21-ე საუკუნეს ხშირად ციფრულ ეპოქად მოიხსენიებენ. თანამედროვე სამყაროში ბიზნესი მომხმარებელს უამრავ სერვისსა თუ პროდუქტს აწვდის ონლაინ, ამის პარალელურად კი სულ უფრო მატულობს მომხმარებლების მოთხოვნა ამგვარ მომსახურებაზე. ტექნოლოგიების განვითარებისა და მუდმივად განახლებადი ტენდენციების კვალდაკვალ, განსაკუთრებით კი პოსტკოვიდის პერიოდში, ციფრული პროფესიები სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
როგორ უნდა დავეუფლოთ ციფრულ პროფესიებს, როგორია დისტანციური სამუშაოს დადებითი მხარეები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, სად უნდა ვეძებოთ დისტანციური სამუშაო შესაძლებლობები – ამ თემაზე ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ციფრული და კარიერის მართვის კომპეტენციების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის“ ტრენერს, ზურაბ პერტაიას ვესაუბრეთ.
როგორია გაციფრულებული დასაქმების ბაზარი და რატომ არის მნიშვნელოვანი ციფრული პროფესიების დაუფლება?
გაციფრულება იძლევა საშუალებას, რომ დაწყებული ფიზიკური პირებით და მცირე და საშუალო მეწარმეებით, დამთავრებული დიდი ბიზნესით, ყველამ შეძლოს თავისი პროდუქტისა თუ სერვისის დისტანციური არხების მეშვეობით გაყიდვა. ბოლო წელიწადნახევარია დიდი პოპულარობით სარგებლობს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განვითარებული ტექნოლოგიები, რომლებმაც კიდევ უფრო სწრაფად გააციფრულა სხვადასხვა მომსახურება. დღეს მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად მიმართოს თავისი უნარ-ჩვევები და ცოდნა ციფრული ხელსაწყოების, სერვისებისა თუ ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. ასეთი სამუშაო შესაძლებლობები განსაკუთრებით დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები აქვთ.
იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, დისტანციურად მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ ადრე ადამიანებს აუცილებლად უწევდათ სახლიდან გასვლა სამუშაოდ, დღეს ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობა, ხშირ შემთხვევაში, აღარ დგას. დღეს იმ სერვისების მიწოდება, რომელიც კომპიუტერით და ინტერნეტით დისტანციურად შეიძლება, მათ შორის ორგანიზაციის მართვაც კი, აღარ საჭიროებს ადამიანების ფიზიკურ გადაადგილებას. ჩვენს ეპოქაში ადამიანები ხშირად სხვადასხვა კონტინენტზეც ცხოვრობენ, თუმცა ერთად საუკეთესო პროდუქტებსა და სერვისებს ქმნიან.
რა შესაძლებლობებს სთავაზობს ქართული დასაქმების ბაზარი დისტნაციური სამუშაოთი დაინტერესებულ ადამიანებს?
პანდემიამდე საქართველოს დასაქმების ბაზრის ძალიან მცირე წილი ეკავა მსგავსი ტიპის დისტანციურ სამუშაოებს. თუმცა პანდემიის დროს და მის შემდეგ ბევრმა ბიზნესმა დაინახა, რომ შესაძლებელია და, ხშირ შემთხვევაში, უფრო ეფექტიანიც კია, დისტანციურად მუშაობა. ამან დასაბამი დაუდო დისტანციურ სამუშაოებზე მოთხოვნის გაზრდას და შესაბამისად, გაიზარდა მიწოდებაც. დღეს ადამიანები მუშაობენ სხვადასხვა რეგიონიდან, თუნდაც სოფლიდან – მთავარია ჰქონდეთ კომპიუტერი და ინტერნეტი ასეთი სამუშაოს შესასრულებლად.
ამან გამოიწვია ის, რომ ბიზნესი, განსაკუთრებით კი დიდი ბიზნესი ადაპტირდა სიახლეებთან. ვნახეთ ათასობით თანამშრომელი, რომელიც გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. სწორედ ამან დასაბამი დაუდო იმას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესიც კი დღესდღეობით, პანდემიიდან უკვე რამდენიმე წლის შემდეგ, ძალიან თავისუფლად და მაღალი მიმღებლობით ასაქმებს კადრებს დისტანციურად. აღსანიშნავია, რომ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა თავად ბიზნესისთვისაც ხელსაყრელია, რადგან ამით უამრავ ხარჯს ზოგავს.
