ოჯახის ექიმი სენაკიდან: "სოფლად მომუშავე ექიმებს უამრავი გამოწვევის გადალახვა გვიწევს მოსახლეობაში დამკვიდრებულ სტიგმებთან საბრძოლველად"
7. მარტი 2025 სიახლეები

ოჯახის ექიმი სენაკიდან: "სოფლად მომუშავე ექიმებს უამრავი გამოწვევის გადალახვა გვიწევს მოსახლეობაში დამკვიდრებულ სტიგმებთან საბრძოლველად"

ქალთა მსოფლიო დღის აღნიშვნისას არ უნდა დაგვავიწყდეს ის რეალობა, რომლის წინაშეც საქართველოში მცხოვრები ქალები დგანან. ჩვენს ქვეყანაში ქალებს ყოველდღიურად უამრავი გამოწვევების გადალახვა უწევთ, რაც გამოწვეულია გენდერული უთანასწორობით, საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმებით, საზიანო ტრადიციებითა და სისტემურ დონეზე არსებული პრობლემებით. მიუხედავად ამისა, თითოეული ჩვენგანი ხედავს მრავალი ძლიერი ქალის მაგალითს, რომელიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ უშინდება სირთულეებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაამსხვრიოს სტერეოტიპები, სათანადო ადგილი დაიკავოს საზოგადოებაში და ამ გზით ხელი შეუწყოს ამა თუ იმ სფეროს განვითარებას.

სოფლად მომუშავე ექიმების წინაშე არსებული გამოწვევები და საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმები

თეა სახოკია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლის ამბულატორიის ოჯახის ექიმია. ამჟამად ახლადმოწყობილ ამბულატორიაში მუშაობს, თუმცა მანამდე წლების განმავლობაში ამბულატორია საკუთარ სახლში ჰქონდა მოწყობილი და ყოველდღიურად 800-მდე პაციენტის იმედი იყო. ასეა ახლაც: თეა პასუხისმგებელია ასობით ადამიანის ჯანმრთელობაზე, რომელთა შორის არიან ბავშვები და ხანდაზმულები.

ქალთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თეას ვთხოვეთ ჩვენთვის მოეყოლა იმ გამოწვევების შესახებ, რომელსაც საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმების გამო აწყდება და გაეზიარებინა ის სირთულეები, რომლებიც სოფლად მომუშავე ოჯახის ექიმობას ახლავს თან. მისი თქმით, ექიმობა ქალისგან განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რადგან საექიმო პრაქტიკის პარალელურად, ოჯახს ყურადღება არ უნდა მოაკლოს. თუმცა თეა ამბობს, რომ ოჯახის მხრიდან მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობს.

Screenshot 2025-03-07 at 10.22.54

საექიმო პრაქტიკას რაც შეეხება, თეა გვიზიარებს, რომ სოფლად მომუშავე ექიმებს უამრავი გამოწვევის გადალახვა უწევთ მოსახლეობაში დამკვიდრებულ სტიგმებთან საბრძოლველად, განსაკუთრებით ონკოპრევენციის მიმართულებით:

"ხშირად ძალიან რთულია გარკვეულ სამედიცინო პროცედურებზე პაციენტებისაგან ინფორმირებული თანხმობის მიღება, თუმცა დროთა განმავლობაში მაინც მივდივართ ხოლმე დადებით შედეგამდე. მაგალითს მოვიყვან: ერთ-ერთი ოჯახში ბავშვების იმუნიზაციის პროგრამაში ჩასართავად ოჯახისგან ინფორმირებული თანხმობის მიღებას შვიდი წელი მოვანდომეთ, თუმცა საბოლოოდ შედეგს მაინც მივაღწიეთ და დღეს თითოეული ბავშვი აცრილია აცრის ეროვნული კალენდრის მიხედვით ინდივიდუალური სქემით. გვქონდა შემთხვევა, როდესაც ერთი-ერთ მაღალი რისკის მქონე პაცინტთან ერთწლიანი კომუნიკაცია დაგვჭირდა მისი ონკოპრევენციის პროგრამაში ჩასართავად. შედეგად, მას მეორე სტადიის კიბო დაუდგინდა და ამჟამად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოჯანმრთელებულია“.

სოფლად მომუშავე ექიმების წინაშე მდგარი უამრავი გამოწვევის მიუხედავად, თეა არ ნებდება და საექიმო პრაქტიკის პარალელურად, ჩართულია სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში: ზრუნავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და სწორი საკომუნიკაციო გზავნილების მიტანაზე რისკის ჯგუფებსა და სკოლის მოსწავლებთან.

ქალების როლი საზოგადოების განვითარებაში

თეა მიიჩნევს, რომ ქალებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ საზოგადოების განვითარებასა და ჰუმანიტარულ/განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობაში, რადგან ხშირ შემთხვევაში ისინი ყალიბდებიან როლურ მოდელებად და სხვებისთვის ძლიერი ქალის მაგალითი ხდებიან:

„როცა მოზარდი გოგოები ხედავენ აქტიური დედისა და, ზოგადად, წარმატებული ქალის მაგალითს რეალურ ცხოვრებაში, ხედავენ სირთულეებთან შეურიგებელ და შრომატევად ბრძოლას, ეს მათაც უჩენს სურვილს არა თუ იგივე, არამედ უფრო მეტიც გააკეთონ, იშრომონ და ახალ მიზანს კიდევ ახალი დაამატონ“.

IMG_3809

თეა მიიჩნევს, რომ ქალთა საერთაშორისო დღე გზავნილია საზოგადოებისთვის ქალის მნიშვნელოვანი როლის შესახსენებლად, რადგან განათლებული და ინფორმირებული ქალი იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტლებებს, არ ეშინია წინააღმდეგობებისა და პასუხისმგებლობების, ის აძლიერებს ოჯახს, შვილებს ყურადღებას უმახვილებს სწორ და ჯანსაღ საკითხებზე, მხარს უჭერს მათი უნარების განმტკიცებას სოციუმში და მთლიანობაში, ხელს უწყობს ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებას.

თეა გვიამბობს, რომ ამ ეტაპზე მხარდაჭერას გრძნობს, რადგან საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მეშვეობით, სოფელს ოცწლიანი ლოდინის შემდეგ უკვე აქვს ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ამბულატორია, რომელიც ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებით აღიჭურვა უახლესი აპარატურით. ამასთანავე, მიმდინარეობს პერსონალის ტრენინგები კვალიფიკაციის ასამაღლებლად:

"ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ მხარდაჭერილი ტელემედიცინის პროექტი კი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც გახლავართ სენაკის მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ბევრი სასიკეთო პროექტი განხორციელდება ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე“.

თეას, როგორც რიგითი ქალს, სურს რაც შეიძლება მეტი ქალი იხილოს საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე.