საქართველოში მისიის დაფუძნების შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აქტიურად მუშაობს კიბოს პრევენციისა და დაავადების ადრეული გამოვლენის მიმართულებით დასავლეთ საქართველოში. 2019 წელს ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის აშენებისა და რამდენიმეწლიანი ცნობიერების ამაღლების კამპანიის შემდეგ, ჩვენი ორგანიზაცია ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელიც მიზნად ისახვს ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში. აღნიშნული ინიციატივა დაფინანსებულია ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის მიერ.
XXI საუკუნეში ავთვისებიანი დაავადებების (მათ შორის, გინეკოლოგიური) წინააღმდეგ ბრძოლა ისევ რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევად – როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონებში. სოფლად დასახლებული მოსახლეობისთვის ონკოგინეკოლოგიური დაავადებების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა დაბალია.
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორმა თეიმურაზ კაპანაძემ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პროექტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მხარს დაუჭერს საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარის რეგიონებში ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ინიციატივის ფარგლებში, რუხისა და ბათუმის ჰოსპიტლები აღიჭურვება თანამედროვე, უახლესი ენდოსკოპით, ხოლო სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ტრენინგებით. პროექტი ასევე მხარს უჭერს პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ცოდნის გაღრმავებას ონკოგინეკოლოგიური მიმართულებით და ხელს უწყობს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი სახელმწიფო კლინიკებისთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რასაც მიმინარე პროექტის ფარგლებში ჩვენი კლინიკები მიიღებენ. ონკოგინეკოლოგიური სერვისების გამართვა, რაც ითვალისწინებს ჩვენი კლინიკების შესაბამის აღჭურვას და პერსონალის გადამზადებას, აჭარასა და სამეგრელოში მცხოვრები მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის ხარისხიან მკურნალობას. ასევე, გაიზრდება დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის შანსები, რაც შეამცირებს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობის მაჩვენებელს. მადლობას ვუხდით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს და ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის მედევაკის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ეს პროექტი ხორციელდება,“ – განაცხადა თეიმურაზ კაპანაძემ, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორმა.
საქართველოშო საშვილოსნოს ყელის კიბო ყველაზე გავრცელებულია
ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნის დაახლოებით 10000-11000 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, რომელთგან 56% ქალებზე მოდის. საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს ტანის კიბო საქართველოში გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების ათეულში შედის. დაავადების დაგვიანებით გამოვლენა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ადრეული დიაგნოსტიკა კი საწყის ეტაპზე მკურნალობის ეფექტიანობას ზრდის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი მიმართულია სკრინინგული სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, საქართველოს რეგიონებში გაწეული ონკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და კიბოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე. პროექტის ბიუჯეტი 205 000 ევროს შეადგენს, რომლის 70% ხსენებული სახელმწიფო კლინიკების აღჭურვაზეა მიმართული.
ჩეხეთის კარიტასი კიბოს პრევენციის მიმართულებით მუშაობას აგრძელებს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის კარიტასი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის შესახებ საინფორმაციო კამპანიას 2010 წლიდან ახორციელებს. საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობა სამედიცინო პროფილაქტიკურ გამოკვლევებში მონაწილეობას სოფელში ჩასული მობილური კლინიკის მეშვეობით იღებდა, დანარჩენი კვლევების ჩასატარებლად კი თბილისში უწევდა გამგზავრება. 2019 წელს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი აშენდა, რამაც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას სრკინინგული სერვისების ადგილზე მიღების შესაძლებლობა მისცა.
ზუგდიდის სკრინინგ ცენტრმა მნიშვნელოვნად გაზარდა რეგიონში ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის და პროსტატის კიბოს მართვის სახელმწიფო პროგრამების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ცენტრის გახსნის დღიდან 2 წლის განმავლობაში, უკვე 7 000-ზე მეტმა ადგილობრივმა მოსახლემ ისარგებლა ამ პროგრამებით. ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში არა მხოლოდ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებია ხელმისაწვდომი, არამედ შესაძლებელია თერაპიული, გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური და სხვა ტიპის გამოკვლევებისა და ანალიზების გაკეთება.
ახალი პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან ერთად ვახორციელებთ, გვჯერა, რომ დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მეტ ადამიანს ექნება წვდომა ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე კიბოს პრევენციისა და დაავადების ადრეული გამოვლენისთვის.