ხშირად საუბრობენ, რომ დისტანციურ სამუშაოს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
რაც უფრო მეტი ინფორმაციაა, მით მეტია საფრთხე ამ ინფორმაციის მოპარვის ან/და წართმევის, რაც თავის მხრივ, საჭიროებს ციფრული რესურსებისა და ინფორმაციის შედარებით მეტ დაცულობასა და სწორად მართვას. აღნიშნული განსაკუთრებით მომხმარებლების შესახებ არსებულ ინფორმაციას ეხება. ეს ყველაფერი ბიზნესის პერსპექტივიდან დანახულ გამოწვევებს ეხება, ცხადია.
დისტანციურ მუშაობას რაც შეეხება, აქ ალბათ კორპორაციული კულტურის ნაწილს გავუსვამდი ხაზს – ახალ თანამშრომლებს უჭირთ დისტანციურად კორპორაციული კულტურის გაზიარება და ეს შეიძლება გარკვეული ბარიერიც კი იყოს, რაც ფიზიკური სამუშაო გარემოს პირობებში ნაკლებად გვხვდება ხოლმე. ამასთან, ზოგიერთ კომპანიას აქვს შიშები, რომ, აი, ჩემს თანამშრომელს თუ ვერ ვხედავ, (ოფისში როცაა, ვხედავ სად არის, ვხედავ მის კომპიუტერს) შეიძლება დისტანციურად ვერ გავაკონტროლო.
როგორც იცით, ჩვენი პროექტის ბენეფიციარები შშმ პირები და დაუსაქმებელი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ამასთანავე ვერ იღებენ განათლებას და არ არიან ჩართულები ამა თუ იმ ტრენინგსა თუ სასწავლო პროგრამაში. ასეთი ახალგაზრდებისთვის თქვენი რჩევა, თუ როგორ დაეუფლონ ციფრულ პროფესიას და დასაქმდნენ ონლაინ, ძალიან მნიშვნელოვანია.
პირველი, რასაც ნებისმიერ ახალგაზრდას ვურჩევ, არის ის, რომ თუ არ სწავლობს, აუცილებლად დაიწყოს სწავლა და გახდეს ციფრული მოქალაქე. ახალგაზრდებმა უნდა დაიწყონ ციფრული ხელსაწყოების დაუფლება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დღეს დასაქმდნენ. გასათვალისწინებელია, რომ ერთხელ მიღებული ცოდნა საკმარისი არ არის, რადგან ტრენდები ძალიან სწრაფად იცვლება და ჩვენ მუდმივად უნდა მივყვეთ სიახლეებს. სწორედ აქ შემოდის სწრაფი ადაპტაციის მიმართულება, რაც მუდმივად ფორმაში ყოფნას გულისხმობს.
დღეს უამრავი ციფრული რესურსია ხელმოსაწვდომი იმისთვის, რომ ადამიანმა ონლაინ და უფასოდ აითვისოს ციფრული პროფესიები. YouTube-ში ზღვა მასალაა, რომელშიც ჩაძირვის შანსიც კია. უფასო რერურსებია ასევე Google, Coursera, Udemy და edX. არ დაგვავიწყდეს პრაქტიკა – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღებული ცოდნის შემდეგ, მალევე დაიწყონ პირველი სამუშაო. სწავლა პრაქტიკაში და საქმის კეთებაში მოდის.
სად უნდა ეძებონ სამუშაო? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ინტერნეტში – სხვადასხვა საიტსა და პლატფორმაზე. აღსანიშნავია, რომ დღეს ციფრული მიმართულებით მოთხოვნა ბიზნესის მხრიდან ძალიან მაღალია, ხოლო მიწოდება არც თუ ისე საკმარისი.
საინტერესო და კარგი ის არის, რომ ციფრული უნარ-ჩვევების შესწავლა, გაცემა და ამ მიმართულებით მუშაობა ქვეყნის მასშტაბით არ შემოიფარგლება. თუ ჩვენ ვიცით უცხოური ენები, მაგალითად ინგლისური, მარტივად შეგვიძლია ჩვენი სერვისი სხვა ქვეყნის დასაქმების ბაზარზე გავიტანოთ. საქართველოშიც არის საჭირო დამწყებ პოზიციაზე კადრები, სადაც ახლადშეძენილი ცოდნის მქონე ადამიანებს შედარებით მარტივად შეუძლიათ მუშაობის დაწყება. პანდემიის შემდეგ დასაქმების ბაზარი შეცვლილია და მათ შორის, ბევრი უცხოური კომპანია ეძებს კადრებს დისტანციური სამუშაოსთვის.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ციფრული და კარიერის მართვის კომპეტენციების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის“ საქართველოში ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი. პროექტის პარტნიორები არიან მოლდოვური ორგანიზაცია Millenium და სომხური ორგანიზაცია Agate.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.