ვაქცინაცია რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად კაცობრიობის ისტორიაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ. ვაქცინაციის არსებობის გარეშე, ისეთი დაავადებები, როგორიცაა წითელა, წითურა და ყბაყურა — რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველ ინფექციებად მიიჩნევა — ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს შეიწირავდა.
დროული იმუნიზაცია ნიშნავს კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას
ბევრ ინფექციურ დაავადებას, მათ შორის წითელას, პოლიომიელიტსა და დიფტერიას, არ გააჩნია სპეციფიკური სამკურნალო პრეპარატი — არსებობს მხოლოდ მხარდამჭერი თერაპია. სწორედ ამიტომ, ასეთი შემთხვევებისთვის, ვაქცინაცია არა უბრალოდ პრევენცია, არამედ ერთადერთი თავდაცვის საშუალებაა.
ბავშვთა დროული ვაქცინაცია არ არის მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანი — ის წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მტკიცე ქვაკუთხედს. დროული იმუნიზაციით იქმნება ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტი, რომელიც იცავს არა მხოლოდ აცრილ პირებს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა არ შეუძლიათ.
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა, პროფილაქტიკური აცრების კალენდრის საფუძველზე, უფასოდ უზრუნველყოფს ბავშვთა დაცვას ვაქცინით მართვადი 13 დაავადების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ინფორმაციის ნაკლებობისა და ხშირად ვაქცინებისადმი შიშის ან/და უნდობლობის გამო, უამრავი ბავშვი ვაქცინაციის პროცესის მიღმა რჩება, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული იმუნიზაციის პროგრამის განვითარებაში, თუმცა, რუტინული იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლები კვლავ რჩება პრობლემურად ყველა დონეზე. COVID-19-ის პანდემიამ არსებითად შეაფერხა ვაქცინაციის პროცესი და გააღრმავა მოსახლეობის უნდობლობა, რაც გამოიხატა ნულოვანი დოზის მქონე და არასრულად აცრილი ბავშვების რაოდენობის ზრდაში. აღნიშნული საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, კორეის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომელიც ფოკუსირებულია იმუნიზაციის თანასწორობისა და მოთხოვნის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით გამოწვევების მქონე სამ მუნიციპალიტეტში: რუსთავი, გორი და მარნეული.
დამაბრკოლებელი ფაქტორები, რომელთა გამო მშობლები აცრებს ერიდებიან
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მშობლების წინაშე არსებული გარკვეული ბარიერები ხელს უშლის მათ თავიანთი შვილების ვაქცინაციის პროცესში ჩართვაში. ზოგიერთი მათგანისთვის ასეთ ბარიერს უკუჩვენებების გადაჭარბებული შეფასება ან ინტერნეტში გავრცელებული მცდარი მოსაზრებები წარმოადგენს, ზოგიერთისთვის კი — ექიმისგან არასრული ინფორმაციის მიღება, მათ შორის აცრების კალენდრისა და აცრის მეორე დოზის მნიშვნელობის შესახებ.
კვლევის თანახმად, რუსთავის შემთხვევაში მხოლოდ 2023 წელს აცრების ნულოვანი დოზის მქონე ბავშვების (ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ გაკეთებული ვაქცინის არც ერთი დოზა) წილი 20%-მდე გაიზარდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის მასშტაბით. მზრუნველების მხრიდან შეშფოთება აცრების ადრეულ ასაკში დაწყებაზე და შესაძლო გვერდითი მოვლენების შიში, განსაკუთრებით მსუბუქი ინფექციების პირობებში, ხშირად იწვევს აცრების გადადებას. ეს ზოგჯერ განპირობებულია სოციალური მედიიდან მიღებული დეზინფორმაციით, სადაც ხშირია თუნდაც ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინის წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური დისკუსიები.
გორის მოსახლეობის შემთხვევაში მზრუნველები ხშირად გვიან უკეთებენ ვაქცინას ბავშვებს ჯანმრთელობის დროებითი პრობლემების გამო, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უკუჩვენებად არ მიიჩნევა. ამასთან, ხშირად მათ არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია ვაქცინაციის სარგებელსა და გვერდითი მოვლენების მართვაზე, სამედიცინო პერსონალს კი ხშირად არ აქვს წვდომა მიზნობრივ მაჩვენებლებსა და ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე. ცხადია, ეს უკანასკნელი ხელს უშლის ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელებასაც.
