მესხრიკაძეს ეამაყება CCR-ის გუნდის მიერ ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილი
19. ივლისი 2022 სიახლეები

მესხრიკაძეს ეამაყება CCR-ის გუნდის მიერ ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილი

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ეკატერინე მესხრიკაძე ჩვენს ორგანიზაციაში 2015 წლიდან მუშაობს. ამ წლების განმავლობაში, ეკატერინე ძირითადად სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობდა და ხელმძღვანელობდა ისეთ მასშტაბურ პროექტებს, როგორებიცაა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD ხულოს პროექტი, UNDP-ის მიერ დაფინანსებული ინიციატივა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისთვის ნარჩენების მდგრადი მართვის სისტემის ჩამოსაყალიბებლად და გარემოს დაცვითი ინიციატივები რაჩა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

eka

ცოტა ხნის წინ ეკატერინეს ვესაუბრეთ იმისთვის, რომ უფრო მეტი შეგვეტყო ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის სამუშაოს შედეგებზე, პანდემიის პერიოდში მიღებულ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისთვის საქართველოს მისიის დაარსების დღიდან მუშაობთ. რას მიიჩნევთ ორგანიზაციის ყველაზე დიდ მიღწევად ამ დრომდე?

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა მოახერხა უმნიშვნელოვანესი ნიშის დაკავება საქართველოში ძალიან კონკურენტულ გარემოში. ცხადია, ამას მივაღწიეთ მაღაკვალიფიციური კადრებითა და დაუღალავი შრომით. მისიის ოფიციალური დარეგისტრირებიდან 2015 წელს, ჩვენ ნელ-ნელა გავაფართოვეთ სამუშაო არეალი სხვადასხვა სექტორის მიმართულებით. 2010 წლიდან ღირებული ცოდნა დაგვიგროვდა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, მოგვიანებით კი დავიწყეთ მუშაობა სოფლის განვითარებასა და გარემოს დაცვაზე. ამ ეტაპზე ოთხი მიმართულებით ვმუშაობთ, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა.

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ინტერვენციები ინსტიტუციურ დონეზე ხორციელდება და უკავშირდება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას სისტემური ცვლილებების განხორციელების პროცესში. სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით კი უფრო მეტად ვეხმარებით საბოლოო ბენეფიციარებს.

ცხადია, შეიძლება ციფრებზე საუბარი, მაგრამ COVID-19-ის საპასუხოდ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, ალბათ, ყველაზე გამორჩეული იქნება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მნიშვნელოვნად დავუჭირეთ მხარი პასუხისმგებელ ინსტიტუციებს პანდემიის მართვის პროცესში. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჩვენი წვლილი ჯანდაცვის, ონკოლოგიისა და სოციალური დაცვის მიმართულებითაც, განსაკუთრებით აუტისტური სპექტირს მქონე პირებისა და პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქტივობები.

COVID-19 ახსენეთ პერიოდი, როდესაც თქვენ დაუყოვნებლივ შეცვალეთ თქვენი აქტივობების კურსი საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად ასეთ რთულ პერიოდში. რა მიგაჩნიათ ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვრად და როგორ შეგცვალათ აღნიშნულმა თქვენ, როგორც გუნდი?

პანდემიამ გვაჩვენა, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან არის გამოსავალი, რამაც საშუალება მოგვცა COVID-19-ის საპასუხო ღონისძიებებში სახელმწიფო დონეზე მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ ქვეყნის საჭიროებების იდენტიფიცირება მოვახდინეთ და არსებული პროექტების პრიორიტეტები მოცემულ სიტუაციის შესაბამისად შევცვალეთ. შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდათ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამედიცინო დაწესებულებებს მივაწოდეთ ინფექციისგან დაცვის საშუალებები, შევქმენით კოვიდლაბორატორია, გამოვლენილი ახალი შემთხვევების აღწერისათვის. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო დაკავებულები ვიყავით, ვიდრე მშვიდობიან დროს. ძალიან გვეამაყება, რომ ამ რთულ პერიოდში ჩვენი წვლილი შეგვქონდა საქართველოს მთავრობის საქმიანობაში.

როგორ ხედავთ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის როლს საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მხარდაჭერის პროცესში და რას მიიჩნევთ თქვენი სამუშაოს ყველაზე ღირებულ შედეგად?

მჯერა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში, რასაც ფინანსურად მხარს უჭერს ჩეხეთის განვითარების სააგენტო. კონკრეტულად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო განახლებული კლინიკური პროტოკოლების დანერგვის, შესაბამისი ტრენინგების, მხარდამჭერი სუპერვიზიის,  ექსპერტთა კონსულტაციისა და სამედიცინო ჩანაწერების გაციფრულების გზით. ცხადია, ხარისხისა და გაუმჯობესების მონიტორინგი წარმოუდგენელია ელექტრონული სისტემების არსებობის გარეშე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის როლი კიბოს პრევენციის აქტივობებში. არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ავადობა და სიკვდილიანობა, მათ შორის სხვადასხვა სახის კიბოთი, ქვეყნის სოციო-ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ტვირთია. აღნიშნული მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჯადაცვისათვის, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. ამგვარი დაავადებების პრევენცია და ეფექტური მართვა ქვეყნისა და ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

რაც შეეხება ჩვენს ინტერვენციებს სოციალური დაცვის მიმართულებით, აღნიშნული ძირითადად ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას, რაც გულისხმობს მათთვის სოციალური და ჯანდაცვის სერვისების განვითარებას, შესაბამისი საკანონმდებლო ინივიატივების შემუშავებასა და საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარებას შშმ პირთა უფლებების თაობაზე.

აუტიზმის სერვისების განვითარება და მხარდაჭერა ჩვენი ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ჩართულ მხარესთან ერთად უმნიშვნელოვანეს სისტემურ ცვლილებებს მივაღწიეთ.

ამჟამად, ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტს შშმ პირთა დიდი ზომის საცხოვრებელი სახლების დეინსტიტუციონალიზაციისთვის, რაც გულისხმობს შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფას, საკანონმდებლო ინიციატივებს, შესაბამის სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე მუშაობას.

7S1A2418

ბოლო წლების განმავლობაში, თქვენი ძალისხმევის შედეგად, არა მხოლოდ ადამიანების ცხოვრება შეიცვალა, არამედ განხორციელდა სისტემური ცვლილებები. რას მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევებად და როგორია გამოწვევები, რომელსაც თქვენი სამომავლო გეგმებით უნდა უპასუხოთ?

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის სოფლის განვითარებაზე მიმართული პროექტები მიზნად ისახავს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და სოფლის მეურნეობის სპეციფიკური სექტორების განვითარებას, ტურიზმის ხელშეწყობისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ალტერნატიული შემოსავლის წყაროების გაჩენის გზით. ჩვენი პროექტები ადგილობრივებისა და მცირე მეწარმეების განსხვავებული სქემით მხარდაჭერას გულისხმობს, მათ შორის, კვალიფიკაციის ამაღლებით, გრანტებით და ცნობიერების ამაღლებით ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვის მიზნით. ჩვენი პროექტები მოიცავს თუშეთს, ფშავ-ხევსურეთს, ხულოს მუნიციპალიტეტს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონს. არსებული გამოწვევების გათვალიწინებით, უამრავი რამ არის გასაკეთებელი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მხარდასაჭერად. მცირე და საშუალო ბიზნესები საჭიროებენ როგორც ფინანსურ მხარდაჭერას, ისე კვალიფიკაციის ამაღლებას.

გარემოს დაცვის მიმართულებით ჩვენი ცოდნა, ძირითადად, კონცენტრირებულია ნარჩენების მართვაზე. მიუხედავად ბოლო წლებში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, არსებულ გამოწვევებს ადეკვატური პასუხი სჭირდება იმისთვის, რომ მივაღწიოთ სწორი ნარჩენების მართვის სტანდარტებს ეროვნულ დონეზე. აღნიშნულის საპასუხოდ, ჩვენ ვმუშაობთ ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვაზე კვალიფიკაციის ამაღლებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით, მათ შორის, კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას ნარჩენების შემგროვებელი მანქანით, სეპარირებული ნარჩენის შემგროვებელი მანქანით, ნარჩენების ურნებით და სხვ. ამასთან, საგანმანათლებლო აქტივობებით ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების მნიშვნელობაზე.

ეკა2

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი თანამშრომლობს სახელმწიფო ინსტიტუციებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს პროექტებს. როგორ ხედავთ ხსენებულ ინსტიტუციებთან მიმდინარე თანამშრომლობას და როგორია ამ ურთიერთობების გაფართოების გზები?

ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ თანამშრომლობებს, რომლებიც წარმატებულ პროექტებსა და მიღწევებში გადაიზრდება ხოლმე და საშუალებას გვაძლევს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. საბედნიეროდ, ამგვარი პარტნიორების სია ვრცელია – ჩეხეთის განვითარების სააგენტო, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, სლოვაკეთის განვითარების სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირი, ლიეტუვას საელჩო და ადგილობრივი პარტნიორები, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სამინსიტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, კიბოს პრევენციის ცენტრი და სხვ.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ინსტიტუციებს და სააგენტოებთან, მუნიციპალიტეტბთან, უნივერსიტეტებთან და ადგილობრივ არასათავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ახალი თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ადგილობრივ ინსტიტუციებსა და არასამთავრობო სექტორთან.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მინდა ჩემი ცოდნის არეალი გავზარდო, განსაკუთრებით გარემოს დაცვის მიმართულებით. ასევე, ვიმუშაო ახალი სექტორების მიმართულებით, ახალი თემების წამოვწიო და ვიმუშაო ჩვენი ინტერვენციების დივერსიფიცირებაზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ზოგადად, ხელი შევუწყო ევროპული ღირებულებებისა და სერვისების დანერგვას ჩემს ქვეყანაში.