9 და 10 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა SCERTS მოდელის 2 დღიანი გაცნობითი ვორკშოპი.
SCERTS მოდელი კვლევებზე დაფუძნებული, მულტიდისციპლინური მიდგომაა, რომელიც მიმართულია იმ სირთულეების აღმოფხვრისკენ, რომელსაც აწყდებიან აუტიზმის სპექტრის (ასდ) ან მასთან დაკავშირებული დარღვევის მქონე ბავშვები და მათი ოჯახები. მიდგომა ფოკუსირდება სოციალური კომუნიკაციის, ემოციური რეგულაციის და ტრანზაქციული მხარდაჭერის სფეროების გაძლიერებაზე. SCERTS მოდელი 1) ეყრდნობა განვითარებით ჩარჩოს, 2) ფოკუსირებულია ფუნქციური უნარების სწავლაზე ყოველდღიური აქტივობების კონტექსტში და 3) დაფუძნებულია ასდ-ს მქონე ადამიანების სწავლის უნიკალურ სტილზე. მოდელის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სპონტანური, ფუნქციური კომუნიკაციის და ემოციური რეგულაციის უნარების განვითარებაა.
ვორკშოპი ჩაატარა SCERTS მოდელის თანაავტორმა, აუტიზმის სპექტრის და საკომუნიკაციო დარღვევების სფეროს ერთ-ერთმა წამყვანმა მეცნიერმა ბარი პრიზანტმა, რომელსაც სფეროში მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. ბარი პრიზანტი ამერიკის აუტიზმის საზოგადოების კონსულტანტთა პროფესიული კოლეგიის წევრი და ბავშვთა საკომუნიკაციო სერვისების დირექტორია. მას მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და აღიარება, მათ შორის, ამერიკის ენის, მეტყველებისა და სმენის ასოციაციის უმაღლესი ჯილდო.
ვორკშოპს დაესწრო აუტიზმის სპექტრის სფეროში მომუშავე 30 პროფესიონალი, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოღვაწეობენ. ტრენინგის განმავლობაში ისინი გაეცნენ:
1) SCERTS მოდელის თეორიულ საფუძვლებს და შეფასების ინსტრუმენტებს;
2) პრიორიტეტულ მიზნებს მოდელის თითოეული სფეროსთვის;
3) სასწალო და ემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და ტრანზაქციული მხარდაჭერის გამოყენებას ინკლუზიისა და ოჯახებთან მუშაობის დროს.
ვორკშოპი ხელს შეუწყობს აუტიზმის სპექტრის და კომუნიკაციის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის მიდგომების გამრავალფეროვნებას საქართველოში, სფეროს პროფესიონალების თანამედროვე მიდგომების შესახებ ცოდნის გაფართოებას და უწყვეტი განათლების პროცესში ჩართულობას, რაც დადებითად აისახება ასდ-ს მქონე ბავშვებთან და მათ ოჯახებთან ჩარევის შედეგებზე.
ვორკშოპი ჩატარდა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის „საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირთათვის სერვისების გაუმჯობესება და გაფართოება“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.