მზადყოფნა გადამწყვეტია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატატროფების შედეგად დამდგარი ზიანის შესამცირებლად
7. ნოემბერი 2024 სიახლეები

მზადყოფნა გადამწყვეტია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატატროფების შედეგად დამდგარი ზიანის შესამცირებლად

კლიმატის ცვლილება, რომლის შედეგადაც ბუნებრივი სტიქიური მოვლენები ყალიბდება და, რიგ შემთხვევებში, ვითარდება კატასტროფები, გლობალური პრობლემაა. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები უარყოფით გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ცხადია, არც საქართველოა გამონაკლისი. სპეციფიკური და რთული ფიზიკურ-გეოგრაფიული მოცემულობის გამო, ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვაგვარი კლიმატი გვხვდება. კლიმატური ცვლილება კი ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს.

რატომ უნდა გვაღელვებდეს კლიმატის ცვლილება

პრეინდუსტრიული პერიოდიდან დღემდე, დედამიწაზე ატმოსფერული ტემპერატურა 1.2°C-ით გაიზარდა. ამჟამინდელი პროგნოზებით, საუკუნის ბოლომდე მოსალოდნელია საშუალო წლიური ტემპერატურის 2°C-დან 5-6°C-მდე მომატება. აღნიშნული საფრთხის შემცველია ეკოსისტემების არსებობისთვის და არის კატასტროფების გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი.

cracked-earth-soil-with-plant

ბოლო ათწლეულში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად 55 მლნ ადამიანზე მეტი ზარალდება, მათ შორის, სასმელად ვარგისი წყლის სიმცირისგან, რომელიც წყალდიდობებისაგან და ღვარცოფებისაგან დაზიანებული წყალმომარაგების სისტემების შედეგია. მთიან რეგიონებში, კლიმატის ცვლილების შედეგად, მასიურად დნება თოვლი მყინვარებზე. ამას ემატება ტყის მასიური გაჩეხვის შედეგად ყოველწლიურად გაზრდილი მეწყრის საშიშროებაც.

კატასტროფების რისკის ეფექტური მართვისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუნიციპალოტეტის შესაძლებლობის გაძლიერება კატასტროფების მართვის ოთხივე ფაზაში (პრევენცია, მზაობა, რეაგირება, აღდგენა). კატასტროფების რისკის მართვის ეფექტურ ინსტრუმენტს კი საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა წარმოადგენს, რომელზეც ონის მუნიციპალიტეტის მერია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან ერთად მუშაობს.

2024 წლიდან ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ჩეხეთის რესპუბლიკის ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „ონის მუნიციპალიტეტის მოწყვლადი თემების მედეგობის გაუმჯობესება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ”. პროექტის მიზანია მოწყვლადი თემების მედეგობის გაუმჯობესება კატასტროფების რისკის მართვის ეროვნული პოლიტიკის, მზადყოფნის შესაძლებლობისა და თემზე დაფუძნებული ინიციატივების გამოყენებით.

რას ნიშნავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფა

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების ნუსხაში შედის მიწისძვრა, მეწყერი, ძლიერი ქარი, ღვარცოფი, ხანძარი და წყალდიდობა. საქართველოს გეოგრაფიისა და გეოლოგოგიის გათვალისწინებით, ჩამოთვლილთაგან თითოეული რეალურ და არც თუ ისე იშვიათ საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ საგანგებო სიტუაციებზე პასუხისმგებელი უწყებების გაძლიერებას, რეგიონულ, ცენტრალურ და ადგილობრივი დონეზე. აღნიშნული, თავის მხრივ, უზრუნველყოფს თემის მედეგობის გაზრდას.

კატასტროფების რისკის მართვა ოთხი ფაზისგანან შედგება: პრევენცია, მზადყოფნა, რეაგირება და აღდგენა. თითოეული ფაზა შესაბამისად მოიაზრებს ადგილობრივი მთავრობისა და მასთან კოორდინაციაში მყოფი სხვა სახელმწიფო უწყებების გააქტიურებას, ასევე მოსახლეობის, მედიის, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას.

პრევენცია მოიაზრებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ მთავრობას შორის უწყვეტ კომუნიკაციას არსებული საჭიროებებისა და შესალებლობების შესახებ, ასევე, მოსახლეობის მხრიდან მაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობასა და შესაბამისი სამსახურების დროულად ინფორმირებას. პრევენციის ფაზაში მედიის მიერ სწორად გავრცელებულ ინფორმაციას არსებული კვლევების, საფრთხის რუქებისა და საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქმედებების შესახებ გადამწყვეტი როლი აქვს.

მზადყოფნა კატასტროფების რისკის შემცირების გადამწყვეტი კომპონენტია, განსაკუთრებით კი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გახშირებული სტიქიური მოვლენების ფონზე. ცნობიერების ამაღლების გზით, მოსახლეობა უფრო ინფორმირებული ხდება პოტენციური რისკების შესახებ, რაც მათ საშუალებას აძლევს ამოიცნონ ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნები და მიიღონ პროაქტიული ზომები საკუთარი თავის დასაცავად. ამასთანავე, მზადყოფნა გულისხმობს ინდივიდების, თემებისა და ინსტიტუტების აღჭურვას საჭირო უნარებით, ცოდნითა და რესურსებით იმისთვის, რომ მათ ეფექტური რეაგირება მოახდინონ კატასტროფის დროს.

shutterstock_444831445

ეს კომბინაცია არა მხოლოდ ამცირებს კატასტროფების უშუალო ზემოქმედებას, არამედ ამცირებს გრძელვადიან ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ზიანს. ინფორმირებული საზოგადოებები უფრო მედეგნი არიან, შეუძლიათ ადაპტირება და უფრო სწრაფად აღდგენა კატასტროფებისგან. აქედან გამომდინარე, ცნობიერების ამაღლება და მზადყოფნა აუცილებელია მედეგები საზოგადოებების შესაქმნელად.

რეაგირებისა ეტაპი გულისხმობს მომხდარ კატასტროფაზე სამთავრობო უწყებების მყისიერ რეაგირებას ეფექტური და სწრაფი კოორდინაციის გზით, მედიისთვის სწორი მესიჯების მიწოდების მეშვეობით და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენით. აღდგენის ეტაპზე მნიშვნელოვანია კატასტროფამდე არსებული მდგომარეობაზე უკეთესი მოცემულობის შექმნა, რაც სამთავრობო უწყებების პასუხისმგებლობის ქვეშაა. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოების სწორად ინფორმირება დაგეგმილი საქმიანობის შესახებ, არამედ, მათი დამშვიდების შემდეგ, მათი ჩართვა აღდგენით სამუშაოებში საერთო მიზნის მისაღწევად.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფის აღდგენით ეტაპზე პოტენციური კატასტროფებისგან დამდგარი ზიანის შესამცირებლად, მნიშვნელოვანია მომხდარის სწორი ანალიზი და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის კიდევ უფრო დახვეწა, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები

პროექტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში შეფასდა თემის დონეზე წყალდიდობის საფრთხეები და რისკები, ასევე ჩატარდა გეოლოგიური კვლევა. გარდა ამისა, ონის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, მუშავდება საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა, რომელიც დასრულების ეტაპზეა.

ონის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმაზე დაფუძნებით, მუშავდება ონის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების სტრატეგია.

ამასთანავე, პროექტის ფარგლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში გადამზადნენ ონის საჯარო სკოლების მასწავლებლები. ტრენინგების გავლის შემდეგ პროექტი სკოლებს დაეხმარა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავებაში, რის შემდეგაც  ჩატარდა სიმულაციური სწავლებები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან თანამშრომლობით.

d9454db4-7547-4ea7-9087-7aa930ecaa42

სკოლების ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სკოლებს გადაეცათ აღჭურვილობა, რაც უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების მედეგობასა და უსაფრთხოებას. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში სკოლები ჩართულნი არიან სასკოლო კონკურსში ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ეს მასალა მომზადდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

MZVlogoCzechAid_logo_zakladni_JPG-removebg-preview