ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის დაბალი ცნობიერება და საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული სტიგმები საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ხელს უშლის დროულად მიმართოს დარგის სპეციალისტს. პარალელურად, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში კვლავ პრობლემად რჩება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების ნაკლებ პრიორიტეტულობა და შესაბამისი სერვისების განვითარებისა და საზოგადობისთვის მათზე ხელმისაწვდომობის არასათანადოდ უზრუნველყოფა.
საქართველოს მოსახლეობისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისა და ზემოაღნიშნული გამოწვევების გადალახვის მიზნით, ევროკავშირისა და საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ახორციელებს პროექტს, რომლის მთავარ მიზანს პირველად ჯანდაცვაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენს. აღნიშნული შედეგად, პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე ექიმებს მისცემს საშუალებას შეიძინონ საჭირო ცოდნა, კვალიფიციურად მართონ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მსუბუქი შემთხვევები, ხოლო შედარებით მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები მიზნობრივად და დროულად გადაამისამართონ შესაბამის სპეციალისტთან.
რატომ არის მნიშვნელოვანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების პირველად ჯანდაცვაში ინტეგრაცია და რას აკეთებს ამ მიმართულებით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის გუნდი — აღნიშნულის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ექიმ ფსიქიატრსა და პროექტის ექსპერტს, ნინო ოკრიბელაშვილს ვესაუბრეთ.
რას ნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
ფსიქიკური ჯანმრთელობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, თუმცა, სამწუხაროდ, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ნაკლებად პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ არსებობს სტიგმა, რომლის გამოც, ხშირად ჩვენს პაციენტებს უჭირთ ჩვენთან მოსვლა. მეორე მხრივ, მოსახლეობამ ძალიან ბევრი სიმპტომის ამოცნობა ჯერ კიდევ არ იცის და რიგ შემთხვევებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან მიდიან გვიან, როდესაც მათი მდგომარეობა ქრონიკურ პრობლემებთანაა ასოცირებული.
უნდა გვახსოვდეს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა. ფსიქიკური ჯანმრთელობა ნიშნავს, რომ ადამიანი კარგად ფუნქციონირებს — ახერხებს სწავლას, შრომას, ინტერპერსონალურ ურთიერთობებს და ამავე დროს საზოგადოების აქტიური წევრია.
რატომ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პირველად ჯანდაცვაში ინტეგრაცია მნიშვნელოვანი?
სტიგმატიზირებულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად უჭირთ მიმართვა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებთან. პაციენტი უფრო ადვილად მიმართავს პირველადი ჯანდაცვის რგოლს და ნაკლებად სარგებლობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებით. შესაბამისად, თუ ჩვენ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს აღვჭურვავთ ცოდნით, პრაქტიკით, გამოცდილებითა და შესაბამისი გზამკვლევებით და ხელს შევუწყობთ მათ მოსახლეობის მეტი ნაწილის მოცვაში, დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესებაში.
ამავე დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების დეფიციტის შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის რგოლს შეეძლება მარტივი შემთხვევები თავისივე სერვისებში მართოს.
რას მოიცავს ევროკავშირისა და საფრანგეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი აქტივობა, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ახორციელებს?
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტი, რომელიც საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებასა და პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად ხორციელდება, გულისხმობს პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის კლინიკური სახელმძღვანელოების, პროტოკოლებისა და გზამკვლევების მომზადებას. პროექტის შედეგად უკვე შემუშავდა ათი სხვადასხვა კლინიკური პროტოკოლი, ხოლო ათეულობით ექიმმა გაიარა შესაბამისი ტრენინგები.
პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტების ტრენერთა ტრენინგს, რომლებმაც შემდეგ ცოდნა გაუზიარეს რეგიონებში მომუშავე კოლეგებს — ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ ემსახურებიან პაციენტებს. საინტერესოა, რომ პროტოკოლებში პირველად მიექცა ყურადღება გენდერულ კომპონენტს — მაგალითად, მშობიარობის შემდგომი მართვის პროტოკოლს დაემატა მამაკაცების დეპრესიული მდგომარეობა ახალშობილის, როგორც ოჯახის ახალი წევრის, მატების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური მდგომარეობა.
მნიშვნელოვანია ზედამხედველობის ეტაპიც: აღნიშნულ პროტოკოლებში გათვალისწინებულია შეფასების მექანიზმებიც — რამდენად ეფექტიანად ახორციელებს ექიმი სკრინინგს და ამ სკრინინგის საფუძველზე, რამდენად სწორად ამისამართებს კონკრეტულ პაციენტს შესაბამის სპეციალისტთან.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის დახმარებით ჯანდაცვის სისტემა იწყებს ტელემედიცინის გამოყენებას ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ტელემედიცინა საშუალებას იძლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელთა საცხოვრებელი გეოგრაფიულად შორ დისტანციაზეა სამედიცინო დაწესებულებებისგან.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტეგრაცია პირველადი ჯანდაცვაში არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, სპეციალისტების ცოდნის გაუმჯობესებასა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ნამდვილად შეუძლია მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინოს იმ ადამაინებს, რომელთაც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ახორციელებს, სწორედ ხსენებულ მიზანს ემსახურება და ამავდროულად, ხელს უწყობს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზაციას და ტელემედიცინის გამოყენების გაძლიერებას. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გეოგრაფიულად შორ მანძილზეა სამედიცინო დაწესებულებებისგან.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს