მარტი ქალთა თვეა: ადრეული განვითარების სპეციალისტი ნინო გულიაშვილი პორტიჯის ასოციაციისა და სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ
7. მარტი 2025 სიახლეები

მარტი ქალთა თვეა: ადრეული განვითარების სპეციალისტი ნინო გულიაშვილი პორტიჯის ასოციაციისა და სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ

ქალთა მსოფლიო დღის აღნიშვნისას არ უნდა დაგვავიწყდეს ის რეალობა, რომლის წინაშეც საქართველოში მცხოვრები ქალები დგანან. ჩვენს ქვეყანაში ქალებს ყოველდღიურად უამრავი გამოწვევების გადალახვა უწევთ, რაც გამოწვეულია გენდერული უთანასწორობით, საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმებით, საზიანო ტრადიციებითა და სისტემურ დონეზე არსებული პრობლემებით. მიუხედავად ამისა, თითოეული ჩვენგანი ხედავს მრავალი ძლიერი ქალის მაგალითს, რომელიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ უშინდება სირთულეებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაამსხვრიოს სტერეოტიპები, სათანადო ადგილი დაიკავოს საზოგადოებაში და ამ გზით ხელი შეუწყოს ამა თუ იმ სფეროს განვითარებას.

პორტიჯის როლი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მხარდაჭერაში

მარტი ქალთა თვეა და წელს სწორედ იმ ქალების შესახებ გვინდა გიამბოთ, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ საზოგადოების განვითარებაში. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს პორტიჯის ასოციაციის დირექტორი, ამავე ორგანიზაციის ადრეული განვითარების პროგრამის სუპერვიზორი, ადრეული განვითარების სპეციალისტი და ოკუპაციური თერაპევტი, ნინო გულიაშვილია.

Nino Guliashvili

პორტიჯი 2006 წელს დაარსდა და იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც დაიწყო ადრეული ინტერვენციის პროგრამის განხორციელება საქართველოში. პორტიჯის მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა, გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა. ადრეული განვითარების პროგრამის გარდა, პორტიჯი გვთავაზობს სხვადასხვა სერვისს, მათ შორის კომანიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიას, დენვერის ადრეული ჩარევის თერაპიას, აკადემიური უნარების თერაპიას, არტთერაპიასა და ქცევით თერაპიას.

ნინო უკვე ორი წელია პორტიჯის დირექტორია, ხოლო ორგანიზაცია მესამე წელია დამოუკიდებლად, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის გარეშე, აგრძელებს არსებობას:

„ეს დიდი გამოწვევა იყო, როგორც ჩემთვის, ისე აქ მომუშავე სპეციალისტებისთვის, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი და მოტივირებული გუნდის წყალობით, თავს კარგად ვართმევთ გამოწვევებს. მე, როგორც პორტიჯის ხელმძღვანელი და პრაქტიკოსი სპეციალისტი, მუდმივად ვფიქრობ და ვცდილობ, მშობლების/ოჯახების თვალით შევხედო ორგანიზაციის მუშაობას, რათა დროულად აღმოვაჩინო ის საკითხები, რაშიც ჩვენს გუნდს ოჯახების მხარდაჭერა შეუძლია. ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა, ოჯახების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და მშობლების ემოციური მხარდაჭერა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ჩვენი ორგანიზაციისთვის“.

ნინო გვიამბობს, რომ მის სფეროში საკმაოდ ბევრი ქალია დასაქმებული, რომელთაც მუდმივი კომუნიკაცია აქვთ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ოჯახებთან. მისი თქმით, ყველა მშობელს გარკვეული მოლოდინები და სურვილები აქვს საკუთარი შვილის მიმართ, რა დროსაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული ბავშვი ცალკე ინდივიდია თავისი შესაძლებლობებითა და ინტერესებით:

1I8A0390

„შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვისაც გვიწევს პირველ ეტაპზე მშობლის ემოციური მხარდაჭერა და ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა. ჩვენი ვალდებულებაა სწორად დავუჭიროთ მხარი, როგორც ბავშვს, ისე მის მშობლებს. ასევე, გადაკვეთა გვაქვს ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანებთანაც, რომლებსაც არც თუ სახარბიელო პირობებში უწევთ მუშაობა, ამიტომაც, ხშირად ჩვენს სფეროში დასაქმებული ადამიანები ემოციური გადაწვის ზღვარზე ვართ. სამწუხაროდ, ამ საკითხში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არიან ჩართულები“.

სფეროში მომუშავე ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევები

ნინო გვიამბობს, რომ სფეროში მომუშავე ადამიანები, რომელთა დიდი წილი ქალია, უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან, რაც, ბუნებრივია მათ ემოციურ მდგომარეობაზეც აისახება. მისი თქმით, დიდი გამოწვევა სამედიცინო დაზღვევის არარსებობაა, ასევე დეკრეტული შვებულების ანაზღაურების პრობლება და ანაზღაურებადი შვებულების არარსებობა. სფეროში დასაქმებული ადამინების ანაზღაურება საათობრივი დატვირთვით არის, რაც ფინანსურად არასტაბილურ პირობებს ქმნის:

„მხოლოდ სპეციალისტი ხომ არ ვარ? ვარ მეუღლე, დედა, სპეციალისტი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ყველა როლში მყოფს, მჭირდება ემოციური სტაბილურობა, ამას ემატება ფინანსური საკითხები, რაც უმნიშველოვანებია ჩვენი კეთილდღეობისთვის“.

მიუხედავად ემოციური და ფინანსური გამოწვევებისა, ნინო არ წყვეტს მიზნისკენ სვლას, რადგან უყვარს თავისი საქმე, არის მოტივირებული და სჯერა ახალი პერსპექტივების, აღმოჩენებისა და იდეების. ამასთან, ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და პოზიტიური კომუნიკაცია, რაც ეხმარება გამოწვევებთან გამკლავებაში:

„ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან მიმართლებს ადამიანებში, ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემ გვერდით მყავდა ის ადამიანები, რომლებიც იმ ეტაპზე მჭირდებოდნენ. ჩემი მშობლები, რომლებმაც მომცეს ლაღი ბავშვობა და მასწავლეს ადამიანების უანგარო სიყვარული. ჩემი მეუღლე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამინია ჩემს ცხოვრებაში — ის არის საუკეთესო ემოციური მხარდამჭერი და მრჩეველი, ჩვენ ვინაწილებთ პასუხისმგებლობებს და ერთად ვქმნით თანასწორ გარემოს ოჯახში. ჩემი შვილები, რომლებთან ერთადაც დღემდე ვსწავლობ და ვვითარდები. ადამიანები, რომლებიც, ძალიან დამეხმარნენ, როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვთარებაში. არ შემიძლია, არ ავღნიშნო პორტიჯის დამფუძნებელი ნინო ცინცაძე, რომელმაც შექმნა და შეკრიბა პორტიჯის ძალიან კომპეტენტური გუნდი, ახლა კი მე მიწევს ამ საოცარ სპეციალისტებთან ერთად საერთო მიზნისკენ სვლა, რაც ზუსტად ვიცი, რომ გამოგვივა.“

რასთან ასოცირდება ნინოსთვის ქალთა საერთაშორისო დღე

ნინო თქმით, მის სფეროში მუშაობენ ქალები, რომლებიც ზრუნავენ, როგორც ადრეული, ისე ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ჩვენ ქვეყანაში. ეს ადამიანები შრომობენ ბევრს და სხვებს აძლევენ მაგალითს, თუ როგორ უნდა იზრუნო საზოგადოებაზე, როგორ უნდა დაიჯერო საკუთარი შესაძლებლობების და რაც მთავარია, როგორ უნდა ვიზრუნოთ ერთად უკეთესი მომავლისთვის — მომავლისთვის, რომელშიც პრიორიტეტია განათლება და მუდმივი განვითარების სურვილი:

„რას ნიშნავს ქალთა დღე ჩემთვის? გულწრფელად, რომ გითხრათ, იმ ქვეყანაში სადაც დღემდე, ბიჭი შვილის შეძენა მეტად უხარიათ უამრავ ოჯახში, ვიდრე გოგოსი, ცოტა ტრაფარეტული მგონია ამ დღის აღნიშვნა. მხოლოდ ამ დღის გამოყოფით, მილოცვით ან ყვავილის ჩუქებით, ვერ იფარება ის დიდი პრობლემები, რაც ქალების წინაშე დგას ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, საქართველოში ქალთა მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობა და ჩაგვრა ნორმალიზებულია."

ჩვენს კითხვაზე, რა ცვლილებების ხილვას ისურვებდა თავის სფეროში და, ზოგადად, ქვეყანაში ქალებისთვის, ნინო ასე გვპასუხობს:

„ყველა ის გამოწვევა, რაც ჩვენს სფეროში გვაქვს, საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობას და ინიციატივების გამოჩენას. ვისურვებდი, სოციალური დაცვის და ზრუნვის ეფექტიან სახელმწიფო სისტემას. ვისურვებდი მეტ პროექტს და კამპანიას ცნობიერების ამაღლებისთვის, რომელიც მიმართული იქნება თანასწორობისკენ და სოციალური სამართლიანობისკენ. ვისურვებდი დაფასდეს დიასახლისების შრომა საზოგადეობაში. ვისურვებდი ბევრ მზრუნველ მამას, რომელიც საკუთარი ქმედებით და ყოველდღიური ცხოვრებით, აჩვენებს შვილებს ქალის პატივისცემას, ზრუნვას და მხარდაჭერას. ვფიქრობ, სწორედ მსგავსი ტიპის აღზრდა და გარემოში ცხოვრება შეცვლის იმ ძველ და საშიშ დამოკიდებულებებს, რაც ჩვენს საზოგადოებაშია გავრცელებული“.


ნინო გულიაშვილი ჩართულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ პროექტში "ბავშვთა ადრეული ინტერვენციის და ინკლუზიური განათლების გაუმჯობესება საქართველოში", რითაც წვლილი შეაქვს, როგორც ამ სფეროს განვითარებასა და სპეციალისტების მხარდაჭერაში, ისე უამრავი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის უკეთეს მომავალში.