მარნეულის შემთხვევაში მნიშვნელოვან დამაბრკოლებელ ფაქტორებს შორის ენის ბარიერია. აღნიშნული ზღუდავს, როგორც ექიმის მხრიდან იმუნიზაციის გზამკვლევების სრულფასოვნად გაცნობას, ისე მშობლების მხრიდან მათთვის გასაგებ და თავიანთი კულტურისადმი შესაბამისად მომზადებული ინფორმაციის არსებობას. ამასთან, დამკვიდრებულია ვაქცინაციამდე წინასწარი მედიკამენტების დანიშვნის პრაქტიკა, რაც ასევე აფერხებს პროცესს. ერთ-ერთ პრობლემად ასევე გამოიკვეთა პაციენტების არათანაბარი აღრიცხვა და საზოგადოების გავლენიანი პირების ნეგატიური განწყობა ვაქცინებთან მიმართებით.
აღსანიშნავია, რომ სოფლებში ხშირია ელექტროენერგიისა და ინტერნეტის ნაკლებობა, რაც ზღუდავს მონაცემების ელექტრონულ ბაზებში დროულ შეყვანას და სერვისის გამართულ მუშაობას.
რატომ არის ვაქცინაცია უნიკალური შესაძლებლობა თითოეული ბავშვისთვის
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ვაქცინაცია არის უნიკალური შესაძლებლობა თავიდანვე ავაცილოთ ბავშვს 13 უმძიმესი, სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადება. ამასთანავე, ვაქცინაციის სწორედ ჩვილობის ასაკში დაწყება, როდესაც ბავშვის იმუნური სისტემა ძალიან სუსტია, არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში:
“ახალბედა მშობლების შფოთვა ბუნებრივია — ეს ზრუნვის ნაწილია. ბევრი ამბობს, რომ არ გაუკეთებს თავის შვილს ვაქცინას, რადგან სურდო აქვს ან ახველებს, რაც, ცხადია, არასწორი მიდგომაა. ერთადერთი ჭეშმარიტი წინააღმდეგ ჩვენება, რაც ვაქცინაციას აქვს, არის ვაქცინაციის დღეს ან წინა დღეს მწვავედ განვითარებული მაღალი ტემპერატურით მიმდინარე დაავადება. ინტერნეტში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, ხშირად მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ვაქცინები საფრთხის შემცველია, თუმცა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ჩატარებულმა უამრავმა კვლევამ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა.
ვაქცინაცია სიცოცხლის პირველივე დღიდან, სამშობიარო სახლში იწყება. შემდეგ პასუხისგებლობა უკვე მშობელსა და ოჯახის ექიმზე გადმოდის. პირველი აცრა ამბულატორიაში ორი თვის ასაკიდანაა საჭირო. რაც უფრო დროულად აიცრება ბავშვი, მით უკეთესად იქნება დაცული სიცოცხლისათვის სახიფათო დაავადებებისა და მათი შესაძლო გართულებებისგან. ბავშვის ბუნებრივ იმუნიტეტს აუცილებლად სჭირდება გაძლიერება და სწორედ ამიტომ არის ვაქცინაცია საჭირო”.
დროული ვაქცინაცია იცავს ბავშვს სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებებისგან!
ვიზიტის დასაგეგმად დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან დარეკეთ: 1505 ან 116 001
გეგმიური ვაქცინაცია უფასოა მთელი ქვეყნის მასშტაბით!
ეს სტატია მომზადებულია კორეის რესპუბლიკისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ვაქცინაციის კლებაზე რეაგირება რუსთავში, მარნეულსა და გორში" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი. პროექტი, რომელიც 2025 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება, მიზნად ისახავს სამიზნე მუნიციპალიტეტებში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სამშობიარო სახლების შესაძლებლობების გაძლიერებას. ტექნიკური დახმარების, ტრენინგებისა და სისტემის გაუმჯობესების გზით, პროექტი უზრუნველყოფს, რომ უფრო მეტმა ბავშვმა შეძლოს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ვაქცინაციის პროცესში დროულად ჩართვა.