COVID- 19-ის პანდემიის პირობებში, სამედიცინო სექტორთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრა მედიასაც. დღეს, როდესაც ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის ნაკადი არ წყდება, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა სწორად შეარჩიონ მასალა, ერთმანეთისგან განასხვაონ მცდარი და მართებული ცნობები და რაც მთავარია ზუსტად და გასაგებად მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი COVID-19 ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებაში ჩაერთო., მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა სამეგრელო-ზემო სვანეთის მასმედიის წამომადგენლებისთვის ონლაინ ლექციების ციკლის ჩატარებაა „ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა პანდემიის პერიოდში მას მედიაში“, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობით.
ლექციების მონაწილეებმა მოწვეულ ექსპერტებთან ერთად არაერთი საინტერესო საკითხი გაიარეს: სწორი რეპორტირება, ფაქტების დადასტურება/გადამოწმება, პირადი ინფორმაციის გამჟღავნება, ვიზუალური მასალის გადამოწმება, სენსაციური და პანიკის შემცველი სათაურები, სამედიცინო ეთიკა და ჯანდაცვის კანონმდებლობა. საკითხები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ლექციების მონაწილეებისთვის, რომ მომდევნო კვირაში იგეგმება დამატებითი სესიების ჩატარება.
„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩემთვის სიახლე იყო დისტანციურად ლექციებზე დასწრება. მქონდა მოლოდინი, რომ რთული სამუშაო რეჟიმის პარალელურად გამიჭირდებოდა ჩართვა და კონცენტრაციის მოხდენა. მიხარია, რომ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა, რადგან ის საათები რაც ამ ლექციებზე გავატარე იყო საჭირო და პროდუქტიული.
ინფორმაციის სიზუსტე მედიისთვის უპირველესია, თუმცა პანდემიის პირობებში როცა გიწევს შეხება ბევრ სიახლესთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოდნა, როგორ შეიძლება გადავამოწმოთ ინფორმაცია, ფოტო თუ ვიდეომასალა. ამიტომ სასარგებლო იყო ლექციის ფარგლებში ბმულების მიღება, სადაც ტექნიკურად ამის გაკეთება მარტივად არის შესაძლებელი. ამ ბმულებს შორის იყო ისეთები, რომელსაც მე პრაქტიკაში არ ვიყენებდი და ვფიქრობ, რომ მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ.
განსაკუთრებით გამოვყოფ სესიას -"სამედიცინო ეთიკა და ჯანდაცვის კანონმდებლობა“. ლექცია მაგალითებზე იყო აგებული და ითვალისწინებდა მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობას. მომავალშიც ვფიქრობ, რომ ჩემთვის საინტერესო იქნება ამ მიმართულებით ლექციაზე დასწრება. სამედიცინო ეთიკა და ჯანდაცვის კანონმდებლობა ის თემაა, რომელზეც მეტი ცოდნა და გამოცდილება გვჭირდება მას მედიის წარმომადგენლებს“- ამბობს თამარ ზანთარაია, ინტერნეტგამოცემა livepress.ge-ს და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი.
ლექციები დასრულდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მასმედიის წარმომადგენლებისთვის და გაგრძელდება სხვადასხვა რეგიონის ჟურნალისტებისთვის.
აღნიშნული აქტივობა არის ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის პროექტის ნაწილი, რომელიც ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.