომ ბავშვებმა დღის თემა შეარჩიონ.
„მნიშვნელოვანია ტრანზიციები - როდესაც ბავშვი რაღაც აქტივობაშია ჩართული, რამდენიმე წუთით ადრე აღმზრდელი ეუბნება, რომ რამდენიმე წუთში სადილის დროა. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან, მაგალითად, ახლა უცებ ვინმემ რომ მითხრას წამოდი და გამიყვანოს, მე ქცევა დამერღვევა. ამიტომ აუცილებელია ტრანზიცია - ამის შემდეგ ეს მოდის, ამის შემდეგ ის მოდის. ყველა ბავშვთან გვაქვს ინდივიდუალური სტრატეგია, რადგან ყველა ბავშვი განსაკუთრებულია“. ამბობს ლანა.
ახალი ფიზიკური სივრცე განსაკუთრებით დაეხმარება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს
პროექტის ფარგლებში ამავე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე იგეგმება დამატებითი ფიზიკური სივრცის მოწყობა, რომელშიც იქნება ბურთები, ბატუტი, შვედური კედელი და სხვ. ლანა ამბობს, რომ ამ ოთახისგან მას დიდი მოლოდინი აქვს, რადგან გარდა ტიპური განვითარების ბავშვებისა, ამ ოთახით დიდ სარგებელს მიიღებენ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებიც:
„ჩვენს ჯგუფში სპეციალური საჭიროების მქონე ორი აღსაზრდელი გვყავს, რომელთანაც მუშაობს მულტიგუნდი სპეცმასწავლებლის, ფსიქოლოგის, მშობლის, აღმზრდელისა და ბავშვის უშუალო ასისტენტის შემადგენლობით. თუ ბავშვთან გარე თერაპევტიც მუშაობს, ბუნებრივია, ისიც მულტიგუნდის წევრია. მულტიგუნდი გარკვეული პერიოდულობით იკრიბება, ამასთან მისი წევრები მუდმივად არიან ერთმანეთთან სატელეფონო კონტაქტზე, რომ თითოეული ჩვენგანი ერთ კონკრეტულ სტრატეგიას მივყვებოდეთ და ვითვალისწინებდეთ ბაღის და ადრეული განვითარების ცენტრის ან სახლის გარემოს“.
ლანა გვიამბობს, რომ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის მულტიგუნდი შეიმუშავებს ინდივიდუალურ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, ხოლო შემდეგ მშობელს ეკითხება თუ რა არის მისთვის პრიორიტეტი. მისი თქმით, ზოგჯერ, მშობლების პრიორიტეტები ოდნავ აცდენილია ბავშვის განვითარებას და ასეთ დროს მულტიგუნდის წევრებს უწევთ კორექტულად აუხსნან მათ რეალობა:
„მაგალითად, თუ ბავშვს არ აქვს საბაზისო უნარი რომ საპირფარეშოთი ისარგებლოს, ვთქვათ, ხელი მოიკიდოს პამპერსზე, როდესაც ტუალეტში შესვლა უნდა, ჩვენ ვუხსნით მშობელს, რომ მოდი, ჯერ ეს მოთხოვნილება გავუჩინოთ და მერე უკვე საპირფარეშოს უნარის დასწავლაზე გადავიდეთ“.
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს მუშაობას ბავშვთა ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად თბილისის კიდევ ცხრა საბავშვო ბაღთან.